საქართველოს ტურიზმის განვითარების პოტენციალი (III ნაწილი)

ტურისტულ ბაზარზე ფუნქციონირებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ტურისტული პროდუქტის სპეციფიკურობა. იგი სხვა პროდუქტებისგან გარკვეული თვისებებით გამოირჩევა, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რათა წარმატებას მივაღწიოთ კონკურენტულ გარემოში.

ტურისტული პროდუქტი არის დანიშნულების ადგილზე მისი გამოყენებისა და წარმოების ერთობლიობა. ტურისტული პროდუქტი ძირითადად მომსახურების ტიპისაა, რაც, ცოტა არ იყო ართულებს სიტუაციას მომხმარებლებისა და მომსახურე პერსონალის ინდივიდუალიზმიდან გამომდინარე.

ტურიზმის მომსახურება გამოირჩევა სხვადასხვა მახასიათებლებით.

უპირველეს ყოვლისა, ტურიზმის მომსახურება არამატერიალურია (წარმოსახვითია). საერთაშორისო ვაჭრობისა და საგადასახდელო ბალანსის ტერმინოლოგიით, შემოყვანისა და გაყვანის ტურიზმი – უხილავი ექსპორტ – იმპორტია.

ტურიზმის მომსახურების მეორე მნიშვნელოვანი მახასიათებელია – განუყოფლობა. წარმოებას და მოხმარებას ადგილი აქვს მწარმოებლის ტერიტორიაზე და არა ტურისტის სახლში. შედეგად, ტურიზმის მიმწოდებლის პერსონალს გარკვეული კონტაქტი აქვს მომხმარებელთან და განიხილება ტურისტების მიერ, როგორც მომსახურების პროდუქტის განუყოფელი ასპექტი.

ტურისტული პროდუქტი „მალფუჭებადია“. შეუძლებელია სასტუმროს ნომრების „დასაწყობება“ არასრული დატვირთვის დროს. თუმცა, წარმადობის მენეჯმენტისა და ფასების დიფერენციაციის მეშვეობით შეგვიძლია მაქსიამლურად უზრუნველვყოთ სასტუმროს 100-90%-ით დატვირთვა.

ტურიზმზე მოთხოვნა სეზონურია.წლის განმავლობაში არის კვირები და თვეები, როდესაც პროდუქტზე მოთხოვნა დიდია და პერიოდები, როდესაც მასზე მოთხოვნა მცირეა. სეზონურობას ძირითადად იწვევს კლიმატი, სასწავლო არდადეგები და შვებულებები. რა თქმა უნდა, ამას თავისი უარყოფითი ეფექტები ახლავს. პირველ რიგში, ტურისტული ადგილის მაქსიმალური დატვირთვის დროს, შესაძლოა მოხდეს ჭარბი მოთხოვნა, გადაიტვირთოს ადგილი და ვეღარ მოხერხდეს პროდუქტის მომხმარებლისთვის მიწოდება. ეს გამოიწვევს რესურსების ფუჭ მოცდენას და უკმაყოფილო მომხმარებელს. სეზონურობა იწვევს უმუშევრობასაც.

არასეზონურ პერიოდში გარკვეული ტიპის პერსონალზე იკლებს მოთხოვნა და ეს ადამიანები რჩებიან დაუსაქმებლები. ამ პრობლების აღმოსაფხვრელად, ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა, შეცვალა არდადეგებისა და შვებულებების სისტემა. არდადეგებისა და შვებულებების დღეების რაოდენობა შეძლებისდაგვარად გადანაწილდა წლის პერიოდზე ( 4-4 არდადეგები/შვებულება დროის მცირე მონაკვეთებით). ამ ნაბიჯით ჩინეთმა მოაგვარა ჩინეთის დიდ კედელზე არსებული რიგების პრობლემა და რესურსების ფუჭად მოცდენა.

ზემოთ ჩამოთვლილი თვისებებიდან გამომდინარე, ერთი შეხედვით, შეიძლება შეგვექმნას შთაბეჭდილება, რომ ტურისტული პროდუქტის წარმოება საკმაოდ რთული პროცესია და არ ღირს მასზე დროის, ადამიანური კაპიტალისა და ფინანსური რესურსები მოცდენა. თუმცა ეს ასე არ არის. ტურისტულ პროდუქტს, სხვა სექტორებისგან განსხვავებით, ნაკლები დანახარჯები სჭირდება წარმოებისთვის. მაგალითად, ბევრი ბუნებრივი სანახაობა უფასო საქონელია, ან საჭიროებს მხოლოდ მცირე ინვესტიციას, რათა გახდეს ოპერირებადი; ასევე კულტურულ სანახაობათა უმეტესობა, როგორებიცაა მონასტრები, ციხე-სიმაგრეები და მუზეუმები აშენებულია არა ტურისტული მიზნებისათვის და მხოლოდ შემდგმში იქცა ტურისტულ სანახაობად.

ტურიზმის სექტორს სჭირდება აეროპორტები, რკინიგზა, საავტომობილო გზები, საბაგირო გზები, საკრუიზო გზები, ყველა ესენი საკმაოდ დიდ ინვესტიციას მოითხოვს, თუმცა მათი უმეტესობა ემსახურება არა მარტო ტურიზმის სექტორს, არამედ ეროვნული ეკონომიკის სხვა სფეროებსაც.

სახელმწიფო თანაბრადორიენტირებული უნდა იყოს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურიზმზე. სამწუხაროდ, საქართველოს, და არა მარტო საქართველოს, ზოგადად, ტურისმის სექტორს, ახასიათებს უარყოფითი მაჩვენებელი, რაც განპირობებულია შემდეგი პარადოქსით: თუ რეზიდენტის შემოსავალი იზრდება პირობითად 1%-ით, მაშინ მისი მოთხოვნა გაყვანის ტურიზმზე იზრდება 1,5%-ით, რაც საკმაოდ უარყოფითი მაჩვენებელია. რეზიდენტების მიერ ხდება ეროვნული ვალუტის ქვეყნიდან გადინება, რაც უარყოფითად აისახება მთლიანად ეკონომიკასა და ქვეყნის კეთილდღეობაზე. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო უნდა ცდილობდეს შიდა ტურიზმის განვითარებას, რათა რეზიდენტებისთვის თავიანთი სამშობლო მიმზიდველი ტურისტული ადგილი გახდეს და დისკრეციული შემოსავლები ადგილობრივ მომსახურებაში გადაიხადოს.

ტურიზმის სფეროში მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბაზარზე გამყარებული პოზიცია, რათა მოვიზიდოთ უცხოელი მომხმარებელი.  საქართველო, თავისი ტურისტული პოტენციალის გამოყენებას, მე-20 საუკუნეში, უფრო ზუსტად, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წლებიდან იწყებს. ამ პერიოდიდან დღემდე ჩვენს ქვეყანაში ხშირად იქმნებოდა პოლიტიკურად არამდგრადი სიტუაცია, რაც პირდაპირ აისახება უცხოელ მომხმარებელზე, რომელიც ტურისტული პაკეტის შერჩევისას პირველ რიგში ტურისტული დანიშნულების ადგილისგან უსაფრთხოებასა და პოლიტიკურ მდგრადობას ითხოვს. ობიექტურად უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ტურისტული პოტენციალი ჯერ-ჯერობით კარგად არ არის ცნობილი ევროპისა და ამერიკის კონტინენტზე.

თავდაპირველად, საქარელოს სტუმრები კავკასიელი ტურისტები იყვნენ, რომელთათვისაც მეტ-ნაკლებად ცნობილი იყო საქართველო. ბოლო პერიოდში მდგომარეობა ნელ-ნელა იცვლება და ტურისტული ნაკადები ევროპიდანაც იწყებს შემოსვლას. მომხმარებლის ტიპის ცვლილება, ასევე ახალი პერიოდი ჩვენი ქვეყნის მხრიდან კარგკვეულ ცვლილებებს მოითხოვს. ეს ცვლილებები ეხება ძირითადად უსაფრთხოებას (როგორც გარემოსი ასევე შენობების), თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას (განს. სასტუმროს სექტორში) და რაც მთავარია, მომსახურე პერსონალის გადამზადებას. ბოლო ფაქტორი ტურზმის ბუნებიდან გამომდინარე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა, სწორედ ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე პერსონალი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის კულტურასა და ტურიზმის წარმოების დონეს. აუცილებელია ტურისტული დანიშნულების ადგილების, სასტუმროს, კვების ობიექტებისა და სხვა ადგილებში მომუშავე პერსონალების ინფორმირება/გადამზადება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, რათა მათ შეძლონ უპასუხონ მომხმარებლების თანამედროვე მოთხოვნებს.

საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე წარმოდგენილი სასტუმროები და ტურ-ოპერატორები იყენებენ დაჯავშნის თანამედროვე სისტემას. ეს სისტემა მოსახერხებელია როგორც მომხმარებლისთვის, ისე მიმწოდებლისთვის, რათა ხდება დროის დაზოგვა და დაჯავშნის შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა. უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში წამყვან სასტუმროებსა და ტურ-ოპერატორულ ორგანიზაციებში ეს სისტემები დანერგილია და წარმატებით ხორციელდება მათი გამოყენება. კომფორტამდე ტურისტისთვის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოებას. ქვეყანა ტურისტს უნდა უქმნიდეს უსაფრთხოების განცდას. ამისთვის სახელწიფოში გამართულად უნდა მუშაობდეს შესაბამისი ორგანოები, გარდა ამისა, ტურისტული პროდუქტის გაყიდვისას, მწარმოებელი გარკვეულ გარანტიას უნდა სთავაზობდეს მომხმარებელს, რათა დადაებითი განწყობა შეუქმნას მას.

საქართველოში როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორები და კომპანიები მუდმივად უნდა ცდილობდნენ ტურიზმის სექტორის სტიმულირებას ინვესტიციების ჩადებისა და სხვადასხვა ღონისძიებებით მხარის დაჭერის გზით. ტურიზმი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეკონომიკის უდიდესი ნაწილია. ამის მიზეზი კი ის დადებითი შედეგებია, რაც ტურიზმის ზრდას მოჰყვება. ეს გახლავთ, პირველ რიგში, სახელმწიფო შემოსავლების ზრდა. სახელწიფომ, ტურიზმის მხარდაჭერისთვის, სწორად უნდა მიიღოს ისეთი რეგულაციები, რომლებიც უკავშირდება მაგალითად, სავიზო რეჟიმს, საბაჟო გადასახადს. საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლება იქ, სადაც პროდუქტზე მოთხოვნა მაღალია, დამატებითი სტიმული ხდება მომხმარბლისთვის პროდუქტით სარგებლობისათვის.

ამის კარგი მაგალითია მიმოსვლა დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის, ან სპეციალური მოგზაურობები ბაჟისგან გათავისუფლებულ პორტ ჰონკ-კონგში, ანდა დუბაისა და ანდორაში. ბევრი ტურისტი ახლო აღმოსავლეთის გავლით მგზავრობისას ირჩვს თვითმფრინავებს, რომლებიც ჩერდებიან დუბაიში, ვინაიდან იქ ბაჟისაგან გათავისუფლებული საქონელი ძალიან იაფია. სახელმწიფო ასევე აქტიურად უნდა ახალისებდეს სხვადასხვა გრანტებით საწარმოებსა და ინვესტორებს, რათა მათ აწარმოონ ტურისტული პროდუქტი და, რაც მთავარია, ეს წარმოება არ უქმნიდეს საფრთხეს ეკოლოგიასა და საზოგადოების უსაფრთხოებას.

ტურიზმის სექტორს თავისთავად უარყოფითი მხარეებიც გააჩნია.  მაგალითად, უცხოური კაპიტალის შემოდინება ტურიზმში ( სასტუმროების გასხნა: რედისონი, ჰოლიდეი ინ) იწვევს შემოსავლების გადინებას ქვეყნიდან. თუმცა, უცოურ ინვესტიციას თავისი დადებითი მხარეებიც აქვს, მაგალითად, მოსახლეობის დასაქმება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ტურისტთა დიდი რაოდენობა ხშირ შემთხვევაში აზიანებს ბუნებას, ისტორიულ ძეგლებსა თუ ეკოლოგიას. ზოგჯერ, ტურისტთა დიდი ნაკადების გამო, მენეჯერები ვერ უზრუნველყოფენ ტურისტული პროდუქტის სათანადო დაცვას, რის გამოც ხდება მისი დაბინძურება (ყველაზე ხშირად), დაზიანება, რაც საკმაოდ უარყოფითი ეფექტია ჩვენი ქვეყნის ფასეულობებიდან გამომდინარე.

შეგვიძლია დავაკვნათ, რომ საქართველოს ტურისტული პოტენციალი საკმაოდ დიდია. ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის საჭიროა ამ პოტენციალის სწორად გამოყენება. რაც შეეხება ტურიზმის სექტორის უარყოფით ეფექტებს ვფიქრობ, რომ განათლებით, მენეჯმენტით, სწორი გადაწყვეტილებების მიღებითა და საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ზრუნვით, შესაძლებელია ისეთი სარგებლის მიღბა, რომელიც არა მხოლოდ გადაფარავს უარყოფით ეფექტებს, არამედ, საშუალებას მოგვცემს, უზრუნველვყოთ მათი უმეტესობის არარსებობა და ამით ტურიზმის სექტორი გავხადოთ ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მოწინავე დარგი.

იხილეთ:  საქართველოს ტურიზმის განვითარების პოტენციალი (II ნაწილი)
და  საქართველოს ტურიზმის განვითარების პოტენციალი (I ნაწილი)

გამოყენებული ლიტერატურა: ”ტურიზმის ეკონომიკა”, ავტ. მაია მარგველაშვილი; ინტერნეტი.

ავტორი: მარიამ ტაკაშვილი

ტელ: 598-65-95-45
e-mail: takashvilimariami@gmail.com

თქვენი რეკლამა