საქართველოს ღვინის კლუბის ახალი ციკლი-ღვინის პორტრეტები-ვანო შიუკაშვილი

245 Views Comment Off

«საქართველოს ღვინის კლუბი» მკითხველს ახალ ციკლს სთავაზობს – «ღვინის პორტრეტები», სადაც  კვირაში ერთხელ გაგაცნობთ საინტერესო ადამიანებს, მათ, ვინც თანამედროვე ქართული ღვინის სახეს და სტილს ქმნიან. აქ შეხვდებით დიდი კომპანიების, მცირე თუ საოჯახო მარნების მევენახე–მეღვინეებს, სხვადასხვა თაობის პროფესიონალებს, რომელთა საქმიანობაც მაგალითი შეიძლება გახდეს ამ სფეროში საქმიანობით დაინტერესებული ადამიანებისთვის. ვანო შიუკაშვილი პირველი მეღვინეა, რომელსაც ამ რუბრიკით გაეცნობით.

ვანო შიუკაშვილი წარმოშობით კახელია, სოფელ წინანდლიდან. ის 1990 წელს დაიბადა, ესე იგი, 24 წლისაა და, თუ არ ვცდები, ყველაზე ახალგაზრდა მეღვინეა მათ შორის, ვინც დღესდღეობით ღვინის დიდ კომპანიებში წამყვან პოზიციას იკავებს. დღეს ის წარმოადგენს კორპორაცია ქინძმარაულს, რომლის მთავარი მეღვინეა, უკვე ორი წელია.

კახეთში, განსაკუთრებით კი — წინანდალში დაბადებული და აღზრდილი ადამიანისთვის ღვინო, გარკვეულწილად, იკვეთება ოჯახურ ტრადიციებთან. გარდა ამისა, ვანოს ოჯახის წევრები ღვინის სხვადასხვა კომპანიებში მუშაობდნენ და მისთვის ბავშვობიდან ბუნებრივი იყო გარემო, სადაც ღვინოსა და მეღვინეობაზე საუბრობენ. პირველი ანაზღაურებული შრომაც ღვინოს უკავშირდება — პატარაობაში, ზაფხულის არდადეგებზე, ხანდახან დედამისის სამსახურში მუშებს ეხმარებოდა და მცირე გასამრჯელოსაც იღებდა ხოლმე.  მაგრამ ვანოს მეღვინე არავინ ჰყოლია. ამ სფეროში მან დამოუკიდებლად გაიკვალა გზა.

როგორც ყველა წარმატებულ ამბავში, ვანოს ცხოვრებაშიც, ჩნდება დადებითი გმირი, სწორედ იმ დროს, როცა მას პროფესიის არჩევის საპასუხისმგებლო მომენტი დაუდგა. ეს გმირია გეორგ ბინდერი — გერმანიის ქალაქ ნოიშტადტის მევენახეობა-მეღვინეობის კვლევისა და საკონსულტაციო ცენტრის მეღვინეობის განყოფილების უფროსი, რომელიც იმხანად საქართველოს სტუმრობდა. მეღვინეობით დაინტერესებული ახალგაზრდა, მოტივირებული ბიჭის ცხოვრების სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრაში გეორგ ბინდერმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. ეს შემთხვევა იმ „შეხვედრათა“ რიცხვიდანაა, რომელიც ადამიანის ცხოვრებას თავდაყირა (ან — პირიქით, ყველაფერს თავის ადგილზე) დააყენებს.  2007 წელს, მისი დახმარებით, ვანომ  ნოიშტადტის მებაღეობა-მევენახეობის ინსტისტუტში, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე ჩააბარა.

ვანოს, რომელიც თავიდან გერმანულ ენას სათანადოდ კარგად არ ფლობდა და სწავლის პირველ პერიოდში ძალიან ბევრ სირთულესთან შებმა უწევდა, გეორგ ბინდერი ღირსეულ მეურვეობას უწევდა, ის არამხოლოდ აკადემიური წარმატების მიღწევაში, არამედ ბევრი ყოფითი პრობლემის მოგვარებაშიც ეხმარებოდა. შორეული ქვეყნიდან ჩამოსულ ვანოს ჯგუფელებიც ძალიან უწყობდნენ ხელს. მათი უმეტესობა ადგილობრივ მეღვინეთა ოჯახებიდან იყვნენ და უშურველად უზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას. ამგვარ კონკურენტულ გარემოში ჩვენს გმირს არ გაუჭირდა წარმატების მიღწევა და სწავლის დასრულებამდე გამორჩეული იყო მაღალი აკადემიური მიღწევებით. 2010 წელს მან ინსტიტუტში სწავლა დაამთავრა მევენახე-მეღვინის კვალიფიკაციით.

გერმანიაში მან, გარდა თეორიული ცოდნისა, ღვინის სხვადასხვა საწარმოებსა და მეურნეობებში დიდი პრაქტიკული გამოცდილებაც დააგროვა. სხვადასხვა დროს მევენახეობა-მეღვინეობის პრაქტიკულ სწავლებებს გადიოდა და მუშაობდა გერმანიასა და ავსტრიაში, სახელმწიფო და კერძო საწარმოებსა და მეურნეობებში: ქალაქ ნოიშტადტის ღვინის სახელმწიფო საწარმოს მარანსა და სანერგე და საცდელ მეურნეობებში, ასევე, Schäfer-ის ღვინის ქარხანაში; ავსტრიის ქალაქ კრემსში, Aigner-ის ღვინის საწარმოში.

2010 წელს ვანო საქართველოში დაბრუნდა და ერთდროულად შეუდგა  სწავლასა და მუშაობას. სწავლობდა საქართველოს აგრარულ და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტებში; გადიოდა პრაქტიკას კომპანია „Chateau Mukhran»-ში. დღეს კი თელავის უნივერსიტეტის მაგისტრანტია და გარდა იმისა, რომ „კორპორაცია ქინძმარაულის“ მთავარი მეღვინეა, არის გერმანიისა და საქართველოს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიების წევრი.

გერმანიის მეღვინეობის ტრადიციებს, იქაური განათლების, კვლევის, წარმოებისა და კონსულტირების მაღალ სტანდარტებს ვანო შიუკაშვილი დიდ პატივს სცემს. განსაკუთრებით ის შთაგონებულია პფალცის  გამოცდილებით, რასაც უშუალოდ გაეცნო. სოფელ მუსბახს (mussbach), სადაც ის ცხოვრობდა, აღწერს, როგორც ღვინის მიკროსამყაროს, სადაც თითოეული ოჯახი ვენახითა და ღვინით ცოცხლობს, არამხოლოდ ღირებულებრივად, არამედ — პრაქტიკულადაც, შემოსავლიანობის თვალსაზრისით. იქაური გამოცდილების გათვალისწინებით, ვანო დაინტერესებულია ქართულ სოფლებში კოოპერატივების ჩამოყალიბებით, რისი განხორციელებაც, მისი აზრით, ჯერჯერობით, გარკვეულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.

„მეღვინეობა ცხოვრების სტილია. მხოლოდ შემდეგ არის პროფესია. აქ მთავარია  სიახლეების მუდმივი ძიება და  უშუალო მონაწილეობა ღვინის დამზადების პროცესში. შენი ხელით შექმნა კარგი ღვინო, რომელიც შენ თვითონ მოგწონს — ეს არის მეღვინის მთავარი მიზანი და ფილოსოფია“. — ამბობს ვანო შიუკაშვილი — ახალგაზრდა ქართველი მეღვინე, რომლის უახლოესი გეგმები გერმანიაში სწავლისთვის ფინანსური რესურსების მოძიებაა, ხოლო შორეული პერსპექტივები საქართველოში საკუთარი წარმოების დაწყებასთანაა დაკავშირებული.

ქეთო ნინიძე

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
236 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3646 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB