საქართველო ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიაში წევრიანდება

საქართველო ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიაში (ICID – International Commission on Irrigation & Drainage) წევრიანდება.

საერთაშორისო აღმასრულებელმა საბჭომ (IEC), როგორც   ICID-ის  გადაწყვეტილების მიმღებმა უმაღლესმა ორგანომ, საქართველოს განაცხადი დაადასტურა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი პროცედურა  2018 წლის იანვრის ბოლომდე დასრულდება.

ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისიის 23-ე კონგრესზე „საქართველოს მელიორაციამ“, როგორც წევრობის კანდიდატმა,  დამსწრე საზოგადოებას საქართველოში მელიორაციის დარგში მიღწევებისა და გამოწვევბის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

ICID  კონგრესში გაწევრიანებით საქართველოსთვის  ხელმისაწვდომი გახდება  ICID- ის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ირიგაციისა და დრენაჟის სექტორში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებებს, ექსპერტებს, კვლევით ინსტიტუტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფერმერებს.

სხვადასხვა ქვეყანას  ირიგაციისა და დრენაჟის განვითარებისა და მართვის განსხვავებული ინსტიტუციური და საორგანიზაციო გამოცდილება გააჩნია. აქედან გამომდინარე, ICID-ის სხვადასხვა კონგრესში, სემინარში და სამუშაო ჯგუფში მონაწილეობით, საქართველოს შესაძლებლობა ექნება  სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის აუცილებელი ირიგაციისა და დრენაჟის საორგანიზაციო საკითხების გლობალურ პერსპექტივებს გაეცნოს.

ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისია (ICID – International Commission on Irrigation & Drainage) 1951 წლიდან სამ წელიწადში ერთხელ ორგანიზებას უწევს ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კონგრესის უმნიშვნელოვანესი  ღონისძიების ჩატარებას.

ამჟამად, ICID აერთიანებს 76 წევრ ქვეყანას აფრიკის, ამერიკის, აზიის, ოკეანეთისა და ევროპის მასშტაბით, რომელიც მოიცავს მსოფლიოს სარწყავი ტერიტორიების 95%-ს.

ირიგაციისა და დრენაჟის საერთაშორისო კომისია (ICID) არის წამყვანი სამეცნიერო, ტექნიკური, საერთაშორისო არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია,  დაკომპლექტებული მსოფლიოს წამყვანი ექსპერტებით ირიგაციის,  დრენაჟისა და წყალდიდობის მართვის საკითხებში.

თქვენი რეკლამა