ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია რუსთავის საბავშვო ბაღებში

ენერგოეფექტური

ქ. რუსთავში, სამი საბავშვო ბაღის წარმატებული ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია ენერგიის გამოყენებას 50 %-ით შეამცირებს.

მდგრადი განვითარების და პოლიტიკის ცენტრმა შემაჯამებელი კონფერენცია გამართა – „საქართველოს გამოცდილება ევროკავშირის ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების კუთხით“, სადაც მოხდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის  – „ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების მიზნით“ – შედეგების პრეზენტაცია.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, საქართველოს ენერგეტიკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები. ასევე,  ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტისა და „მერების შეთანხმების“ ხელმომწერი სხვა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების და ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„საქართველოში შენობები ძალიან არაეფექტურია ამ შენობების ასაკიდან და სამშენებლო სტანდარტებიდან გამომდინარე. ასევე, ახალი შენობებისთვის თანამედროვე ენერგო რეგულაციების ნაკლებობის გამო. შედეგად, ბევრი სახელმწიფო და კერძო შენობა საკმარისად არ თბება, რაც მთლიანობაში უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე, განათლებაზე, ეკონომიკურ მოღვაწეობაზე და ეკონომიკურ განვითარებაზე. აქ წარმოდგენილი პროექტი ამტკიცებს, რომ ახალი ინვესტიციები ენერგოეფექტურ შენობებში, მნიშვნელოვანია და ევროკავშირი მოხარულია იყოს ამ პროცესის მონაწილე“, – აღნიშნა ევროკავშირის დელეგაციის  პროექტების განყოფილების უფროსმა, ვინსენტ რეიმ.

SDAP ცენტრის დირექტორმა, კარინე მელიქიძემ წარმოადგინა განხორციელებული პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები, რაც საბავშვო ბაღების შენობების თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით და სისტემებით აღჭურვას ითვალისწინებდა, კერძოდ: ენერგოეფექტური კარ-ფანჯრების დამონტაჟებას თბოსაიზოლაციო ფირებით; ცენტრალური გათბობისა და ცხელი წყლის მომარაგების სისტემების მონტაჟს მზის კოლექტორებთან კომბინაციაში; მოდინებული-გამწოვი სავენტილაციო სისტემის  ფირფიტოვანი რეკუპერატორის დამონტაჟებას; ახალი ელექტროტექნიკური სისტემის მონტაჟს ლუმინისცენტური სანათებით; N6 და N40 საბავშვო ბაღების შენობების გარე კონსტრუქციების (კედლების, სახურავის, იატაკის, სარდაფის ჭერის)  თბოსაიზოლაციო ფილებით დათბუნებას. დათბუნების ტექნიკური დიზაინი შემუშავდა  ევროკავშირის  ETICS-ის ინსტრუქციის მიხედვით.

ქ. რუსთავის N6, N40 და N41 საბავშვო ბაღების ენერგოეფექტური რეკონსტრუქცია დაეხმარება ადგილობრივ ხელისუფლებას გაზარდოს ენერგო უსაფრთხოება, შეამციროს ენერგიის მოხმარება და ემისიების გამოყოფა.

აღნიშნული ბაღების ენერგოეფექტური რეაბილიტაცია 50 %-ით შეამცირებს ენერგომოხმარებას და  CO2 ემისიების გამოყოფას.

პროექტი განხორციელდა 2015-2017 წლებში. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა 808 765 ევროს (2.4 მილიონი ლარი), ევროკავშირის წილი – 646 527 ევრო (1.9 მილიონი ლარი), რუსთავის მუნიციპალიტეტის წილი – 162 236 ევრო (500, 000 ლარი).

პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის მერების შეთანხმების „სადემონსტრაციო პროექტების“ ფარგლებში.

თქვენი რეკლამა