როგორ აქცია ახალგაზრდა ფერმერმა ოჯახური ტრადიცია ბიზნესად

721 Views

მევენახეობა — მეღვინეობა ერთ — ერთი უპირველესი დარგია, რომლითაც საქართველო მსოფლიომ გაიცნო. 8000 წლიანი კულტურა საფუძველს ოჯახის კერიდან იღებს. დღეს სწორედ ასეთ ფერმერს, ახალგაზრდა ივერი ბერიძეს გაგაცნობთ, რომელიც მამა — პაპის მრავალწლიან ისტორიას აგრძელებს აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარჯანისში.

„მრავალი წლის განმავლობაში ჩვენმა ოჯახმა  განავითარა მეღვინეობის ტრადიციები. ჩემმა ბაბუამ, ზურაბ ბერიძემ, გასული საუკუნის 60-იან წლებში,  მოაწყო მარანი და დაიწყო ღვინის ქვევრში დაყენება. ჩვენი მიწის ნაკვეთში ნაპოვნია ძველი ქვევრები, რაც მიანიშნებს, რომ აქ  ვაზის კულტურა  უხსოვარი დროიდან არსებობდა.“ — გვიყვება ივერი.

ამჟამად მაღალი ხარისხის  საოჯახო ცოლიკოურის, ჩხავერის და საწურის ბიო    ღვინოს აწარმოებს ,,ივერის ვენახების“ სახელწოდებით, ღვინის მცირე საწარმოში, ბოთლში ჩამოსხმით.

აჭარისწყლის ხეობაში, ვარჯანისში, როგორც ივერი ამბობს, ყურძნის წარმოებისთვის უნიკალური პირობებია — მზის მაღალი ინტენსივობა, რელიეფის, მიკროკლიმატისა და ნიადაგის ერთობლიობა.

მთავარი რესურსები — სურვილი და ნაყოფიერი მიწა უკვე იყო, საჭირო ტექნიკა — ინვენტარისა და აგროტექნოლოგიური აღჭურვილობისთვის ივერიმ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებს მიმართა, მათ შორის, „მდგრადი სოფლის მეურნეობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში -ENPARD აჭარა“ — შეიძინა ღვინის მცირე საწარმო ბოთლებში ჩამოსხმით და ამის პარალელურად, ჩამოაყალიბა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ,,ივერის ვენახების“ სახელწოდებით.

ერთ ჰექტრამდე  მიწის ნაკვეთზე გააშენა  ცოლიკოურის,  ჩხავერისა და საწურის   ვენახები,  ასევე, მცირე რაოდენობით 10-ზე მეტი დასახელების ვაზის ენდემური ჯიში.

ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ყალიბდებოდა როგორც ივერი, ასევე ზრდიდა და ავითარებდა „ივერის ვენახებს“ და დღეს უკვე წარმატებულ კომპანიად აქცია, რომელიც არაერთი ჯილდოს მფლობელი გახდა, მათ შორის, ,,ოჯახში დამზადებული ღვინის VII ფესტივალის“  გამარჯვებული ნომინაციაში — ,,საუკეთესო ზვრები“ 2014 წელს და ,,დამწყები მეღვინე“ 2015 წელს.

მან ასევე მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენებში (RAW WINE Fair 2017): „ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენებში (RAW WINE Fair 2017) მონაწილეობამ   დაგვარწმუნა, რომ ჩვენი საოჯახო მეღვინეობა სწორი გზით ვითარდება და ბევრი რამ კიდევ უნდა გავაუმჯობესო.“ — ამბობს ივერი ბერიძე.

თუ რომელი ჯიშების ხილვა შეიძლება „ივერის ვენახებში“, ახალგაზრდა მეღვინე შემდეგს მოგვახსენებს: „უნიკალური ღვინის წარმოება შეუძლებელია მაღალი ხარისხის ყურძნის გარეშე, ამიტომაც, მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებისთვის ვიყენებ თანამედროვე ტექნოლოგიებს. ძირითადად გავაშენეთ ცოლიკოური და ჩხავერი, ასევე მცირე  ფართობზე გავაშენე  აჭარაში გავრცელებული ვაზი  — საწური. ვაზის ფორმირება მოვახდინე ,,ომბრელას“  ფორმით,  რომელიც ხელით სამუშაოს მნიშვნელოვნად ამცირებს.“

ივერის თქმით,  ცოლიკოურის ყურძნისგან დამზადებული თეთრი მშრალი ღვინო მოთხოვნადია, მაგრამ მეტად პოპულარულია ჩხავერის ყურძნისგან დამზადებული თეთრი და ვარდიფერი, მშრალი ღვინო.

რაც შეეხება ღვინის დაყენების ტექნიკას, ძირითადად, ევროპული ტექნოლოგიით აყენებს, ასევე, დურდოზე მცირე დროით ერთ კვირამდე დაყოვნებით. როგორც ივერი ბერიძე გვიხსნის, ამ დროს ღვინო ტანინებით ზომიერად გაჯერებული ხდება. აღნიშნული ტექნოლოგიით, ამჟამად, ცოლიკოურის თეთრ, მშრალ ღვინოსა და ჩხავერის ვარდისფერ, მშრალ ღვინოს აყენებს.

მინდა ყურადღება გავამახვილოთ, რომ „ივერის ვენახები“ ბიო ღვინოს აწარმოებს და სწორედ ამ უპირატესობით სურს საექსპოტო პოტენციალის გაზრდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომპანიამ უკვე მიიღო მონაწილეობა ამერიკაში გამართულ ბიო ღვინოების გამოფენაში, წელს კი ამერიკის ბაზარს ცოლიკოური, 2016 წლის მოსავალი მიაწოდა, რა თქმა უნდა, მცირე ნაწილის დაფარვით და ბაზრის შესწავლის მიზნით. უახლოეს პერიოდში კი ივერი აპირებს თავისი პროდუქტი ევროპაში გამართულ ღვინის საერთაშორისო გამოფენებზე წარადგინოს.

საქართველოში გაყიდვების გაზრდის მთავარ და მნიშვნელოვან ფაქტორად კი ღვინის ტურიზმის ჩამოყალიბებასა და განვითარებას ასახელებს. ივერის თქმით, ღვინით დაინტერესებული ტურისტების რიცხვის ზრდა თავისთავად ღვინოზე ზრდის მოთხოვნას, ამიტომ, გეგმავს, 2018 წლისთვის, „ივერის ვენახები“ ბათუმის ბრენდირებულ, პოპულარულ სასტუმროებსა და ღვინის ბარებს მიაწოდოს.

როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ჩვენს ახალგაზრდა მეღვინეს დიდი შრომა აქვს გაწეული  და სამომავლოდ კიდევ უფრო დიდი გეგმები დაუსახავს. წარმატებისკენ მიმავალი გზა კი მარტივი რომ არ არის ეს კარგად ვიცით. დარგში არსებული ხარვეზების შესახებ ივერი შემდეგს ამბობს: „ძალიან საამაყოა, რომ  ჩვენი ქვეყანა ღვინის სამშობლოდ იქნა აღიარებული. ეს დიდ პასუხისმგებლობასაც გვაკისრებს.  უდავოა,  ღვინის ექსპორტი იზრდება, მაგრამ მცირე მარნებისა და ოჯახში დამზადებული ღვინის რეალიზაციას ქვეყნის შიდა ბაზარზე უფრო მეტად უნდა შეეწყოს  ხელი.“

რაც შეეხება სახელმწიფო ჩართულობას, ივერი ხაზს უსვამს სახელმწიფოს მიერ საექსპორტო ბაზარზე ხელშეწყობას და ასევე, რეკომენდაციის სახით მცირე მარნებზე აქცენტის გაკეთებას ასახელებს: „ღვინის ექსპორტის დროს საკუთარ თავზე გამოვცადე რამდენად დაინტერესებულია და ხელს უწყობს სახელმწიფო ექსპორტთან დაკავშირებული ფორმალობების მოგვარებას.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს“ მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს მცირე მარნების განვითარებისთვის, ტექნიკური აღჭურვილობით დაწყებული ღვინის რეალიზაციით დამთავრებული. მომხმარებლებისთვის უფრო პოპულარული უნდა გახდეს მცირე მარნების ხარისხიანი ღვინო.“

ავტორი: მარიამ ტაკაშვილი /მომავლის ფერმერი/

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ბაღების თანადაფინანსება — კულტურები, რეგიონები, პირობები
1209 Views

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, პროექტი „დანერგე მომავალი“ ხორციელდება. პროექტის ფარგლებში თანადაფინანსების დამოუკიდებელი კომპონენტია: ბაღების კომპონენტი. ბაღების კომპონენტი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წნორი (Salix alba L) — სამკურნალო მცენარე
1482 Views

ტირიფისებრთა ოჯახს ეკუთვნის. წნორი საკმაოდ დიდი, 25-30 მ სიმაღლის ხეა, მუქი ნაცრისფერი, ღრმად დამსკდარი ქერქით, დაკიდული ახალგაზრდა ტოტებით და ზეაღმართული გლუვქერქიანი ძველი ტოტებით. ზედა მხრიდან პრიალა, ქვემოდან

სრულად
აგროკავკასია FB