ქაცვი – დახასიათება, გავრცელება, გამოყენება, ქაცვის პროდუქტები

ქაცვი, აბლეპიხა

დახასიათება

ქაცვი (Hippophae rhamnoides, Облепиха) არის ხშირტოტებიანი ბუჩქოვანი, ეკლიანი მცენარე, რომელიც სიმაღლით 2-4 მ-ს აღწევს. ტოტები სიმეტრიულია და ხშირად ბოლოებზე მომრგვალებული ფორმა აქვს.

ქაცვის ტოტებს აქვს ყავისფერი ან მოშავო ფერის ქერქი და მონაცრისფრო- მომწვანო ყლორტები. ტოტები ეკლებით ბოლოვდება. მტვრიანებიანი და ბუტკოიანი ყვავილები ფოთლებამდე გამოდის. ფოთლები მორიგეობითია, სიგრძით 4-6 სმ, ლანცეტისებური ფორმის და მოვერცხლისფრო-ნაცრისფერი შეფერილობის.

ყვავილის კვირტები უმეტესად 2 წლის მცენარეზე ჩნდება. მდედრობითი ყვავილების დამტვერვა მაისის შუა პერიოდში ხდება და სრულად არის დამოკიდებული ქარზე. ნაყოფი მწიფდება დამტვერვიდან დაახლოებით 100 დღეში (სექტემბერ-ოქტომბერში).

ქაცვის ნაყოფი შესაძლოა იყოს განსხვავებული ფორმისა და ფერის, მაგრამ უმეტესწილად არის მრგვალი ან ოვალური ფორმის და ყვითელი ან ნარინჯისფერი შეფერილობის. ქაცვის ნაყოფის ფორმის და ზომის კომბინაცია მისი ფოთლებისა და ნაყოფის ფერების კონტრასტთან ერთად ქმნის ამ მცენარის არაჩვეულებრივ დეკორატიულ მახასიათებელს.

ქაცვი მდგრადია ამინდის ექსტრემალური პირობების მიმართ –43°C-დან +40°C-მდე და ითვლება გვალვაგამძლე მცენარედ, თუმცა მისი მორწყვა აუცილებელია რეგიონებში, სადაც წლიური ნალექის რაოდენობა 400 მმ-ზე ნაკლებია.

ქაცვი ჩვეულებრივ იზრდება მშრალ, ქვიშიან ნიადაგზე. კარგი ზრდისთვის ესაჭიროება მზის სხივები და ცუდად იტანს დაჩრდილვას დიდი ხეების მეზობლად.

ქაცვი სწრაფად ივითარებს ფესვთა სისტემას და შესაბამისად იდეალური მცენარეა ნიადაგის ეროზიის და დეგრადაციის პრევენციისთვის, რადგან გააჩნია აზოტის და სხვა ძირითადი მკვებავი ნივთიერებების შემაკავებელი თვისება.

ქაცვს თესლის დათესვიდან პირველი მოსავლის მიღებამდე 4-5 წელი ესაჭიროება, ხოლო ნაყოფიერების პიკს აღწევს 7-8 წლისას და რჩება პროდუქტიული 30 წლის განმავლობაში სისტემატიური გასხვლისა და ფორმირების პირობებში. ქაცვის ბაღის მოსავალი ჰექტარზე 10 ტონას აღწევს.

გავრცელება

ქაცვი ბუნებრივად ფართოდ არის გავრცელებული ზომიერი სარტყლის ქვეყნებში: ჩინეთი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, დანია, ნიდერლანდები, გერმანია, პოლონეთი, ფინეთი, შვედეთი და ნორვეგია.

საქართველოში ქაცვი მთელი ქვეყნის მასშტაბით გვხვდება ზღვის დონიდან 2500 მეტრამდე. ჩვეულებრივ იგი ხარობს ფერდობებზე, მდინარის და ზღვის სანაპიროებზე.

გამოყენება

გამოყენება მედიცინაში – ხალხურ მედიცინაში ქაცვის გამოყენების უამრავი მეთოდი არსებობს. მის ფოთლებს და ყვავილებს იყენებენ ართრიტის, პოდაგრას, კანის გაღიზიანებისა და გამონაყარის სამკურნალოდ. ქაცვის ფოთლების ჩაი შეიცავს ვიტამინებს (C, A, B1, B2, B6, B9, E, K, P, F) და მინერალებს, ანტიოქსიდანტებს, ამინომჟავებს და ცხიმოვან მჟავებს.

ჩაი ჩვეულებრივ გამოიყენება მაღალი წნევის დასარეგულირებლად და შრატში ქოლესტერინის დონის პრევენციისთვის, ასევე სისხლძარღვთა დაავადებების დროს და იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

ქაცვის ნაყოფი გამოიყენება კანის ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის, მხედველობის გაუმჯობესებისთვის და დაბერების პროცესის შესანელებლად. ქაცვის ჩაის ასევე იყენებენ მზის დამწვრობის წინააღმდეგ, კანის გაღიზიანების და შეშუპების თავიდან აცილების და შეხორცების ხელშეწყობის მიზნით.

გამოყენება კულინარიაში – ბოლო წლებში ქაცვისგან მიღებული პროდუქტების გამოყენების ინტერესი ბევრად გაიზარდა. ქაცვის სასარგებლო თვისებების და უნიკალური გემოს წყალობით მისი გამოყენება შესაძლებელია წვენების, ტკბილეულის, ჯემების, მარმელადის, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების თუ არომატიზატორების დასამზადებლად.

ქაცვის ნაყოფი და თესლის ზეთი ინგრედიენტის სახით გამოიყენება საკვებ დანამატებში, როგორიცაა: ჟელე, მცენარეული დანამატების კაფსულები ან დასალევი მცენარეული საშუალებები. ქაცვი ასევე ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკაში.

მისი ფოთლების გამოყენება ხდება სხვადასხვა ექსტრაქტების, ჩაის ან კოსმეტიკური საშუალებების მოსამზადებლად.

გამოყენება სხვა დანიშნულებით – ქაცვი უკვე დიდი ხნის განმავლობაში დანამატის სახით გამოიყენება ცხოველთა საკვებში. ქაცვის ფოთლების, თესლის და ნაყოფის ნარჩენები კარგი საკვებია ცხოველებისა და ფრინველებისთვის, ძირითადად მშრალ და ცივ რეგიონებში.

ქაცვის ბუჩქი კარგი თავშესაფარია ველური ბუნების ბინადართათვის. ეკლების წყალობით იგი სწრაფად ქმნის გაუვალ ბარიერს. ქაცვი ასევე კარგი საშუალებაა რთული რეგიონების ტყის მასივების განაშენიანებისთვის.

ქაცვის პროდუქტები

1. ქაცვის ჯემი

მასალები

• 500 გ შაქარი;
• 2.5 კგ ცოცხალი ან გაყინული ქაცვის ნაყოფი;
• 3 ვაშლი;
• 500 მლ წყალი;
• 1 ჩ/კ კარაქი;

მომზადება

• გარეცხეთ ქაცვი და დაჭერით ვაშლი მცირე ზომის – 2 სმ კუბებად;
• ჩაყარეთ ხილი დიდი ზომის ქვაბში და ადუღების შემდეგ 30 წუთის განმავლობაში ხარშეთ ნელ ცეცხლზე, ამავდროულად, ხის კოვზის გამოყენებით დაჭყლიტეთ ხილი;
• გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და კვლავ დაჭყლიტეთ დარბილებული ხილი კარტოფილის საჭყლეტის გამოყენებით;
• მიღებულ მასას დაამატეთ შაქარი, ურიეთ მის სრულ გალღვობამდე და დაუმატეთ კარაქი;
• კვლავ ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში;
• გასინჯეთ ჯემის სისქე. მაცივარში წინასწარ გაციებულ ლამბაქზე დაასხით 1 კოვზი ჯემი და დააცადეთ გაგრილება, ამის შემდეგ თითის დაჭერით შეამოწმეთ რამდენად მწებვარეა მიღებული მასა;
• თუ მასა კვლავ თხელია ადუღეთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში და გასინჯეთ ანალოგიური მეთოდით;
• მოქაფეთ ჯემი და ჩაასხით სტერილიზებულ ქილებში;
• ქილებს ყელთან დაუტოვეთ 1 სმ სიმაღლის ცარიელი ადგილი, მოხუფეთ და გაგრილების შემდეგ შეინახეთ.

2. ქაცვის ზეთი

ქაცვის ზეთი შეიცავს უამრავ ვიტამინს: A, B2, B1, B6 და C.

• ფრთხილად გარეცხეთ ქაცვი, ისე რომ ნაყოფი არ დაიჭყლიტოს;
• ჩაყარეთ თასში და დაჭყლიტეთ ჩანგლით ან ბლენდერის გამოყენებით. მიიღებთ სქელი ხილფაფის მსგავს მასას. მიღებული მასა გადაიტანეთ ტაფაზე და შეაცხელეთ;
• 5 წუთის შემდეგ დაუმატეთ მცირე რაოდენობით მზესუმზირის ზეთი და ურიეთ ზეთის სრულ შერევამდე. გადმოდგით ტაფა ცეცხლიდან;
• მიღებულ მასას აცადეთ გაგრილება და შეძლებისდაგვარად კარგად გადაწურეთ.
• ზეთი ჩაასხით შუშის ბოთლში ან ქილაში და შეინახეთ მაცივარში.

3. ქაცვის ჩაი

• ხელით მოკრეფილი, ჰაერზე გამშრალი ქაცვის ფოთლების ჩაის აქვს მწვანე ჩაის ნაზი არომატი. ქაცვის ფოთლები მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით და კიდევ უფრო დიდი კონცენტრაციით შეიცავს ფლავანოლს და სტერინებს;
• ქაცვის წვრილად დაჭრილი ფოთლების ჩაის სახით დაფასოება ხდება ქაცვის ჩაის ან მისგან ნაწარმოები არომატიზატორის სახით;
• ქაცვის ჩაის მომზადება შესაძლებელია ცხელი წყლით გამოხდის საშუალებით, ან გამოხდილი სითხის მომზადებით შაქარმჟავას და ძმარმჟავას დახმარებით. ქაცვის ჩაის მომზადება ასევე შესაძლებელია მისი ფოთლების სტერილიზაციის გზით და სხვა.

ბაზრის მიმოხილვა და ბიზნესის შესაძლებლობები

ქაცვის ზეთი ქაცვის ზეთის დისტრიბუცია ძირითადად წარმოებს: ჩინეთში, ტიბეტში, ინდოეთში, რუსეთში, უკრაინაში, დიდ ბრიტანეთში, შვედეთსა და ნორვეგიაში.

ქაცვის ნაყოფი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს: 200-2500 მგ-ს 100 გრამ პროდუქტზე, ხოლო მისი ზეთი – პალმიტოლეინის მჟავას: საშუალოდ 40%-ის შემადგენლობით.

გარდა ამისა, ქაცვში აღმოჩენილია 40-მდე სახეობის ქაცვის ფლავანოლი. ქაცვი აღიარებულია 21-ე საუკუნის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო სამედიცინო მცენარედ.

ქაცვის მოთხოვნა-მიწოდების ბაზარი სტაბილური იყო 2012 წლამდე. 2013-დან 2014 წლამდე ქაცვზე მოთხოვნა ისე მკვეთრად გაიზარდა, რომ ბაზარზე მისი დეფიციტი შეიქნა, რასაც ორი მიზეზი ჰქონდა: ქაცვის მარაგების სიმცირე/მოსავლის სეზონურობა და ბაზრის გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილების პრობლემა; ამას მოჰყვა ქაცვის თესლის ზეთის საერთაშორისო ბაზრებისთვის მიწოდების დეფიციტი, ადგილობრივი მიმწოდებელთა მიერ გამოყენებული მოძველებული ტექნოლოგიების გამო.

უკანასკნელ წლებში ქაცვზე მოთხოვნის მუდმივი ზრდის პირობებში გაიზარდა, როგორც ქაცვის ნაყოფის, ისე ქაცვის ნაყოფის ზეთის და ქაცვის თესლის ზეთის ღირებულება.

ავტორი:ლადო ბასილიძე – ტყის არამერქნული პროდუქტების სპეციალისტი.
/ტყის არამერქნული პროდუქტებიდან შემოსავლების მიღების შესაძლებლობები/

იხილეთ აგრეთვე: ქაცვი – სამკურნალო მცენარე

თქვენი რეკლამა