ქალაქიდან სოფლისკენ-ახალბედა ფერმერი ჭოროხის პირიდან

97 Views

ძალიან ბევრი ახალგაზრდა დღეს სოფლებს ტოვებს და ბედს დიდ ქალაქებში ეძებს, მიწის დამუშავებას არამომგებიანად თვლის, საქონლისა და ფრინველის მოშენებასაც უამრავ სირთულეს უკავშირებს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არსებობენ გამონაკლისებიც, რომლებიც სირთულეებს არ ეპუებიან, ქალაქიდან სოფლისკენ მიუწევთ გული, მიწის დამუშავებაზე, საქონლის მოშენებაზე და ფრინველის გამრავლებაზე ფიქრობენ.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი ახალგაზრდის _ გოჩა დუმბაძის შესახებ მინდა გიამბოთ, რომელიც ქალაქ ბათუმიდან ჭოროხის პირას აუთვისებელ ჭალებში გადასახლდა და საკუთარი მეურნეობა მოაწყო.

გოჩა დუმბაძე 30 წლისაა. მშობლები, ქედის რაიონის სოფელ აგოთიდან ბათუმში 14 წლის წინ იძულებით გადმოსახლდნენ, რადგანც საცხოვრებელი დაემეწყრათ და იქ ცხოვრება საშიში გახდა.

გოჩას ეკომიგრანტის სტატუსი აქვს. იგი ამბობს, რომ ცხოველები, მცენარეები და მიწაზე ფუსფუსი უყვარს. სკოლის დამთავრების შემდეგ სად არ იმუშავა, რამდენიმე წელი თურქეთშიც დადიოდა სამუშაოდ, მაგრამ გასულ წელს მტკიცედ გადაწყვიტა, საკუთარი ოცნება აესრულებინა _ გადაწყვეტილება სისრულეშიც მოიყვანა.

_ ძალიან მიყვარს ცხოველები და ფრინველები, შეიძლება ითქვას, რომ ამ სიყვარულმა გადამაწყვეტინა ამ საქმისთვის მომეკიდებინა ხელი. ამ ყველაფერს სირთულე ახლავს, მაგრამ სირთულეების დაძლევა ყოველთვის შეიძლება. მთავარია, არ დაგეზაროს და შენი საქმე გიყვარდეს, _ ამბობს იგი.

გოჩა პირველ ნაბიჯებს იხსენებს და ეცინება: _ სამი ქათმის ყიდვით დავიწყე ყველაფერი. მერე კოტეჯი ავაშენე, სამეგრელოდან თხები ჩამოვიყვანე, მინდოდა, მეგრული ჯიშის თხა მყოლოდა, სუფთა სისხლის. ამიტომ კითხვა-კითხვით მოვძებნე და ჩხოროწყუში ჩავაღწიე. ძროხები მახლობელ სოფლებში შევიძინე, ციცარი და სხვადასხვა ჯიშის ქათმები კი ხანაც ბაზარში, ხან კიდევ სოფლებში ნაცნობების დახმარებით იაფად ვიშოვე. ყველაფერზე არ მეყო თანხა, ამიტომ ვცდილობდი, რომ იაფად მეშოვა და მცირედით დავკმაყოფილებულიყავი, _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

დასაწყისში არა, მაგრამ მოგვიანებით ახალბედა ფერმერს მეურნეობის გასაფართოებლად ბანკიდან სესხი დასჭირდა, რადგანაც დანაზოგი არ ჰქონდა:  _ მე რასაც ვმუშაობდი, ის თანხა ფაქტობრივად არსებობისათვის მჭირდებოდა. ხუთი ათასი ლარი ავიღე სესხად და ახლა ყოველთვიურად ვისტუმრებ ბანკის ვალს. ღმერთს მადლობა _ გადახდაზე პრობლემა არ მექმნება,_ გახარებული მეუბნება გოჩა.

გოჩა დუმბაძის მეურნეობა რამდენიმე მეწველ ძროხას, თხებს, ქათმებს, იხვებს და ციცრებს მოიცავს. გარდა ამისა, აქვს კარტოფილის ნარგავები და ბოსტნეულის ნათესებიც. რძეს ადრე აბარებდა, ბოლო პერიოდში კი ცდილობს თავად დაამუშაოს და ყველი, ნაღები, ნადუღი თუ მაწონი თავად აწარმოოს: _ იმდენი დრო კი მაქვს, რომ რძე თავად დავამუშაო. ასე მირჩევნია. ოჯახისთვისაც დამრჩება და გასაყიდადაც შემიძლია გავიტანო, _ ამბობს გოჩა და საოჯახო მეურნეობაში დამზადებულ ერბოს მაჩვენებს _ ფერი და გემო არ დაეწუნება. ეტყობა, ესეც კარგად გამოსდის.

გოჩა ფერმერთა იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ცდილობენ, მწირი შესაძლებლობის მიუხედავად, საქმიანობაში ტექნოლოგიური მიღწევები გამოიყენონ და მოსავლიანობა აამაღლონ. ამისთვის აქტიურად იყენებენ ინტერნეტსაც. თავისუფალ დროს, მეცხოველეობასა და მეფრინველობასთან დაკავშირებით, მსოფლიო სიახლეებს ეცნობა და საკუთარ მეურნეობასა და მიდგომებში მათ გამოყენებას ცდილობს. ცოტა ხნის წინ, ინტერნეტმაღაზიით ამერიკაში ინკუბატორიც შეიძინა. ახლა ამ ინკუბატორში ბატის კვერცხები დევს და ორ კვირაში ჭუკები გამოიჩეკება. თუმცა, სურს უფრო უკეთესი ინკუბატორის შეძენა, რომლითაც წარმოების გაფართოებასა და სახორცე ფრინველის გამოზრდასაც შეძლებს:

_ მალე ფარშევანგის კვერცხებს მივიღებ. მინდა, ფარშევანგებიც გავამრავლო… ხოხობზეც ვფიქრობ. მსურს, ყველაფერი მყავდეს, მაგრამ ერთდროულად ვერ ვახერხებ. ამიტომ, ნელ-ნელა ვამრავლებ და ვფართოვდები. ვცდილობ, საკუთარ რესურსებს მოვუყარო თავი და ამით გავზარდო მეურნეობა. თავდაპირველად ცოტა შიში მქონდა, მაგრამ ახლა ვიცი, რომ გავწვდები, მთავარია, ვიშრომო, _ მეუბნება იმედიანი განწყობით აღსავსე გოჩა დუმბაძე და დასძენს, რომ თავის დროზე არაერთხელ მიმართა ხელისუფლებას დახმარებისათვის, თუმცა, პასუხი უარყოფითი იყო.

ზურაბ ბაუჟაძე
gurianews.com

0Shares
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
უფასოდ
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB