ფეიჰოა იოდის ნაკლებობის დროს და იმუნიტეტის ასამაღლებლად

ფეიჰოა, სამკურნალო, მცენარე

ფეიჰოა (ლათ. Feijoa sellowiana) საუკეთესო ხარისხის, გემრიელსა და არომატულ ნაყოფს იძლევა, რომელიც გამოიყენება როგორც ნედლი ასევე დაკონსერვებული სახით, მისგან ამზადებენ უმაღლესი ხარისხის მურაბას, ჯემს, ჟელეს, მარმელადს, უალკოჰოლო სასმელებს და ლიქიორებს.

ფეიჰოას სამშობლო სამხრეთ ამერიკაა (ბრაზილია, პარაგვაი, ურუგვაი, არგენტინა), სადაც ის ტროპიკულ ტყეებში მარადმწვანე ბუჩქებად იზრდება. საქართველოში ის 1900 წელს შემოიტანეს. პირველი პლანტაციები 1915—1916 წლებში ბათუმისა და სოხუმის ბოტანიკურ ბაღებში გაშენდა.

ფეიჰოას მწიფე ნაყოფი შეიცავს: მშრალ ნივთიერებას 30.7-40.3%, შაქრებს 8.2- 12.5%, С, В1, В2, В3, В5, В6, РР ვიტამინებს, კალიუმს, მაგნიუმს, რკინას, თუთიასა და ფოსფორს და ადვილად ათვისებად ცილებსა და ცხიმებს.

ფეიჰოა დაბალკალორიული პროდუქტია 100 გრამზე – 49 კილოკალორია.

ფეიჰოას იყენებენ საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვადასხვა სახის დაავადებების, ავიტამინოზი, ათეროსკლეროზის და სხვადასხვა ანთებითი პროცესების დროს.

იოდი და ფეიჰოა

იოდი სასიცოცხლოდ აუცილებელი მიკროელემენტია. მის გარეშე ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირება შეუძლებელია. იოდის დეფიციტი უარყოფითად აისახება ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობაზე, ვინაიდან სხვადასხვა პათოლოგიურ მდგომარეობას აძლევს დასაბამს.

ზრდასრული ადამიანისთვის იოდის მოხმარების დღიური ნორმა 150 მკ/გრ-ია. 12-წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 100 მკ/გრ, უფროსი კლასელებისთვის – 200 მკ/გრ, ორსული და მეძუძური დედებისთვის კი- 200-250 მკ/გრ იოდი დღე-ღამეში. მიკროგრამი (გრამის ერთი მემილიონედი ნაწილი) μg.

ფეიჰოას ნაყოფი შეიცავს ორგანიზმისათვის ადვილად შესათვისებელ იოდს, რაც მას განსაკუთრებულ სამკურნალო თვისებებს ანიჭებს. ნაყოფი მდიდარია იოდით (მწიფე ნაყოფის 100 გრამში დაახლოებით 70 მკ/გრ იოდია).

იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ იოდის დეფიციტისგან მომდინარე არასასურველი შედეგები, საჭიროა (სეზონზე) დღეში ფეიჰოას 2-3 ნაყოფის მიღება.

ფეიჰოას უკუჩვენებები

ზომიერება ყველაფერშია საჭირო, ფეიჰოას ჭარბი დოზით მიღება არ არის მიზანშეწონილი, უნდა გვახსოვდეს, რომ ფეიჰოას ალერგიული რეაქციები ახასიათებს. განსაკუთრებით უნდა გართხილდნენ ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქციის შემთხვევაში. ასეთ დროს ჯობს ზოგადად, თავი შეიკავონ ფეიჰოას მიღებისგან.

როდესაც ორგანიზმს იოდის დეფიციტი აქვს, ფეიჰოა სამკურნალო როლს ასრულებს, თუმცა იოდის ჭარბი დოზით მიღება იწვევს ნერვულ აგზნებადობას, გაძლიერებული გულისცემას და ტემპერატურის ცვალებადობას.

ფეიჰოა აუმჯობესებს იმუნიტეტს

იმუნიტეტის ასამაღლებლად ხშირად სახლში დამზადებულ პროდუქტებს იყენებენ. გთავაზობთ მარტივ რეცეპტს: აიღეთ 500 გრამი ფეიჰოას ნაყოფი და ერთი საშუალო ზომის ლიმონი (გაფცქვნა არ არის აუცილებელი, რადგან ლიმონის ცედრა უამრავ ვიტამინს შეიცავს), კარგად გარეცხეთ და გაატარეთ ბლენდერში, მიღებულ მასას დაამატეთ 3-4 სუფრის კოვზი თაფლი, კარგად აურიეთ და მოათავსეთ მინის ქილაში. შეინახეთ მაცივარში, მიღება შესაძლებელია მაშინვე. მიირთვით როგორც მურაბა (თუ უფრო ტკბილი გიყვართ დაამატეთ თაფლი).

შესაძლო უკუჩვენებებიდან გამომდინარე, აუცილებელია ნებისმიერი მცენარის სამკურნალოდ გამოყენების დროს კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

იხილეთ აგრეთვე: ფეიჰოას გამრავლება, თესლნერგის გამოყვანა, ბაღის გაშენება, მოვლა

თქვენი რეკლამა