პერმაკულტურა – ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის მოწყობის პრინციპები

პერმაკუტურა

პერმაკულტურა წარმოადგენს დიზაინის სისტემას, რომლის მიზანია ეკოლოგიურად მიზანშეწონილი მოდელების საფუძველზე, ადამიანის გარემო სივრცის ორგანიზება.

სიტყვა „პერმაკულტურა“ წარმოსდგება ინგლისური ტერმინოლოგიის permanent agriculture-სგან რაც ნიშნავს ხანგრძლივ სოფლის მეურნეობას, ამ სიტყვის შემოკლებულ ვარიანტს წამოადგენს პერმაკულტურა. “პერმანენტული“ ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „მუდმივს“, რაც განუწყვეტლივ გრძელდება.

ამ სიტყვის ავტორები არიან ავსტრალიელი ბილ მოლისონი და დევიდ ჰოლგრენი, რომლებმაც შეიმუშავეს ეკოლოგიურად მიზანშეწონილი სოფლის მეურნეობა, რომელიც დაფუძნებული იყო კულტურების მრავალფეროვნებაზე, ეს კი გულისხმობს ხეების, ბუჩქების, ბალახების ინტენსიურ ჩართვას მეურნეობაში.

პერმაკულტურა, როგორც დიზაინის სისტემა, თანაბრად მოიცავს მემცენარეობას, მეცხოველეობას, მშენებლობას და აგრეთვე ინფრასტრუქტურას–წყალი, ენერგია, კომუნიკაციები. იგი უფრო მეტად ორიენტირებულია ადამიანის ირგვლივ არსებული ბუნების ყველა კომპონენტებს შორის ურთიერთკავშირების შექმნაზე.

პერმაკულტურის ამოცანა მდგომარეობს ისეთი სისტემების შექმნაზე, რომლებიც ეკოლოგიური თვალსაზრისით მიზანშეწონილნი და ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი იქნებიან. ეს სისტემები უნდა უზრუნველყოფდენ თავიანთ თავს, არ ანადგურებდნენ გარემოს და ხანგრძლივად მდგრადნი რჩებოდნენ.

პერმაკულტურას საფუძვლად უდევს ბუნებრივი სისტემების დაკვირვებით შესწავლა, ტრადიციული სოფლის მეურნეობა და მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნა.

თანამედროვე იაპონელი მოაზროვნის-მასანობუ ფუკუოკას განმარტებით პერმაკულტურა – ეს არის ბუნებასთან თანამშრომლობის და არა მასთან ბრძოლის ფილოსოფია, რომელიც გულისხმობს ხანგრძლივ და გააზრებულ დაკვირვებას და არა ხანგრძლივ და უაზრო ფიზიკურ შრომას; ესაა ფილოსოფია, რომელიც გულისხმობს მცენარეებისა და ცხოველებისათვის დამახასიათებელი ყველა ფუნქციის გათვალისწინების აუცილებლობას.

პერმაკულტურა – ეს არის სისტემა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია ვიარსებოთ დედამიწაზე, ვისარგებლოთ იმ კვებითი და ბუნებრივი რესურსებით, რომელიც უხვად მოიპოვება, მხოლოდ იმ პირობით, რომ ამით დედამიწაზე სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბუნებასთან ჰარმონია შესაძლებელია იმ პირობით, თუ უარვყოფთ მასზე ბატონობის იდეას.

პერმაკულტურის ეთიკა წარმოადგენს მორალური მრწამსისა და კონკრეტული საქციელის ერთობლიობას, რომლის მიზანი ჩვენი დედამიწაზე არსებობის უზრუნველყოფაა. ეს ეთიკა მოიცავს სამ მომენტს: ზრუნვას დედამიწაზე, ზრუნვას ადამიანებზე და აგრეთვე საკუთარი თავისუფალი დროის, ფულისა და ენერგიის დათმობას იმისათვის, რომ შეიქმნას შესაძლებლობა, პირველი ორი მიზნის საუკეთესოდ მიღწევისათვის.

ზრუნვა დედამიწაზე ნიშნავს, ბუნების ყველა ცოცხალ და არაცოცხალ კომპონენტზე–ნიადაგი, ატმოსფერო, წყალი, ტყეები, მცენარეები, ცხოველები, ბაქტერიები–ზრუნვას. ეს გულისხმობს მოქმედებებს, რომლებიც არ აზიანებენ ბუნებას, აღდგენით სამუშაოებს, ბუნებრივი რესურსების გამართლებულ და ზომიერ გამოყენებას, გარემოსათვის სასარგებლო სისტემების შემუშავებას.

დედამიწაზე ზრუნვა მოიცავს, აგრეთვე, ზრუნვას ადამიანებზე და გულისხმობს მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას საკვებით, საცხოვრებლით, განათლებით, ღირსეული სამსახურით და ადამიანური ურთიერთობებით. ზრუნვა ადამიანებზე მეტად მნიშვნელოვანია.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ადამიანები, ბუნების მხოლოდ მცირეოდენ ნაწილს შევადგენთ, ჩვენი ზემოქმედება მასზე გადამწყვეტია. თუ ჩვენ თავადვე შევძლებთ უზრუნველვყოთ ჩვენი ძირითადი მოთხოვნილებები, მაშინ აღარ იარსებებს მუდმივ დამოკიდებულებაში ყოფნისა და საკუთარი უზომო მადის წაქეზების აუცილებლობა, რასაც ბუნების განადგურებისაკენ მივყევართ.

პერმაკულტურის ეთიკის მესამე კომპონენტს წარმოადგენს საკუთარი თავისუფალი დროის, ფულისა და ენერგიის დათმობა ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მას შემდეგ, როცა საუკეთესოდ მოვაგვარებთ საკუთარ ცხოვრებას, ჩვენ შევძლოთ გამოვიყენოთ საკუთარი გამოცდილება და შესაძლებლობები, რათა დავეხმაროთ სხვებს, იგივე შედეგების მიღწევაში.

პერმაკულტურის ეთიკას, გარდა ზემოაღნიშნულისა, ახასიათებს სიცოცხლის ეთიკა, რომელიც აღიარებს ყველა ცოცხალის ფასეულობას. ხე თავისთავადაა ფასეული, რომც არ წარმოადგენდეს ჩვენთვის კომერციულ ინტერესს, იგი ცოცხალია და ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი.

ხე ბუნებაში თავის დანიშნულებას ასრულებს: ამუშავებს ბიომასას, აწარმოებს ჟანგბადს და ნახშირორჟანგს, უზრუნველყოფს თავშესაფარს მცირე ცხოველებისათვის, აუმჯობესებს ნიადაგურ პირობებს და სხვა. როგორც ჩანს პერმაკულტურის ეთიკა ვრცელდება არა მარტო ეკოლოგიის ყველა ასპექტზე, არამედ აგრეთვე ეკონომიკაზე და საზოგადოებრივ ცხოვრებაზეც. ბუნებასთან თანამშრომლობა და არა შეჯიბრი წარმოადგენს ყველაფრის საწინდარს.

დედამიწაზე ზრუნვის ეთიკის პრაქტიკულ განხორციელებას შევძლებთ მაშინ, თუ მეურნეობას წარვმართავთ შემდეგი მიმართულებებით:

  • გაითვლით საქმიანობის ხანგრძლივ შედეგებს, ყველაფერს იღონებთ სტაბილურობის, მდგრადობის უზრუნველ-საყოფად;
  • შეძლებისდაგვარად გამოიყენებთ ადგილობრივ სახეობებს, ჯიშებს ან სახეობებს და ჯიშებს, რომელთა შესახებ წინასწარაა ცნობილია, რომ ისინი მორგებული არიან მოცემულ პირობებს. პოტენციურად აგრესიული სახეობების უგონო გამოყენებას შესაძლოა გარემოს ბალანსის დარღვევა მოჰყვეს;
  • დაამუშავებთ შეძლებისდაგვარად მცირე ზომის ნაკვეთს. შეიმუშავებთ მცირეზომიან, ენერგოეფექტურ, ინტენსიურ სისტემებს დიდი ზომის ექსტენსიური სისტემების ნაცვლად, რომლებიც ენერგიის დიდ რაოდენობას მოითხოვენ;
  • პრაქტიკაში გამოიყენებთ სახეობათა მრავალფეროვნებას, მოაშენებთ პოლიკულტურას. ეს უზრუნველყოფს მდგრადობას და საშუალებას იძლევა მზად იყოთ როგორც ეკოლოგიური, ისე ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისათვის;
  • გაზრდით წარმოებული პროდუქციის მრავალფეროვნებას;
  • გაითვალისწინებთ სისტემის მიერ წარმოებული პროდუქტების საერთო ჯამს, რომელიც მოიცავს ერთწლიან და მრავალწლიან მცენარეებს, მარცვლოვან კულტურებს, ხეებს და ცხოველებს. დაზოგილი ენერგიაც უნდა განიხილოთ როგორც წარმოებული პროდუქტი;
  • გამოიყენებთ ბუნებრივ ფაქტორებს – მზეს, ქარს, წყალს და ბიოლოგიურ სისტემებს (მცენარეები და ცხოველები) ენერგიის შენარჩუნებისა და წარმოებისათვის;
  • დაეხმარებით ხალხს სამეურნეო დამოუკიდებლობის მოპოვებაში და ხელს შეუწყობთ ჯგუფური პასუხის-მგებლობის განვითარებას;
  • პერმანენტულად დარგავთ ხეებს და იზრუნებთ ნიადაგის ბუნებრივი ნაყოფიერების აღდგენაზე;
  • ააღორძინებთ ქალაქებში საკვები პროდუქტების შექმნის პრაქტიკას, როგორც ეს ტრადიციულად იყო დამახასიათებელი იმ ცივილიზაციებისათვის, რომლებიც ისე არსებობდნენ, რომ არ აზიანებდნენ გარემოს;
  • ყველა ბუნებრივი რესურსით ისარგებლებთ ოპტიმალურად და გამოიყენებთ ნარჩენებს, მოახდენთ ნარჩენების უტილიზირებას;
  • მოიძიებთ პრობლემების გადალახვის გზებს და არა თავად პრობლემებს;
  • იმუშავეთ იქ, სადაც ამას აზრი აქვს, დარგავთ ხეს იქ, სადაც იგი გაიხარებს, დაეხმარეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჭეშმარიტად სურთ რამის სწავლა.

ავტორები: ნ. ნაკაშიძე; დ. ჯაში.  

ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტი,
აგროეკოლოგიისა და სატყეო საქმის დეპარტამენტი.

თქვენი რეკლამა