ნინო ზამბახიძე და ახალგაზრდა ფერმერები

596 Views Comment Off

საქართველოსთვის სოფლის მეურნეობის მნიშვნელობა თანდათან იზრდება და სათანადო ადგილს იკავებს ინტერესთა ნუსხაში. დამეთანხმებით, ეს არის ერთ-ერთი პირველი საქმიანობა, რომლის წარმოებისა და მიწოდების პოტენციალი საქართველოს გააჩნია.

სოფლის მეურნეობის განვითარება ქვეყანაში უზრუნველყოფს ექსპორტის ზრდას, ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას, მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის პროდუქტების წილის ზრდა, დადებითად აისახება ეროვნული ვალუტის კურზსე და, რაც მთვარია, საბოლოო ჯამში, ზრდის მოსახლეობის კეთილდღეობას.

საქართველოში, აღნიშნულ სფეროში, საკმაოდ აქტიურად მოღვაწეობს „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“. ასოციაციამ, ახლახანს თავისი ქოლგის ქვეშ ჩამოაყალიბა ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაცია — GFA JUNIOR, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა ფერმერებს და ხელს უწყობს მათ წარმოების განვითარებასა და პროდუქტის პოპულარიზაციაში.

ახალგაზრდული ფრთის მიზნების, სტრუქტურისა და მასში გაერთიანებული ფერმერების შესახებ უფრო დეტალურად გვესაუბრა „ფერმერთა ასოციაციის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე.

საიდან გაჩნდა ახალგაზრდული ფრთის ჩამოყალიბების იდეა, რა კონცეფციის მატარებელია და რა მისიას ისახავს?

ზოგადად, ფერმერთა ასოციაციის ახალი ფრთის იდეა, რომელსაც ჰქვია GFA JUNIOR, უკავშირდება რეგიონებში პირველ პრობლემას — მიგრაციას, ანუ რეგიონებში ახალგაზრდები ფაქტიურად აღარ იყვნენ, თუმცა, რამდენიმე ახალგაზრდა მოვიდა ჩვენთან და გვითხრა, რომ მათ უნდათ რეგიონში დაბრუნდნენ და სოფლის მეურნეობის რომელიმე მიმართულებით, საკუთარი ძალები მოსინჯონ, რამაც სწორედ გამიჩინა იდეა, რომ როდესაც ბავშვი სწავლობს, აქვს მაგისტრის ხარისხი ან არის, ვთქვათ, რიგ შემთხვევაში, დოქტორი და მიდის სოფელში, თუ არის საშუალება, რატომ არ შეიძლება ეს, ძალიან სწორი პოპულარიზაციის მხრივ, სხვებსაც მოუნდეთ.

ზოგადად, ჩვენ როცა დავიწყეთ ფერმერობა და შევქმენით ასოციაცია, მაშინ ფერმერი ასეთი პოპულარული არ იყო, რიგ შემთხვევაში, ჩვენ გლეხებადაც მოგვიხსენიებდნენ და ყველა ცდილობდა, რომ თავიანთი ინვესტიცია იქნებოდა ეს თუ სამომავლო გეგმა და კარიერა არ დაეკავშირებინა სოფლის მეურნეობასთნ და სხვა, უფრო მოკლევადიანი, წარმატებული ბიზნესები ხიბლავდათ, ვიდრე გრძელვადიანი და მაღალრისკიანი სოფლის მეურნეობაა.

ფერმერთა ასოციაცია დღეს უკვე ერთ-ერთი ძალიან სერიოზული სტრუქტურაა, ის ცდილობს ყველა მისი წევრი ფერმერი ბაზართან დააკავშიროს, ხელი მოუმართოს, პოპურალიზაცია გაუწიოს, რატომ არ უნდა გაგვეკეთებინა იგივე ახალგაზრდებისთვის? ამიტომ დავიწყეთ!

გვაქვს GFA JUNIOR, რომელიც დღეს, დაახლოებით, 50 ახალგაზრდა ფერმერს აერთაინებს. ამ ახალგაზრდებს აქვთ ერთი ძალიან კარგი თვისება — თვითონ თუ რამე კარგი ნახეს და მოსწონთ, სხვა ახალგაზრდებისთვის ზვავის მეთოდით აგორებენ. ვფიქრობ, როდესაც მე დავიწყე სოფლის მეურნეობა, ასეთი ორგანიზაცია რომ ყოფილიყო და მას ასე შეეწყო ხელი, ალბათ, უფრო წინ ვიქნებოდი.

ამიტომ, ეს იყო, ასე ვთქვათ, ერთი-ერთი მასტიმულირებელი იმისა, რომ ახალგაზრდები, რომლებმაც ისწავლეს, უკან, რეგიონებში დაბრუნებულიყვნენ და მეორე, რაც მნიშვნელოვანია არის ის, რომ ეს ახალგაზრდები აღარასოდეს იქნებიან გლეხები, ისინი იქნებიან ფერმერები და უფრო ხაზი რომ გავუსვათ, ისინი იქნებიან მეწარმეები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ექნებათ მეწარმული სულისკვეთება და ისინი ერთ დღეს ძალიან სერიოზულ სიტყვას იტყვიან საქართველოს ეკონომიკის აღმავლობაში.

რაც შეეხება მოკლევადიან მიზნებს…

მოკლევადიანი მიზნები არის ის, რომ რეგიონებში ეს ბავშვები, თუ აქტიურად საქმიანობენ ხდებიან ჩვენი წარმომადგენლები. უკვე იდენტიფიცირებული გვყავს სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, სამეგრელო, კახეთი, ახლა იდენტიფიცირებას ვახდენთ იმისას, თუ ვინ იქნება ქვემო ქართლში, მცხეთა — მთიანეთში, ასევე  ვგეგმავთ აჭარაშიც.

უახლოეს მომავალში, ყველა ჩვენი წარმატებული ფერმერი, გაშუქდება ფართო საზოგადოებისთვის, ასევე, ვგეგმავთ შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან, რომელმაც, შეიძლება ითქვას, ბიძგი მისცა ახალგაზრდების იმ მოტივაციას, რომელიც მათ აქვთ, რადგან მისი პრემიერობიდან პირველივე დღეს მის მიერვე გაცხადებული, რომ ახალგაზრდების არის მომავალი, მათ უნდა შექმნან ყველაფერი და ჩვენ უბრალოდ ხელი უნდა შევუწყოთ, ჩემი აზრით, არის მასტიმულირებელი. ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება თუ ის თითოეულ მათგანს გაიცნობს, რადგან თითოეულის პრობლემა მოკლე ვადაში გადაიჭრა.

იქ იყო ჩვენი წევრი ფერმერი, რომელსაც ჰქონდა პრობლემა გზასთან — აგროტურიზმის განვითარება უნდოდა და არ იყო გზა, დღეს უკვე დასრულებულია გზის პირველი ეტაპი. იქ იყო ბიჭი, რომელსაც უნდოდა, რომ თანასოფლელებისთვის საზაფხულოდ ფილმები გაეშვა, მაგრამ ამისთვის სკვერი არ არსებობდა და უკვე დაწყებულია ამ სკვერის გაკეთება. ე.ი. შესაძლებელია, სწორი კომუნიკაციის ფარგლებში, რაღაც მოკლევადიან პერიოდში გადაიჭრას და, მე მგონია, რომ მათ მაგივრად ადვოკატირება თავიანთ სოფელს, თავიანთ რეგიონს სხვამ არ უნდა გაუკეთოს. ისინი უნდა იყვნენ სწორედ ხმა, იმ ახალგაზრდების ხმა უნდა მივიდეს ხელისუფლებასთან, რომლებსაც აქვთ ძალიან სწორი და მარტივი ხედვა — ისინი არ ითხოვენ იმას, რაც უნდათ, ისინი ითხოვენ იმას, რაც სჭირდებათ. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ზემოთ უკვე ახსენეთ, მაგრამ უფრო რომ განვავრცოთ, როგორია ამ ასოციაციის სტრუქტურა, რა სამუშაოებს მოიცავს ის?

ჩვენ გვაქვს სამი ძირითადი მიმართულება: ჩვენ ვართ შუამავალი რგოლი ფერმერსა და ხელისუფლებას შორის, ჩვენ ვეხმარებით ჩვენს ფერმერებს მოწეული პროდუქციის რეალიზაციაში და ვაკავშირებთ მათ სუპერმარკეტებთან, სასტუმროებთან და მესამე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის თითოეული მათგანის პოპულარიზაცია მასმედიის, ჟურნალ — გაზეთების საშუალებით.

სტრუქტურა არის ასეთი: გვყავს წევრები და გვყავს ასოცირებული წევრები, ახლა უკვე შეიცვალა და გვეყოლება წევრები, ასოცირებული წევრები და ახალგაზრდა ფერმერები, რომლებიც არიან ჩვენთან შემავალნი, ოღონდ უკვე ცოტა სხვა სტრატეგიის შემმუშავებელნი. თუ ჩვენ მხოლოდ ჩავდიოდით და ისე ვარკვევდით პრობლემებს რაღაც ქაოტურად და ვცდილობდით ეს პრობლემები მიგვეტანა ხელისუფლებასთან, ან ჩვენ გვქონოდა რეგიონული ტურნები და იქიდან წამოგვეღო ინფორმაცია, ახლა ეს უფრო გამარტივდება, ეს იქნება ქვემოდან ზემოთ ამოსული ინფორმაცია, სწორი, იმ სოფლიდან, იმ კონკრეტული რეგიონიდან, და, მიმაჩნია, რომ ეს ადვოკატირებას და ხელისუფლებასთან კომუნიკაციას უფრო შეუწყობს ხელს, რადგან, რიგ შემთხვევებში, ბევრი რამ ფუჭდება იმის გამო, რომ არ არის სწორი კომუნიკაცია.

რა პროცედურებია საჭირო იმისთვის, რომ ახალგაზრდა ფერმერი გახდეს GFA JUNIOR- ის წევრი?

არაფერი, მარტივია — მოდის ჩვენთან, ან მიდის უკვე იმ სოფელში არსებულ ჩვენს წარმომადგენელთან, წევრიანდება, გადასახადი არ არის, იმიტომ რომ მათთვის, პირველ რიგში, ეს უნდა იყოს მომხიბვლელი. როდესაც ისინი გაიზრდებიან და დიდი ბიზნესი ექნებათ, რა თქმა უნდა, უკვე თავისი პროდუქტის საწევროებზეც იქნებიან დამოკიდებულნი, თანხების აკუმულირება შეიძლება გააკეთონ და სხვა რომელიმე ფერმერს დაეხმარონ — ეს უკვე სამომავლო გეგმაა და ჩვენ მათთან ერთად ვაპირებთ ამაზე მუშაობას. არა ერთი შეხვედრა გვქონდა, მაგრამ უკვე გაფართოებული, რადგან ჩვენ დღითი დღე ვიზრდებით და დღითი დღე ისეთ ადამიანებს ვპოულობთ, რომ მართლა გაოცებული ვარ და მიხარია ცხოვრება!

მე ვფიქრობ, რომ მათ აქ არჩევანის თავისუფლება ექნებათ. ისინი თვითონ შეიმუშავებენ სტრატეგიას, თვითონ გააკეთებენ იმაზე აქცენტს, რა პრობლემები აქვთ და, აქედან გამომდინარე, ამის საშუალება რომ მიეცეთ, აქ არ უნდა არსებობდეს რაიმე ბარიერი და შეზღუდვა. ამიტომ, მოვლენ, გაწევრიანდებიან ჩვენი ქოლგის ქვეშ, იმიტომ რომ ჩვენ უკვე გამართული სტრუქტურა გვაქვს, დავეხმარებით და შემდეგ არც გამოვრიცხავ, რომ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ახალგაზრდა ფერმერები ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბდეს.

ალბათ დამეთანხმებით, რომ საქართველოსთვის სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული დარგია, შესაბამისად, პოტენციალის გამოსაყენებლად საჭიროა ამ კუთხით განათლებული და პროფესიონალი კადრები. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს ასეთი კადრების მისაღებად, თუნდაც განათლების სფეროში?

პირველი, პრობლემებიდან მხოლოდ განათლებას ვერ გამოვყოფდი. სოფლის მეურნეობას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, იმიტომ რომ დარგი ოცი წელი მიტოვებული იყო. ამბიცია იმის, რომ ჩვენ რაღაც სწრაფად გვინდა, ყველას გვაქვს — ყველა ქართველს და ყველა ფერმერს კიდევ უფრო სწრაფად, მაგრამ ეს ასე ვერ იქნება, რადგან აქ ჩემთვის, ასე ვთქვათ, უწყვეტი საწარმოო ჯაჭვია, რომელიც უნდა შეიკრას. პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის განათლება. განათლება, რომელიც ხელმისაწვდომი არ არის არც ერთი ჩვენგანისთვის. მე არ მაქვს საუბარი იმ ადამიანებზე, რომლებსაც საშუალება გვაქვს უცხოეთში წავიდეთ და ვისწავლოთ. მე მაქვს საუბარი რიგით ადამიანებზე სოფლებში, რომელთაც უნდათ, რომ თუნდაც აგრონომია, ვეტერინარია ისწავლონ, მათ არ აქვთ ეს ფუფუნება. იქ არავინ არ არის, რომელიც ამ კუთხით ან ტრეინინგს ჩაატარებს, ან საგანმანათლებლო ცენტრი იქნება.

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს არის უპირველესი, რაზეც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ძალიან დიდი აქცენტი, იმიტომ, რომ ქვეყანას, რომელსაც ჰქონდა ამბიცია ყოფილიყო აგრარული, დღეს აგრარული არ ვართ, მგონია, რომ ეს ამბიციაც ჩაქრება, თუ განათლებაში არ დაბანდდება ფული. ქვეყანას, რომელსაც უნდა, რომ თავისი სახელი დაიმკვიდროს ევროკავშირის ბაზარზე, ამის შანსი აქვს ნოლი, როდესაც აქ არ არიან განათლებული ადამიანები, არ არსებობენ მაღალკვალიფიციური ვეტერინარები, არ არსებობენ მაღალკვალიფიციური აგრონომები. რა თქმა უნდა, არიან თითოეული მათგანნი, მაგრამ სანთლით საძებარი.

როდესაც ქვეყანაში ამდენი სოფელია, ამდენი მიწაა დაუმუშავებელი, მეტწილად იმპორტზე ვართ დამოკიდებულნი, ჩვენ უნდა გვქონდეს განათლება, ჩვენ უნდა გვქონდეს თანამედროვე ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი, გათანამედროვებული ყველა ის მიმართულება, რომელზეც გვინდა რომ ვიმუშაოთ. უნდა არსებობდეს რეგიონში ინფრასტრუქტურა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს განათლებაზეა მიბმული — შეიძლება იყოს ნასწავლი, მაგრამ არ ჰქონდეს ამის გამოყენების საშუალება; უნდა არსებობდეს რეგიონებში შემნახველები, რომლებიც მოსავლის აღების შემდგომი მართვისთვის არის საჭირო. უნდა არსებობდეს ამის ხელმისაწვდომობა და არ უნდა იყოს ისეთი კაბალური ციფრები, როგორი პროცენტებიც არსებობს ბანკში, რომლებიც სოფლის მეურნეობისთვის აბსოლიტურად შეუსაბამოა; უნდა არსებობდეს სარწყავ — საირიგაციო სისტემა, იმიტომ რომ რაც არ უნდა კარგად იცოდე ტექნოლოგია, რაც არ უნდა დიდ მოსავლიანობას ელოდებოდე ჰექტარზე, თუ არ გაქვს სარწყავ — საირიგაციო სისტემა და გვალვაა, ვერაფერს ვერ მიიღებ და ასევე, უნდა არსებობდეს სადაზღვევო მექანიზმი. ეს არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც უნდა ჰქოდნეს სოფლის მეურნეობას, ხოლო დანარჩენი ფერმერმა უნდა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა, რომ იყოს სოფლის მეურნეობაში.

დღეს, მოსახლეობის 47%, დაახლ. 800 000 კაცი არის ფერმერი, მათი წილი მშპ-ში არის 9%, რაც უბრალოდ სირცხვილია, ამიტომ ეს მეტყველებს განათლების სერიოზულ დეფიციტზე, არაკვალიფიციურ მუშახელზე, რაც, მე ვფიქრობ, რომ სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს არ უწყობს, პირიქით, აფერხებს და ერთი ნაბიჯით უკან მიჰყავს.

რა შედეგის მიღებას ელოდებით როგორც მთლიანად ორგანიზაციისთვის, ასევე თითოეული ახალგაზრდა ფერმერისთვის?

შედეგი არის მარტივი. შედეგი უკვე თვლადია — რამდენმა ადამიანმა მიბაძა ამ კარგ ხალხს. ეს არის ჩემთვის შედეგი. ჩემთვის შედეგია, ამ ადამიანების შესახებ გაიგოს საქართველომ. მე მქოდნა სულ სლოგანად, რომ ფერმერი არის პატრიოტი. მე მიმაჩნია, რომ ყველა ასაკოვანი ადამიანი, რომელიც დღეს სოფელშია, არის წარმოუდგენლად პატრიოტი, იმიტომ რომ მან თავისი მიწა-წყალი არ დატოვა, ნებსით თუ უნებლიეთ გახდა ფერმერი და ათასი თავსატეხის მიუხედავად, მაინც ცდილობს, რომ ჩვენ პირველადი წარმოების პროდუქცია მოგვაწოდოს. მაგრამ, უფრო პატრიოტია ადამიანი, რომელსაც საშუალება აქვს მიიღოს განათლება, შეუძლია დასაქმდეს რომელიმე, ნებისმიერ კომპანიაში, მაგრამ ბრუნდება სოფელში, იწყებს მეწარმეობას და არის კარგი მაგალითი თავისი თანასოფლელებისთვის, იმიტომ, რომ დღეს რომ იყო დაბალკვალიფიცირებული იურისტი ან ბუღალტერი, ფინანსისტი, ან თუნდაც ჟურნალისტი, კონკურენცია მაღალია და შენ შეიძლება რეალიზება ვერ მოახერხო ამ კუთხით, მაგრამ არსებობს ნიშა, სადაც შენ ქვეყანას სჭირდები, ეს ადამიანები მარტო იმიტომ იქნებიან ღირებულნი, რომ კარგი მოდელები შექმნან და წარმატებული ისტორიები შექმნან თავისი წარუმატებლობით -არავინ მითხრას, რომ დღეს ვინმე წარმატებულია, თუ წარუმატებლობა არ გაუვლია. ამიტომ, ესენი კარგი მაგალითები იქნებიან მომავალი თაობისთვის, სკოლაში მოსწავლეებისთვის, რადგან, მათ ყოველთვის ეცოდინებათ, რომ მათ სოფელში იყო, მაგალითად, დათო, რომელმაც წარმატებას მიაღწია სწორედ მცირედი თანხით. ეს არის უპირველესი.

რაც შეეხება ორგანიზაციას, მისი გაძლიერებისთვის,  ვფიქრობ მომავალი ფერმერები ძალიან კარგია, რადგან მე არ ვაპირებ ორგანიზაცია იყოს მხოლოდ ერთ მიმართულებაზე კონცენტრირებული. მე მინდა, ახალგაზრდა ფერმერებს ჰქონდეთ ამბიცია, რომ ერთ დღეს ისინი უნდა გახდნენ ნინოები და რა კეთილდღეობაც ჩემი დახმარებით შეექმნათ, ისინი გახდნენ ის ადამიანები, რომლებიც შემდეგ უკვე სხვას შუქმნიან იმავეს. ეს ჩემი ორგანიზაციისთვის უფრო გრძელვადიან პერსპექტივას მანახებს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის უფრო გრძელვადიან პერსპექტივებზე ვფიქრობთ, ეს მაძლევს იმის ენთუზიაზმს და შთაგონებას, რომ ეს ასოციაცია იქნება მთელი ცხოვრება, ის გამოიცვლის თაობებს და როდესაც გაიზრდებიან ეს ახალგაზრდები, იტყვიან, რომ ოდესღაც, 2012 წელს დაფუძნდა, უკვე 2030 წელია, მაგრამ ჩვენ, ფერმერები ასე მოვდივართ.

რა ადგილი უკავია ახალგაზრდულ ფრთას „ფერმერთა ასოციაციაში“ და როგორ გადანაწილდება მასზე დროის,  შრომითი და ფინანსური რესურსები?

ამ ეტაპისთვის, მთელი ჩემი 100%-იანი დატვირთვა მათზე მაქვს გადატანილი. ამ კომპონენტს უკვე ჰყავს თავისი ხელმძღვანელი, რომელიც იმუშავებს ამ მიმართულებით. შიდა გეგმა, შეიძლება ითქვას, გაიყო — ერთი ნახევარი მუშაობს ადამიანებზე, რომლებიც ქვეყანის ეკონომიკაში მართლაც რომ  ლოკომოტივები არიან, გარკვეული ნაწილი კი მუშაობს ახალგაზრდა ფერმერებზე, რადგან ისინი არიან სწორედ მომავალი, ამ კუთხით. ამიტომ ეს დაბალანსებულია. თუმცა, მე ვფიქრობ რომ უფრო მეტად თავად ახალგაზრდები უნდა ჩაუდგნენ ამას სათავეში. მე არ მინდა მათთვის ვიყო ინსტრუქტორი, როგორ უნდა მოიქცნენ, ეს არის ორგანიზაცია და თუ ვინმე ამ ორგანიზაციაში ნამყოფია, ნამუშევარია, მათ იციან, რომ აქ ინიციატივა დასჯადი არ არის, პირიქით, რაც უფრო მეტი ინოვაციაა, ინიციატივა მეტად მისასალმებელია. ამიტომ ბავშვებს აქვთ აბსოლუტური თავისუფლება გადაწყვეტილებაში, მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ჩვენ ამოვდივართ იქიდან, რაც არის ქვეყნის საჭიროება, იქიდან, როგორ უნდა ვასახელოთ ჩვენი ქვეყანა და რა არის დღეს მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. ამიტომ, თითოეულმა მათგანმა იცის, რომ ნებისმიერ დროს რაც უნდათ შეუძლიათ თქვან, როგორც უნდათ გააკეთონ და ყველაზე მნიშვნელოვანი, თავიდანვე შეთანხმებულნი ვართ, ორგანიზაცია არის აბსოლიტურად აპოლიტიკური, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ მრწამსს. ფერმერი და პირველადი პროდუქტის მწარმოებელი ყველანაირი, პოზიციური თუ ოპოზიციური ძალისთვის, ერთნაირად ღირებული უნდა იყოს.

როდესაც პროექტს გეგმავდით, ელოდით ამხელა გამოხმაურებას?

იცით, ველოდი. პირველად მე და ბაიამ ვცადეთ. როდესაც ბაია აქ მოვიდა მას არაფერი ჰქონდა და მე მას ვკითხე, ხარ თუ არა იმისთვის მზად, მე ჩემი შესაძლებლობები ვიცი, რომ ვთქვათ, შენ გახდე ცნობადი, ოღონდ უნდა მომცე პირობა, რომ რასაც შენ მიიღებ, შენ შემდეგ იმავეს ყველას გაუკეთებ და მითხრა, კარგით, რა თქმა უნდა, მზად ვარო და , შეიძლება ითქვას, რომ პირველად მე და ბაიამ ვცადეთ ახალგაზრდა ფერმერის წინ წამოწევა, რომელიც, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად გამოგვივიდა. აქვე ერთი რაღაცაც უნდა აღვნიშნო, დღეს უფრო სხვა მოცემულობაა.

მე ბაიამდე ადრე აღმოვაჩინე მარი კოდუა, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი ყველზე საამაყო ფერმერია. გოგო, რომელიც წავიდა სოფელში და ასობით ჰექტარს ამუშავებს, მექანიზაციაზე თვითონ ზის და ძალიან საამაყო ადამიანია ჩემთვის. ის რომ პირველად გამოჩნდა, რა თქმა უნდა, ყველამ გაიზიარა, ცნობადიც გახდა, მაგრამ ისეთი რესურსი, როგორიც დღეს, ახლა მაქვს, მაშინ არ მქონია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე დაიჩაგრა, არა, დღეს მარი არის წარმატებული მეწარმე ახალგაზრდა, ბევრი ჯილდოს მფლობელი და ძალიან მშრომელი, ცნობადი ადამიანი. მაგრამ მაშინაც კი, როდესაც მე და მარის ეს პირველი თემა გვქონდა, მაშინ არასდროს გვიფიქრია ახალგაზრდა ფერმერზე. ჩვენ ვფიქრობდით იმაზე, რომ სოფლის მეურნეობას სჭირდებოდა დახმარება და ჩვენნაირები უნდა წასულიყვნენ სოფელში. დღეს, 2 წლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეცვლილია და ხედვაც სხვა არის, რესურსიც სხვა არის, სოციალური ქსელიც სხვანაირად არის გააქტიურებული და უფრო მეტი დაფინანსება არის სოფლის მეურნეობისთვის, რაც ერთ-ერთი ძალიან დიდი მასტიმულირებელია, რადგან, რომ არ ყოფილიყო მცირე და საშუალო მეწარმეების განვითარების პროექტები, დღეს ბაიასნაირი ადამიანები ფიზიკურად ვერ გამოჩნდებოდნენ ჰორიზონტზე.

ამიტომ ამ სტიმულებით, ასე ვთქვათ, სულ რამდენიმე თვის წინ ჩაისახა ეს იდეა და ძალიან გამიმართლა ბაიაში, იმიტომ რომ მანაც გარკვეული ზეგავლენა მოახდინა მეგობრებზე. მათ ნახეს, როგორი ცნობადი გახდა ბაია. თქვენ წარმოიდგინეთ, დღეში ერთი ადამიანი მოდის და გვეუბნება, რომ მე ახალგაზრდა ფერმერი ვარ, თუ არაფერი მაქვს, მითხარით და მე გავაკეთებ. ამაზე დიდი ბედნიერება მე მგონი რომ არ არსებობს.

როგორც ვიცი, ერთ-ერთი ახალგაზრდა ფერმერი, თუ არ ვცდები ბაია, საზღვარგარეთ იმყოფებოდა თავისი ცოდნისა და გამოცდილების ასამაღლებლად, ანუ ყურადღება ექცევა ახალგაზრდა ფერმერების საზღვარგარეთ პოზიციონირებას…

მარტო ბაია არ იყო. რამდენიმე ფერმერი გვყავდა. ძალიან კარგად დაემთხვა, მაშინ, როდესაც პირველად თავში აზრად მომივიდა, რომ ახალგაზრდები უნდა გვყოლოდა, მინდოდა სწორედ ისინი ყოფილიყვნენ ლოკომოტივები, სწორედ მაშინ, ინგლისის საელჩოსა და უელსის მთავრობის ინიცირებით ჩვენ გვითხრეს, რომ საშუალება გვაქვს თქვენი განათლება ავამაღლოთ და გვთხოვეს შეგვერჩია ფერმერები. რა თქმა უნდა, მთელი დატვირთვა ახალგაზრდებზე გავაკეთე, იმ დროს ვისაც ვიცნობდი, შევარჩიეთ სხვადასხვა დარგი და წავიყვანეთ. დღეს კიდევ უფრო ამაყი ვარ და გეტყვით რატომ. ჩვენ გვყავს ერთი ასეთი წევრი გურო — გურამ მანოგიშვილი, რომელიც ბოდბეში ერთ-ერთი ძალიან კარგი, ცნობილი, მეხორცე მიმართულების ფერმერი — ყასაბია და თავისი ხორციც აქვს, „გურამის ხორცით“ ცნობილი და როდესაც წავიყვანეთ, მისი ხედვა აბსოლიტურად შეიცვალა. რომ ჩამოვიდა, დავურეკე და ვკითხე, რას შვრები-მეთქი და მითხრა, ინგლისურზე მივდივარო. ალბათ, ჩემი ამოცანაც ესაა. შეიძლება მეტი აღარაფერი მოხდეს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ, რაც მოხდა, მიმაჩნია, რომ ამაზე მეტს ამ ქვეყნისთვის მე ვერასოდეს ვერაფერს გავაკეთებდი. იმის დანახვა, რამდენი წელი დაკარგა თუნდაც გურომ იმაში, რომ ინგლისური არ იცოდა და კვლავ განვითრების პერსპექტივის გაჩენა, მე მგონია, რომ ეს არის ის, რასაც GFA JUNIOR აკეთებს და ის, რომ ჩვენ სხვადასხვა სამთავრობო თუ არასამთვრობო ორგანიზაციები დაგვეხმარებიან განათლების კუთხით განვითარებაში, ვფიქრობ, რომ პირველ ადგილას დგას.

რა ადგილი დაიკავა GFA JUNIOR- მა ფერმერთა ცხოვრებაში, როგორი გამოწვევების წინაშე დგას იგი და რა მისია აკისრია მას? ამ კითხვებით მე მივმართე მასში გაწევრიანებულ ახალგაზრდა ფერმერებს, რადგან სწორედ ისინი არიან ამ ამბის მთავარი პერსონაჟები და რეალური გამოწვევების წინაშეც სწორედ ეს ადამიანები დგანან.

ბაია აბულაძე, რომელმაც სახელი ღვინის წარმოებით გაითქვა, საუბრობს ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაციის მნიშვნელობაზე: „ასოციაციის წევრობა ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონეა ჩემთვის. მეხმარება პირველ რიგში იმით, რომ გავიცნო სხვა ფერმერები, მეორე რიგში, ისინი უზრუნველყოფენ მედიის ჩართვას და კომუნიკაციას ამ უკანასკნელთან, ასევე გვეხმარებიან პრობლემატური საკითხების (გაყიდვები) დაძლევაში. მასთან, ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაცია ჩამოყალიბდა, რომლის წარმომადგენელიც მე ვიქნები იმერეთში“.

ხოლო, ნოდარ ტოხოსაშვილი ხაზს უსვამს GFA JUNIOR-ის როლს ფართო საზოგადოებისთვის: „ახალგაზრდული ფრთა არის მოტივატორი იმ უამრავი ადამიანისთვის, რომელიც  სოფლის მეუნეობაში მოღვაწეობს, აქვს გარკვეული შეხება ან მომავალში აპირებს. ახალგაზრდა ფერმერთა ფრთა ნიშნავს ძალას, ცოდნას , ხელშეწყობას წარმატების მისაღწევად, უამრავი ახალგაზრდა და დამწყები ფერმერის ვარსკვლავად გადაქცევას.“

იგი ასევე გვესაუბრა სოფლის მეურნეობაში ინფორმაციის მნიშვნელობაზე, როგორც ერთ-ერთ მძლავრ იარაღზე, ბიზნესის წარმართვისას, მისი თქმით, ინფორმაცია და კონტაქტები უმნიშვნელოვანესია, როცა მათ ფლობ ძალიან ადვილდება საქმის წარმართვა, ინფორმაცია აჩქარებს ბიზნესის და აგრობიზნესის განვითარებას,უფრო დეტალურად ვისაც აინტერესებს რაზე ვსაუბრობ გამორთოს მობილური ტელეფონი, ინტერნეტი და ადვილად მიხვდება და, შედარებით, რომ დღეს ფერმერი ინფორმაციის გარეშე იგივეა რაც ტრაქტორი გუთნის გარეშე, ვფიქრობ, ზუსტად გადმოსცემს ინფორმაციისა და მობილურობის მნიშვნელობას სოფლის მეურნეობაში.

რამდენად ხელმისაწვდომია ეს ინფორმაცია ფერმერთათვის? ამაზე პაპუნა კოხტაშვილი საუბრობს და, ალბათ, გამოხატავს სხვა, არა მხოლოდ ფერმერთა, არამედ, ზოგადად, საქართველოში მყოფი ახალგაზრდების წუხილსაც: „ინფორმაციის ნაკლებობა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა დღევანდელი ფერმერებისთვის. ბოლო ათწლეულების განმავლობაში სასოფლო სამეურნეო მიმართულებით აკადემიური განათლების მიღება ნაკლებად მიმზიდველი იყო ამ სფეროში არსებული კრიზისის გამო. შესაბამისად, დღეს ბაზარზე ვიღებთ ასაკოვან პროფესიონალებს, რომელთაც წვდომა არ აქვთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე და მათი მართვის მოდელები მოძველებულია და ახალგაზრდა ფერმერებს, რომლებსაც პრაქტიკული საქმიანობით უწევთ გამოცდილების მიღება. მე პირადად ვმართავ რეცირკულაციური აკვაკულტურის სათევზო მეურნეობას (RAS) და, სამწუხაროდ, საქართველოში ვერ მოვიძიე პროფესიონალი, რომელსაც მსგავსი სისტემის მართვის გამოცდილება ექნებოდა.

ყოველწლიურად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ამ სფეროში მომუშავე ექსპერტები იკრიბებიან და ხდება ახალი ტექნოლოგიების წვდომა და გაზიარება. საქართველო, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ძალიან ჩამორჩენილია, რადგან არ არსებობს შესაბამისი ფინანსები და თანადგომა მსგავს ფორუმებში მონაწილეობის მისაღებად. პირადად დავდივარ და ვხვდები თითოეულ ადამიანს, რომელიც სათევზო მეურნეობაში საქმიანობს, რათა მივიღო ახალი ინფორმაცია. ზოგადად, თუ არ გვექნება განათლება და წვდომა დღეისათვის მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებზე, ქართული პროდუქცია ვერ გაუწევს კონკურენციას სხვა ქვეყანაში ნაწარმოებ პროდუქტს. ამ ეტაპზე ინტერნეტი არის ჩემთვის განათლების მომცემი მთავარი წყარო. ოპტიმისტურად ვუყურებ ყოველ ახალ წამოწყებულ ინიციატივას სამთავრობო თუ კერძო სექტორიდან, რომელიც აღნიშნული ინფორმაციული დეფიციტის აღმოფხვრას ემსახურება“.

ამ ყველაფრის ფონზე, რამდენად ხელისშემწყობი სიტუაციაა ქართულ ბაზარზე დამწყები, ახალგაზრდა ფერმერებისთვის? როგორც გურო მანგოშვილი აღნიშნავს, სიტუაცია არც ისე სახარბიელოა და ისიც ასევე განათლების დეფიციტს უსვამს ხაზს: „: ქართული საბაზრო გარემო დამწყებთათვის არც თუ ისე ხელსაყრელია, ძირითად პრობლემას იაფი რესურსების ხელმისაწვდომობა წარმოადგენს და ის ცოდნა, რომელიც დამწყებ ფერმერს სჭირდება — აგრონომია და ვეტერინარია.

იმისთვის რომ დაიწყო ჯერ უნდა იცოდე რა როგორ კეთდება და შემდეგ დაფინანსება მოიძიო საქმის განსახორციელებლად, ვფიქრობ, ამ კუთხით სახელმწიფო ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება.“

როგორც წესი, ქართული საზოგადოებაც, გარკვეულწილად, დამეთანხმებით, სტერეოტიპულად არის ხოლმე განწყობილი ზოგიერთი საკითხის მიმართ. მარი კოდუა, რომელიც ბავშვობიდან ჩართულია სოფლის მეურნეობაში, დღეს კი დამოუკიდებლად ცდილობს გააფართოვოს წარმოება (თხილის მიმწოდებელი), ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ქართველები ქალი ფერმერების მიმართაც არანაკლებ სტერეოტიპულები ვართ, თუმცა, ეს ხელს არ უშლის მას წარმატებულ და აქტიურ საქმიანობაში: „: საქართველოში ქალების მიმართ არის დაუძლეველი სტიგმა, თუმცა მე ეს, ვფიქრობ, რომ დავამსხვრიე. საერთოდ არ მიჭირს ფერმერული საქმის შესრულება დაწყებული ტრაქტორის მართვით, საწარმოს ხელმძღვანელობით დასრულებული და ამით მსურს საზოგადოებაში სტერეოტიპების დამსხვრევა.“

ბაია აბულაძეც ასევე აცხადებს, ფაქტი, რომ იგი ქალბატონია, საერთოდ არ უშლის ხელს აწარმოოს ბიზნესი.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ყველაფრის ფონზე, საკმაოდ კარგად გამოიკვეთა როგორც სოფლის მეურნეობის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისთვის, ასევე ის ძირეული პრობლემები, რომლებიც აფერხებს ამ პროცესს. გამოსავალი, ვფიქრობ, მხოლოდ მთავრობის ჩართულობაზე არ გადის. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჩვენ მიერ ამ პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობის გაცნობიერება და თითოეული ჩვენგანის წვლილის შეტანა მათ მოგვარებაში. აქვე აღვნიშნავ, ალბათ, სუბიექტური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ GFA JUNIOR-ში გაწევრიანებული ახალგაზრდები სწორედ ის ადამიანები არიან, ვინც თვითონაც ცდილობს პრობლემების გადაჭრას და იმედია მათი საქმიანობის შედეგი ნელ-ნელა უფრო თვალსაჩინო გახდება.

ავტორი: მარიამ ტაკაშვილი

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1360 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB