“მარმარილოსებრი ხორცის” მწარმოებელი ფერმერი ნაწრეტიდან

ზურაბ ფსუტური “მომავლის ფერმერია”. მან აქტიური ფერმერული საქმიანობა 6 წლის წინ, გორის რაიონ, სოფელ ნაწრეტში მეხორცული საქონლის მოშენებით დაიწყო.

ახალგაზრდა ფერმერს დღეს 72 სულიანი საქონლის ფერმა აქვს და თავისი პროდუქტით მაღალი კლასის სასტუმროების ქსელს ამარაგებს. თუმცა, როდესაც ამ დარგში დამწყები იყო, არ იცოდა როგორ გაეზარდა საქონელი, ეწარმოებინა ხორცი და გაეტანა ბაზარზე.

“თავდაპირველად ეს საქმიანობა მამაჩემმა დაიწყო, შემდეგ მე გადმოვიბარე. იყო დიდი წინააღმდეგობები როგორც საქონლის გაზრდის, კვების, ისე – პროდუქტის რეალიზაციის მხრივ. მოგვიანებით “მომავლის ფერმერს” დავუკავშირდი და ჩემი შეხედულებებიც მთლიანად შეიცვალა. მათ ეს საქმე ბიზნესის კუთხით დამანახეს. გამაცნეს ახალ ტენოლოგიებს, ბიოპრეპარატებს, რომლის მეშვეობითაც ჩემი შემოსავალი 30-40%-ით გაიზარდა.

დღეს ჩემს ფერმაში საქონელი ახალი ტექნოლოგიებით იზრდება, ბიოპრეპარატების მეშვეობით. ეს არის ინოვაციური მიდგომა და ფერმერებმა უნდა შევძლოთ, რომ ახალი მიდგომებით დავიწყოთ საქონლის გაზრდა. ამის საშუალება ნამდვილად არის და ბიზნესის კუთხითაც წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

საქონლის დღიური წონანამატი მაქსიმუმ 1 კგ – 1,200კგ იყო, ხოლო ბიოპრეპარატების გამოყენების შემდეგ მათი წონანამატი გაიზარდა 1კგ-დან 1,500კგ -1,700კგ-მდე. 1 კგ ხორცის ღირებულება  7-დან 8 ლარამდე მიჯდებოდა.  ახალ ტენოლოგიების გამოყენების შემდეგ ხარჯი შემიმცირდა და 1 კგ ხორცის ღირებულება  5-6 ლარი გამომდის, გასაყიდი ფასი კი 8-დან 10 ლარამდეა,” – ამბობს ზურაბ ფსუტური.

ახალგაზრდა ფერმერის თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს საქონლის ჯიშის სწორად შერჩევასა და სწორ კვებას.

“ჯიშების შეცვლა, გამოსწორება საქართველოში აქტუალურია. მე ძირითადად ადგილობრივი ჯიშები მყავს, სამცხე-ჯავახეთიდან ჩამოყვანილი. კავკასიური წაბლასა და შვიცურის ნაჯვარები, ისინი  წონანამატის კუთხით საუკეთესოებად მიიჩნევიან. არის ძალიან ბევრი გადაჯიშებული საქონელი და ფერმერმა უნდა იცოდეს, რომ ასეთი საქონელი არ გაზარდოს.

ამ მხრივ შეცდომები მეც მქონდა. მეხორცული საქონლის გაზრდაში დიდ როლს თამაშობს კვება. თუ კვება  დაბალანსებულია საქონელს წონანამატი კარგი ექნება და სტრესშიც არ ჩავარდება. კვების დაბალანსებაში მნიშვნელობან როლს ასრულებენ ბიოპრეპარატები, რომლებიც   საქართველოშიც მოიპოვება, მათ შორის ქართული წარმოების. ფერმერი მუდმივად უნდა ზრუნავდეს თავისი საქმიანობის განვითარებაზე. შეცდომები პირდაპირ აისახება შემოსავალზე”,- აღნიშნავს ფერმერი.

როგორც ზურაბ ფსუტური ამბობს, მის ფერმაში დაცულია ყოველგვარი სანიტარული ნორმები და  ძალიან ცუდია, როდესაც ფერმერი საქონელს სასაკლაოს გვერდის ავლით კლავს. ზურაბი  ხორცის ხარისხის მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი აზრით, ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ საქონლის ხორცს უმაღლესი შეფასება რომ არ მიეღო, მაღალი კლასის სასტუმროების ქსელში არავინ შეიტანდა.

“დღეს როდესაც ფერმერი თავისი პროდუქციის გაყიდვას ცდილობს, რეალიზაციის პუნქტამდე 2-3 შუამავალი რგოლის გავლა უხდება, რაც დამატებით ხარჯს იწვევს. „მომავლის ფერმერის“ დახმარებით რამდენიმე ფერმერმა შევძელით ერთი აზრის ქვეშ გაერთიანება, კოოპერირება და ეს არის ძალიან კარგი, რადგან უკვე კოოპერატივი შეძლებს პირდაპირ კავშირს გასაღებ ბაზართან. ეს მყიდველისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან პროდუქტის ღირებულება იკლებს.

“მომავლის ფერმერის” დახმარებით დავუკავშირდი მაღალი კლასის სასტუმროებს. ჩემი  საქონლის ხორცს უწოდეს – “მარმარილოს ხორცი”, – ამბობს 31 წლის ზურაბ ფსუტური და იმედოვნებს, თუ მის შეხედულებებს სხვა ფერმერებიც გაიზიარებენ, ბიზნესის თვალსაზრისით განვითარდებიან.

zura_fsuturi_khorci_33304777711111957121

სტატია მოგვაწოდა „მომავლის ფერმერმა“

თქვენი რეკლამა