კვრინჩხი — გავრცელება, გამოყენება, კვრინჩხის მურაბა

1950 Views

კვრინჩხი (Prunus spinosa) არის დიდი ზომის ფოთლოვანი ბუჩქი ან მომცრო ზომის ხე, რომლის სიმაღლე 5 მ-მდე აღწევს.

აქვს მუქი ფერის ხშირი ტოტები და მკვრივი ეკლები. ფოთლების გარეშე კვრინჩხის ამოცნობა საკმაოდ რთულია მისი ზრდის უცნაური ფორმებიდან გამომდინარე. დატოტვის სხვადასხვაგვარი ტენდენციის გამო კვრინჩხის ხემ შესაძლოა მიიღოს მრავალნაირი ფორმა.

ყვავილობს მარტიდან-მაისამდე, ხოლო ნაყოფი მწიფდება ივლის-აგვისტოში.

კვრინჩხის ნაყოფი არის მცირე ზომის, მოლურჯო-მოშავო, ზოგჯერ მუქი იასამნისფერი, სფეროსებრი კენკრა, დიამეტრით 10-12 მმ. ყვავილები ორსქესიანია, რომელთა დამტვერვა ხდება მწერების საშუალებით. კვრინჩხი განსაკუთრებით კარგად ხარობს ტენიან ნიადაგზე.

იგი კარგად ეგუება ყველანაირ ნიადაგს, გარდა მაღალი მჟავიანობის მქონე ნიადაგისა. იტანს დაჩრდილვას, თუმცა უკეთეს მოსავალს იძლევა მზით განათებულ პირობებში.

ველური ბუნების 150-მდე წარმომადგენელი, მათ შორის ჭიაყელები, ფუტკრები, პეპლები და ჩრჩილები, დამოკიდებული არიან კვრინჩხის ყვავილების ნექტარზე და მისი ფოთლებით გამოკვებაზე. კვრინჩხს აქვს ზედაპირული ფესვთა სისტემა, რომლის გამოც იკეთებს ხშირ ამონაყარს და ქმნის გაუვალ ბუჩქნარს, რომელიც იდეალურია ჩიტების, განსაკუთრებით ბულბულების დასაბუდებლად.

კვრინჩხის ყვავილებს ხშირად აზიანებს გვიანი ყინვები. მცენარეს აქვს სწრაფად აღდგენის უნარი ტოტების მოჭრის ან ტყის ხანძრის შემთხვევაში. იგი განსაკუთრებით რეზისტენტულია მანჭკვალა სოკოების მიმართ.

გავრცელება

კვრინჩხი ფართოდ არის გავრცელებული ბრიტანეთში, ზღვის დონიდან 415 მეტრამდე სიმაღლეზე. ასევე იზრდება ევროპაში გარდა ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებისა.

კვრინჩხი ასევე გავრცელებულია სამხრეთ-დასავლეთ ციმბირში, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში და ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთ ნაწილში. საქართველოში კვრინჩხი მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილში გვხვდება, ზღვის დონიდან 1600 მეტრზე.

გამოყენება

გამოყენება მედიცინაში

კვრინჩხის ნაყოფისგან მატონიზებელი ნაყენი კეთდება. იგი ახდენს მეტაბოლიზმის სტიმულირებას, წმენდს სისხლს და გამოიყენება, როგორც საფაღარათო და შარდმდენი საშუალება.

კვრინჩხი სასარგებლოა სხვადასხვა დაავადებების დროს, როგორიცაა საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები (დისპეფსია), ჰერპესი, სხვადასხვა ტიპის ალერგიები, ნევროზი, გულის სისუსტე, კენჭები თირკმელებში; ასევე კანის, შარდის ბუშტის დაავადებების და ზოგადი გადაღლილობის დროს.

კვრინჩხის ნაყოფი და ფოთლები შეიცავენ ტანინს, ორგანულ მჟავებს, შაქარს და C ვიტამინს. მდუღარე წყალში ჩალბობის შედეგად კვრინჩხის ფოთლებს აქვს მსუბუქი შარდმდენი, მატონიზებელი და საფაღარათე თვისებები. კვრინჩხის გამშრალი ნაყოფი გამოიყენება შარდის ბუშტის, თირკმელების და კუჭის დაავადებების სამკურნალოდ.

კვრინჩხის ფოთლების ნაყენი, მათი წამოდუღების შემდეგ გამოიყენება ყელის ტკივილისას ყელში გამოსავლებ საშუალებად. კვრინჩხის ნაყენს ასევე იყენებენ ცხვირიდან სისხლდენის, კუჭ-ნაწლავის პრობლემების, თვალის ზოგიერთი დაავადების და გრიპის დროს.

გამოყენება კულინარიაში

კვრინჩხს მწკლარტე გემო აქვს, ამიტომ იგი უმეტესად საკონდიტრო ნაწარმში, ცხობის დროს გამოიყენება, თუმცა გაყინვის შემდეგ ნაყოფი ნაწილობრივ კარგავს სიმწკლარტეს და შესაძლებელია მისი ნედლი სახით მირთმევაც.

კვრინჩხის ნაყოფისგან ხშირად ამზადებენ ჟელეს, სიროფს და არომატიზატორს ჯინისა და სხვა ლიქიორებისთვის. კვრინჩხის ნაყოფი არ უნდა იქნას გამოყენებული თუ იგი ძალზე მწარეა.

მისი ფოთლები გამოიყენება ჩაის დასამზადებლად, რომელშიც ასევე შესაძლებელია გამშრალი ნაყოფის ჩამატებაც. კვრინჩხის ყვავილები ასევე გამოიყენება საკვებად დაშაქრულ მდგომარეობაში.

გამოყენება სხვა მიზნებისთვის

კვრინჩხის ქერქი შეიცავს დიდი რაოდენობით ტანინს. იგი ასევე გამოიყენება მელნის დასამზადებლად. მწიფე ნაყოფისგან მზადდება სახის კოსმეტიკური ნიღბები. კვრინჩხის ფოთლებისგან მიიღება მწვანე საღებავი, ხოლო ნაყოფისგან ნაცრისფერიდან-მწვანე შეფერილობამდე გამის საღებავები.

კვრინჩხის გამოყენება შესაძლებელია ცოცხალი ღობის შესაქმნელად, რომელიც აბრკოლებს ტერიტორიაზე საქონლის შეღწევას, თუმცა ზამთარში კვრინჩხის ტოტები შიშველია და თუ ბუჩქნარი არ არის განსაკუთრებით ხშირი, ის არ წარმოადგენს კარგ ზღუდეს.

მცენარეს აქვს კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა, რის გამოც ახასიათებს სწრაფი აღმოცენების უნარი და ქმნის ხელსაყრელ პირობებს ტყის მასივების რეგენერაციისთვის.

კვრინჩხი, არამერქნული, ტყის

კვრინჩხის ცოცხალი ღობე

კვრინჩხი არაჩვეულებრივი დამცავი თვისების მქონე მცენარეა, ამიტომ ხშირად მას ერთ მწკრივში გაშენებულს ნახავთ. ბუჩქების მჩხვლეტავ ტოტებს, ფოთლების გამოსვლამდე, მარტსა და ადრეულ აპრილში თეთრი ფერის ყვავილები ამშვენებს.

ეკლების გამო, კვრინჩხი ფერმერებისთვის საუკუნეების განმავლობაში იყო ცნობილი, როგორც კარგი დამცავი საშუალება სხვადასხვა დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთის პირუტყვისაგან დასაცავად.

კვრინჩხი და კუნელი ხშირად გამოიყენება ერთობლივად შერეული ტიპის ღობის მოსაწყობად. კვრინჩხი ადრე გაზაფხულზე ყვავილობს (შიშველ ტოტებზე, ფოთლების გამოსვლამდე), ხოლო კუნელი ოდნავ მოგვიანებით (ფოთლების გამოსვლის შემდეგ),

შესაბამისად ერთობლიობაში ისინი ქმნიან შთამბეჭდავ, ხანგრძლივ და ლამაზად მოყვავილე ცოცხალ ღობეს.

ამონაყარის დარგვა უმჯობესია ორ მწკრივად, ხოლო სანერგეში გამოყვანილი ნერგის დარგვა ერთ რიგად.

კვრინჩხის მურაბა

• 2 კგ კვრინჩხის ნაყოფი;

• 1 კგ ვაშლი;

• 500 გ შაქარი ყოველ 500 მლ ხილის წვენზე.

გარეცხეთ ვაშლი და გაჭერით შუაზე. ჩაყარეთ ქვაბში. გარეცხეთ კვრინჩხის ნაყოფი და ასევე ჩაყარეთ ქვაბში.

ჩაასხით წყალი ხილის დაფარვამდე და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე კვრინჩხის ნაყოფისა და ვაშლის კარგად ჩაშლამდე.

მიღებული მასა ერთი ღამით დატოვეთ საწურზე. წვენის რაოდენობის მიხედვით დაამატეთ შესაბამისი რაოდენობის შაქარი. გააცხელეთ 105°C-მდე, ადუღეთ 2 წუთის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში თუ მიღებული მასა საკმარისად ბლანტია, ცივ თეფშზე მცირე რაოდენობით გადმოღებისას იგი უნდა შედედდეს 1 წუთში. მოაცილეთ ქაფი და ჩაასხით სტერილიზებულ ქილებში.

მოხუფვამდე დააცადეთ გაგრილება. მოხუფულ მდგომარეობაში შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას, ხოლო გახსნილი ქილა — მაცივარში.

შენიშვნა:იმის მიხედვით მჟავე გსურთ რომ გამოვიდეს მურაბა თუ ტკბილი, შეგიძლიათ ცვალოთ კვრინჩხისა და ვაშლის პროპორციები. რაც მეტი იქნება მასში კვრინჩხის ნაყოფი, მით მჟავე გამოვა მურაბა.

ავტორი:ლადო ბასილიძე – ტყის არამერქნული პროდუქტების სპეციალისტი.
/ტყის არამერქნული პროდუქტებიდან შემოსავლების მიღების შესაძლებლობები/

იხილეთ აგრეთვე: კვრინჩხი (Prunus Spinosa L, Терн колючий) — სამკურნალო მცენარეები

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
თქვენი საეკლამო ბანერი
აგროკავკასია FB