კვერცხის არჩევის, შენახვის და მოხმარების წესები

როგორ, შევინახოთ, კვერცხი

შენახვის და მოხმარების წესები და ვადები

კვერცხის შენახვისას მთავარია, რომ:

  • მუდმივად დაცული იყოს საკმარისად გრილი ტემპერატურა (+20ºC-ზე მაღალ ტემპერატურაზე კვერცხი გაფუჭებას იწყებს).
  • არ დაზიანდეს კვერცხის ნაჭუჭი და თხელი, მიკროსკოპული აპკი, რომელიც ნაჭუჭს გარედან აკრავს და მიკრობებისგან იცავს. ამიტომ სრულიად დაუშვებელია შესანახი კვერცხის გარეცხვა ან უხეშად გაწმენდა — ამ დროს დამცავი აპკი ზიანდება და ნაჭუჭი მიკრობებისთვის გამტარი ხდება.

დაზიანებული ნაჭუჭიდან კვერცხში შესაძლოა მავნე მიკროორგანიზმებმა შეაღწიოს და გამრავლდეს, რაც შეიძლება ადამიანის მოწამვლის მიზეზი გახდეს.

სოფლის თუ ფერმის?

მაღაზიებში, როგორც წესი, ფერმის კვერცხები იყიდება. თუმცა ყველას შეგვიმჩნევია, რომ ე.წ. „სოფლის კვერცხი“, ანუ სოფელში, გლეხების ეზოებში ლაღად მოსეირნე ქათმების კვერცხი ბევრად უფრო გემრიელია. რომელი ჯობს რომ შევიძინოთ?

სოფლის კვერცხი მართლაც უფრო გემრიელია. ეს ძირითადად იმითაა გამოწვეული, რომ სოფლის ქათამს უფრო მრავალფეროვანი კვება აქვს: ნედლი ბალახი, ჭიაღუა, მარცვალი. ფერმის ქათმები კი სპეციალურად შეზავებული კომბინირებული საკვებით იკვებებიან — ზოგადად ბევრად უფრო ერთგვაროვანი კვება აქვთ. მაგრამ, სამაგიეროდ, ფერმაში გაცილებით მკაცრად კონტროლდება ფრინველის ჯანმრთელობა და, შესაბამისად, გაცილებით ნაკლებია კვერცხის დასნევოვნების შესაძლებლობა. თან ფერმის კვერცხის ზედაპირიც უფრო სუფთაა _ ფერმა მოწყობილია ისე, რომ კვერცხები დადებისთანავე შორდება ფრინველს და ამიტომ არ ბინძურდება.

გლეხურ მეურნეობაში ფრინველების ჯანმრთელობის კონტროლიც ნაკლებია, კვერცხის დასვრის შანსიც მეტია. გარდა ამისა, აქ ხშირად კვერცხის შენახვის ვადებს და პირობებსაც არ აქცევენ დიდ ყურადღებას (გლეხურ მეურნეობაში კვერცხებს შეიძლება უბრალოდ კარადაში აგროვებდნენ, რამოდენიმე კვირის განმავლობაში, და მხოლოდ ამის შემდეგ გაყიდონ)

მოკლედ რომ ვთქვათ, ფერმის კვერცხი გარანტირებულად უფრო საღი და უვნებელია. თუმცა გემოთი და კვებითი ღირებულებით სოფლის კვერცხს ჩამორჩება. ამიტომ, გირჩევთ, სოფლის კვერცხი მხოლოდ კარგად მოხარშული ან შემწვარი მიირთვათ. ხოლო თუკი უმი კვერცხის კერძს ამზადებთ _ ამისთვის ჯობს ფერმის კვერცხი გამოიყენეთ!

ყოველი შემთხვევისთვის მაინც იცოდეთ: თუკი უმი კვერცხის მიღებიდან 12-24 საათში დაგეწყოთ შემცივნება, გულის რევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ფაღარათი — შესაძლოა ეს სალმონელიოზის ნიშნები იყოს. არ შეშინდეთ, დაავადება ანტიბიოტიკებით კარგად იკურნება. მაგრამ აუცილებლად და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

რას ნიშნავს დიეტური კვერცხი?

„დიეტური“ კვერცხი უბრალოდ ახალს ნიშნავს. დადებიდან 7 დღის განმავლობაში (+20ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე შენახვის პირობებში) კვერცხი დიეტურად ითვლება, ამის შემდეგ კი ე.წ. „ჩვეულებრივი“ კვერცხი ხდება (ანუ უფრო ნაკლები ხარისხის, ვიდრე დიეტური). +20°C ტემპერატურაზე ჩვეულებრივი კვერცხი 25 დღე ინახება, ხოლო 0°-იდან +2°C-მდე ტემპერატურის პირობებში – 120 დღე.

თუმცა შენახვისას კვერცხი წონასაც კარგავს და კვებითი ღირებულებაც უქვეითდება. თანდათან მცირდება ნაჭუჭის დამცავი აპკის სიმტკიცეც, ასე რომ იზრდება მიკროორგანიზმების კვერცხის შიგთავსში შეღწევისა და გამრავლების შესაძლებლობა. ამიტომ უნდა შეეცედოთ, რაც შეიძლება ახალი კვერცხი შეიძინოთ და მიირთვათ.

კვერცხის არჩევა

კვერცხის არჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი:

  • კვერცხის ნაჭუჭის ფერს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
  • მთავარი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ _ რამდენი ხნისაა კვერცხი — რაც ახალია, მით უფრო სასარგებლოა იგი. ამიტომ ეცადეთ შეიძინოთ რაც შეიძლება ახალი კვერცხი. ფერმის კვერცხის შეფუთვაზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული გამოშვების თარიღი და ვარგისიანობის ვადა (ან თარიღი). მოძებნეთ ეს წარწერა.
  • მიაქციეთ ყურადღება, რა პირობებში ინახებოდა კვერცხი მაღაზიაში. ნუ შეიძენთ კვერცხს, რომელიც მაღაზიაში გაგრილების გარეშე, სიცხეში ალაგია.

ნუ შეიძენთ ფერმის კვერცხს, რომელსაც შეფუთვაზე გამოშვების თარიღი არ აწერია!

თუ ეჭვი გაქვთ, რომ კვერცხი შესაძლოა საღი არ იყოს (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ”სოფლის კვერცხს” ყიდულობთ), გირჩევთ კარგად დააკვირდეთ და ეს რჩევები გაითვალისწინოთ:

  • ახალ კვერცხს არ უნდა ჰქონდეს კრიალა ზედაპირი, ის უნდა იყოს მქრქალი. ხელის გადასმის დროს უნდა შეიგრძნობოდეს ხაოიანი ზედაპირი, ძველი კვერცხის ზედაპირი პრიალებს;
  • დაყნოსეთ. მას არ უნდა ჰქონდეს სუნი, თუ სუნი აქვს, წარმოიდგინეთ, გატეხვის შემდეგ რა მძაფრი სუნი ექნება.
  • თუ გახედავთ ქათმის კვერცხს სინათლეზე, მას უნდა ქონდეს ერთგვაროვანი ღია–ნარინჯისფერი ფერი, ყოველგვარი მუქი ლაქების გარეშე. მუქი ლაქები ნიშნავს, რომ კვერცხი გაფუჭებულია.

თუ საშუალებაა, კვერცხის სიახლე შეიძლება წყალში ჩადებით შემოწმდეს. ამისთვის ჩაასხით ჭიქაში 3/4 მოცულობა წყალი და ფრთხილად ჩაუშვათ მასში კვერცხი:

  • 1 კვირის კვერცხი ტივტივებს წყალში ვერტიკალურ მდგომარეობაში;
  • კვერცხი, რომელიც დადებულია 3 კვირის ან მეტის წინ, მაშინვე წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება (მისი ნაწილი ამოვა წყლის ზემოთ);

არ შეიძინოთ კვერცხი, თუკი შეამჩნევთ რომ:

  • ნაჭუჭი დაზიანებულია ან გატეხილია;
  • ნაჭუჭი დასვრილია;
  • ნაჭუჭი პრიალებს;
  • კვერცხს არასასიამოვნო სუნი აქვს.

კვერცხის შენახვა და მოხმარება სახლში

კვერცხი სასურველია მაცივარში შეინახოთ.

მოხმარების წინ კვერცხი უნდა გაირეცხოს: სუფთა ნაჭუჭზეც კი ყოველთვის არის მიკროორგანიზმები, მათ შორის შესაძლოა პათოგენურებიც, რომელიც გატეხვისას შესაძლოა კვერცხის ცილაში მოხვდეს.

სასურველია ყოველი კვერცხი ცალ-ცალკე ჭურჭელში გატეხოთ, რათა მისი სისაღე შეამოწმოთ. ახალი, საღი კვერცხის ცილა მკვრივია მისი საზღვარი კარგადაა გამოხატული და თეფშზე გადმოსხმისას ინარჩუნებს კვერცხის ფორმას, ხოლო გულს თითქმის ბურთის ფორმა აქვს. თუ კვერცხის ცილა თხევადია ხოლო გული გაწელილია ეს არც თუ ისე ახალი კვერცხია, (თუმცა მისი საკვებად გამოყენება შესაძლებელია).

კვერცხი უნდა იხარშოს არანაკლებ 5 წუთი, რომ თავი დავიცვათ სალმონელოზისგან.

ნუ მოიხმართ კვერცხს, რომლის გატეხვისას აღმოაჩენთ, რომ:

  • კვერცხს ცუდი სუნი აქვს;
  • გული ნაჭუჭზე მიმხმარია;
  • ნაჭუჭის შიდა მხარეს ობი აქვს მოკიდებული;
  • კვერცხის გული მომწვანოა;
  • კვერცხის ცილა და გული ერთმანეთში არეული;
  • კვერცხს სისხლიანი ჩანართები აქვს.

რა თქმა უნდა, თუკი აღმოაჩენთ, რომ კვერცხი ცუდია, მომავალში შეეცადეთ იგი სხვა მიმწოდებლისგან შეიძინოთ. თუმცა ასევე კარგს იზამთ, თუკი აცნობებთ მაღაზიას იმის შესახებ, რომ მისი მოყიდული კვერცხი გაფუჭებული იყო — მისთვის ეს ნამდვილად ფასეული ინფორმაციაა. შეეცადეთ დაუბრუნოთ იგი მათ.

და ბოლოს: ნუ ჩადებთ ახალ კვერცხს ძველის შეფუთვაში, ვინაიდან ეს უკანასკნელი შესაძლოა სალმონელით იყოს დაბინძურებული. გამოიმუშავეთ ჩვევა: კვერცხების ერთჯერადი შეფუთვა დაცლისთანავე გადააგდეთ! მაცივარში კვერცხების ჩასადები უჯრა კი რეგულარულად გაწმინდეთ რაიმე ანტისეპტიკური ხსნარით.

წყარო: momxmarebeli.ge

თქვენი რეკლამა