კანა – თქვენი ეზოს მშვენება

კანა, ყვავილი, ყვავილები

კანა (ოჯ. Cannaceae) გვარი ითვლის 50-მდე სახეობას, რომლებიც ბუნებრივად გავრცელებულია სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში, ინდოეთსა და ჩინეთში.

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეებია ბოლქვისებური ფესურებით.

ღეროები სწორმდგომია, დაუტოტავი. ფოთლები დიდია, ელიფსური ან ოვალურ- წაგრძელებული, წამახვილებული, 25-80 სმ სიგრძის და 10-30 სმ სიგანის, მწვანე, ზოლებიანი ან ალისფერ-ბრინჯაოსფერი;

ყვავილები სხვადასხვა ელფერის წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი და ვარდისფერია, ან თეთრი, უსუნო, მსხვილი, ასიმეტრიული, მოკლე ყვავილსაჯდომზე, კენწრულ მტევან ან საგველა ყვავილედად შეკრებილი. ნაყოფი კოლოფია. თესლები მსხვილია, ღია ყავისფრიდან შავ-ყავისფრამდე.

კანა, ყვავილი, დეკორატიული

 

კანა ინდური – Canna indica

• ბოტანიკური აღწერა

გავრცელებულია ტროპიკულ ამერიკაში. 100-150 სმ სიმაღლის ფესურიანი მრავალწლოვანი მცენარეა მსხვილი, დაუტოტავი ღეროთი და კიდემთლიანი, მორიგეობით განლაგებული მსხვილი (სიგრძე 50 სმ, სიგანე 25 სმ-მდე) მწვანე ან მუქი წითელი ფერის ფოთლებით.

ყვავილები მსხვილია, წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, თეთრი, ჭრელი, 12-15 სმ დიამეტრის, თავთავისებურ ყვავილედად შეკრებილი. ყვავილობა გრძელდება ივლისიდან აგვისტომდე.

მრავლდება ფესურის დაყოფით და თესლით (ამ უკანასკნელ შემთხვევაში ხდება ჯიშობრივი თვისებების ძლიერი დათიშვა).

კანა, ყვავილი, დეკორატიული

• აგროტექნიკა

ესაჭიროება ნათელი, მზიანი, ცივი ქარებისაგან დაცული ადგილები, ღრმად დამუშავებული, საკვები ნივთიერებებით მდიდარი, ფხვიერი ნიადაგი. ვეგეტაციის პერიოდში მცენარეს ესაჭიროება უხვი რწყვა და ნიადაგში სასუქების შეტანა.

უხვი ყვავილობის უზრუნველსაყოფად ნიადაგში შეაქვთ ნაკელი. კანა გრუნტში ირგვება 5-10 სმ სიღრმეზე და ერთმანეთისაგან 50-75 სმ დაშორებით.

ზამთარში კანის ფესურებს მშრალ სარდაფში, ან ცივ ორანჟერეაში 7—8° ტემპერატურაზე ინახავენ: ფესურების ფენას მსუბუქად აყრიან მიწას ან ქვიშას, შემდეგ აწყობენ კვლავ ფესურებს, კვლავ მიწას ან ქვიშას, და ა.შ. დროდადრო ამოწმებენ, რომ დამპალი და დაზიანებული ეგზემპლარები მოაცილონ.

მარტში ფესურებს მიწას აცილებენ, აჭრიან ძველ ფესვებს და ყოფენ რამდენიმე ნაწილად. დაყოფილი ფესურები გასაღვიძებლად უნდა განთავსდეს თბილ ორანჟერეაში სტელაჟებზე და დროდადრო ფრთხილად დაეპკუროს წყალი, ოღონდ არა ისეთი ჭარბი რაოდენობით, რომ მათი ლპობა დაიწყოს.

მარტის ბოლოს ფესურებს ათავსებენ გრუნტის ზედაპირზე ერთმანეთთან ახლოს და ზემოდან მიწას აყრიან. ფოთლების განვითარების შემდეგ, მცენარეებს სათითაოდ იღებენ და 11-13 სმ-იან ქოთნებში რგავენ.

ივნისში კარგად განვითარებული ჩითილები უკვე საყვავილე ღეროების განვითარებას იწყებენ.

კანა, ყვავილი, დეკორატიული

გამოყენება

გამოიყენება სოლიტერად, ყვავილნარების ცენტრში, ჯგუფურ ნარგაობებში, ვაზონებში გამოსაზრდელად. კანები კარგად გამოიყურება აივნებსა და ტერასებზე. კარგად ეხამება პირთეთრას და დაბალმოზარდ კოლეუსებს.

წყარო: „ბაღის დიზაინერი“ შედგენაზე მუშაობდნენ: ლია ქურციკიძე; ქეთევან გელაშვილი; მანანა ელბაქიძე.

კანა, ყვავილი, დეკორატიული

იხილეთ აგრეთვე: კავკასიური სოჭი – რჩევები: თესვა, დარგვა, მოყვანა

თქვენი რეკლამა