გარემოსდაცვითი კონტროლი მკაცრდება – რა შეიცვალა კანონმდებლობაში

გარემოს, დაცვა

გარემოსდაცვითი კონტროლის გამკაცრების მიმართულებით კანონმდებლობაში არსებითი ცვლილებები შევიდა. აღნიშნულ ცვლილებებზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსი არჩილ ადამია საუბრობს.

რა შეიცვალა კანონმდებლობაში გარემოსდაცვითი კონტროლის გამკაცრების მიმართულებით?

– საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და ნარჩენების მართვის კოდექსში შეიტანა ცვლილებები, რომელიც, მნიშვნელოვანწილად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს ეხება. აღნიშნული ცვლილებები 2018 წლის 11 მაისიდან ამოქმედდა.

ბატონო არჩილ, დავიწყოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებით, როგორც ცნობილია, გამკაცრდა სანქციები სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევაზე, ხე-ტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევასა და ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხაზე. კონკრეტულად რა ცვლილებებს გულისხმობს ახალი რედაქცია?

– ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვნად იმატა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროების რიცხვმა, რომელთა ფუნქციონირების ერთადერთი მიზანია არალეგალურად/უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადამუშავება.

დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს. აღნიშნული დარღვევისათვის გათვალისწინებული იყო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, თუმცა რეალობამ აჩვენა, რომ მოქმედი კანონმდებლობა ვერ ქმნიდა შემაკავებელ ეფექტს კანონდამრღვევთათვის.

გამომდინარე აღნიშნულიდან, სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, კოდექსს დაემატა ახალი 2871 მუხლი, რომლის შესაბამისადაც – დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროს გამოვლენის შემთხვევაში, მისი მფლობელის მიმართ დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რაც დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. ხოლო იმავე ქმედების არაერთგზის ჩადენის შემთხვევაში – ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ორ წლამდე.

სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილება ასევე ეხება წიაღით უკანონო სარგებლობას. კერძოდ – კოდექსის 299-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად – წიაღით უკანონოდ სარგებლობისთვის ასევე დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, როდესაც პირი, ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდგომ, კვლავ უკანონოდ მოიპოვებს სასარგებლო წიაღისეულს.

პასუხისმგებლობა ასევე გამკაცრდა და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი გახდა ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხა, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე ან დაცულ ტერიტორიებზე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხა და მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან საშეშე მერქნის კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ტრანსპორტირება.

აღნიშნული დარღვევებისათვის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგება იმ პირის მიმართ, რომელიც ადმინისტრაციულ სახდელდადებულია ასეთი დარღვევის განმეორებით ჩადენისათვის.

სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული აღნიშნული ცვლილებები, ჩვენი აზრით, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს უკანონო ტყითსარგებლობისა და წიაღით უკანონო სარგებლობის კუთხით ბოლო პერიოდში მომატებული დარღვევების შემცირებას და მნიშვნელოვან შემაკავებელ ეფექტს იქონიებს.

ყველაზე მეტი ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა. რა მიმართულებებს შეეხო რეგულაციების გამკაცრება?

– ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებები, რომელთაგან გამოვყოფ რიგ მნიშვნელოვან საკითხებს: ცვლილება განხორციელდა კოდექსის 22-ე მუხლში, რომლის შესაბამისადაც – თუ პირი კვლავ ჩაიდენს ისეთ დარღვევას, რის გამოც სასამართლომ მას უკვე შეუფარდა ჯარიმა ან გამოუცხადა სიტყვიერი შენიშვნა, მის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენების შესაძლებლობას კოდექსი აღარ უშვებს.

კოდექსის 571 მუხლი ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობისთვის ითვალისწინებდა მხოლოდ ჯარიმას და არ იყო გათვალისწინებული არც უკანონოდ მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის და არც სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაცია.

როგორც არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, მოქმედი სანქცია ვერ უზრუნველყოფდა სამართალდარღვევის შემაკავებელ ეფექტს და საჭიროებდა გამკაცრებას. განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობისთვის უკვე გათვალისწინებულია ჯარიმა 1 000-დან 1 500 ლარამდე, სამართალდარღვევის იარაღისა და სამართალდარღვევის ობიექტის (მყარი სასარგებლო წიაღისეულის) კონფისკაციით.

ასევე აღსანიშნავია, რომ ამავე მუხლს დაემატა შენიშვნა, რომლის შესაბამისადაც, თუ სამართალდარღვევის ობიექტი (მყარი სასარგებლო წიაღისეული) განთავსებულია სატრანსპორტო საშუალებაზე, საქმის განხილვის დასრულებამდე ხდება სატრანსპორტო საშუალების დროებით ჩამორთმევა (მასზე განთავსებულ მყარ სასარგებლო წიაღისეულთან ერთად) და სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა.

ტრანსპორტირებისა და სადგომზე შენახვის ხარჯები დაეკისრება სამართალდამრღვევს. სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს (მესაკუთრეს) დაუბრუნდება სამართალდარღვევის საქმეზე შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ჯარიმის გადახდის და წიაღით უკანონოდ სარგებლობისათვის დაკისრებული გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტის და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ან მინდობილობის წარმოდგენის შემთხვევაში.

კოდექსი 64-ე და 641 მუხლების სანქციები ითვალისწინებდა მხოლოდ დაჯარიმებას, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სამართალდარღვევა უკავშირდება სახელმწიფო ტყის ფონდის ან დაცულ ტერიტორიებზე ხე-ბუჩქნარის, ტყის კულტურების, მერქნიან მცენარეთა უკანონოდ გაჩეხას, დაზიანებას ან მოსპობას, ორივე მუხლში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, შესაძლებელი გახდა სამართალდარღვევის იარაღისა და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაცია.

როგორც არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, 86-ე მუხლის (მუხლი 86. თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების, ნადირობის წესების და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა) მოქმედი სანქციები ვერ უზრუნველყოფდა სამართალდარღვევის შემაკავებელ ეფექტს.

ბოლო პერიოდში, მომატებული იყო არასამონადირეო ტერიტორიებზე, ასევე დაცული ტერიტორიების მიმდებარე ბუფერულ ზონებში არასანადირო სახეობებზე (გარეული ღორი, მაჩვი, შველი და ა.შ) აკრძალული საშუალებებით უკანონოდ ნადირობის – ბრაკონიერობის ფაქტები. ასევე გაზრდილი იყო თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტები.

შესაბამისად, გამკაცრდა კოდექსის 86-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები, რომლის თანახმადაც:

86-ე მუხლის ყველა ნაწილში საჯარიმო თანხა დადგენილი იქნა ფიქსირებული ოდენობით;

86-ე მუხლით დადგინდა პასუხისმგებლობა ნადირობის წესების განმეორებით დარღვევისათვის (ნაწილების მიხედვით) და ასეთი დარღვევებისთვის სამართალდამრღვევს დაეკისრება გაორმაგებული ჯარიმა და ამავე დროს გარკვეული დროით (შესაბამისად 1, 2 ან 3 წლით) ჩამოერთმევა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება.

ბატონო არჩილ, რაც შეეხება ნარჩენების მართვის კოდექსს, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესთან მიმართებაში, რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?

– საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით და ქვეყანაში პლასტიკის პარკების მოხმარების ეტაპობრივი შემცირების მიზნით, საჭირო გახდა შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების შემოღება.

აღნიშნული რეგულაციები მიზნად ისახავს ბიოდეგრადირებადი პარკების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, გარკვეული პარამეტრების პლასტიკის პარკების იმპორტის, წარმოებისა და რეალიზაციის შეზღუდვას და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენას.

გამომდინარე აქედან, ნაჩენების მართვის კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაევალა, 2018 წლის 1 ოქტომბრამდე შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგინოს „ტექნიკური რეგლამენტი − პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის“ შესახებ.

ამავე მიმართულებით ცვლილება განხორციელდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (ამოქმედდება 2018 წლის 1 ოქტომბრიდან) და დადგინდა შესაბამისი პასუხისმგებლობა პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესის დარღვევისათვის.

კონტროლს აღნიშნული წესის მოთხოვნების დაცვაზე განახორციელებენ:

• სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი – პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში;

• ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურები – პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში;

• საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური – პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში.

„ჩვენი სოფელი“

თქვენი რეკლამა