მეაბრეშუმეობის დარგის მიმოხილვა, ბაზრები, მომხმარებელი

აბრეშუმი, ბაზრები, კვლევა

მეაბრეშუმეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის უძველესი დარგია. იგი, იყო მოსახლეობის მასიური დასაქმების საშუალება და ფულადი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო.

გასული საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში იწარმოებოდა 4,0-4,4 ათასი ტონა პარკი და ფულადი შემოსავალი15,5-16,5 მილიონ მანეთს შეადგენდა. აბრეშუმის პარკის წარმოებაში დასაქმებული იყო 100-120 ათასი ოჯახი, ხოლო აბრეშუმის მრეწველობაში 5-6 ათასი კაცი.

დარგში კონცენტრირებული იყო მძლავრი ინტელექტუალური რესურსი და სოლიდური კაპიტალური დაბანდება. სამწუხაროდ, სწორედ ამ ეტაპზე გავრცელდა თუთის მიკოპლაზმური დაავადება- ფოთლის სიხუჭუჭე, რომელმაც გაანადგურა 15 მილიონამდე ძირი მცენარე, თანდათანობით შემცირდა პარკის წარმოება, ხოლო ბოლო პერიოდში კი მთლიანად შეწყდა.

დარგის სტრუქტურა საბჭოთა კავშირის პერიოდში

საბჭოთა კავშირის პერიოდში მთლიანად აბრეშუმის მოყვანისა და წარმოების ინდუსტრია ორ ძირითად დარგად იყოფოდა და შესაბამისი სამინისტროების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო. კერძოდ, მეაბრეშუმეობა გრენის შექმნიდან აბრეშუმის პარკის მიღებამდე სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეროგატივა იყო, ხოლო მიღებული აბრეშუმის პარკიდან ძაფის ამოხვევასა და ქსოვილების დამზადებას მსუბუქი მრეწველობის სამინიტრო მართავდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო მეაბრეშუმეობის სამმართველო, რომელიც თავის მხრივ მართავდა რაი აბრეშუმს, სასელექციო სადგურს, საგრენაჟე ქარხანას და ასევე მონიტორინგს უტარებდა კოლმეურნეობების მფლობელობაში არსებულ სანერგეებს.

იმ პერიოდისთვის არსებობდა 48 რაი აბრეშუმი /სათაო პარკსაშრობი/, 2 სასელექციო სადგური და 5 საგრენაჟე ქარხანა /გრენაჟი – აბრეშუმხვევია პეპლებისგან გრენის მიღება/. რაი აბრეშუმს ეკუთვნოდა 150 პარკსახმობი, სადაც ხდებოდა აბრეშუმის ნედლი პარკის გამოშრობა და ასევე გააჩნდა საკუთარი სანერგეები საკვები ბაზის უზრუნველსაყოფად.

სასელექციო სადგურები მდებარეობდა თელავსა და ხონში – 1 სადგური აღმოსავლეთ საქართვლოში, ხოლო მეორე კი დასავლეთ საქართველოში. მას გააჩნდა საკუთარი მცირე ზომის თუთის პლანტაციები, რომელიც გამოიყენებოდა სასელექციო სადგურში გამოყვანილი ჭიის გამოსაკვებად. რაც შეეხება საგრენაჟე ქარხნებს, მათი რაოდენობა ხუთი იყო, საიდანაც ოთხი მათგანი დასავლეთ საქართველოში იყო კონცენტრირებული.

რაც შეეხება ჰაერმშრალი პარკის მიღებიდან ქსოვილის დამზადებამდე პროცესს, მას სათავეში მსუბუქი მრეწველობის სამინისტრო ედგა. სამინისტროს ექვემდებარებოდა ძაფ სახვევი ქარხნები, რომლებიც მდებარეობდა სამტრედიაში, ხონში, ოზურგეთში, თელავში, ქუთაისსა და თბილისში. ქუთაისისა და თბილისის ქარხნებში მიღებული ძაფიდან ასევე იქსოვებოდა ქსოვილი.

დარგის არსებული მდგომარეობა

საქართველოში თუთის ფოთლის დაავადების გავრცელების შედეგად მეაბრეშუმეობის მთლიანი ინდუსტრია თანდათან შეიკვეცა და ამ პროცესის შეჩერება ვერ მოხერხდა თუნდაც თუთის სხვა გამძლე ჯიშებით ჩანაცვლებით ან სხვა ტექნოლოგიური ცვლილებებით. შესაბამისად, ბაზარი მეტად ვერ განვითარდა და მეაბრეშუმეობამ საქართველოში პრაქტიკულად შეწყვიტა არსებობა.

მეაბრეშუმეობის ინდუსტრია საქართველოში ჯერ-ჯერობით გაჩერებულია. უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე იყო მცდელობა მისი აღორძინების, თუმცა სხვადასხვა მნიშვნელოვანი პრობლემების გამო ეს მცდელობები უშედეგოდ დასრულდა.

კონკრეტულად, 2007 წელს ბოლნისში დამზადდა აბრეშუმის პარკი, თუმცა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხების უკმარისობის გამო ვერ მოხერხდა ინდუსტრიის შემდგომი საფეხურების განვითარება.

დღევანდელი მდგომარეობით, სს „საქაბრეშუმის“ ბალანსზე დარჩენილია გარკვეული რაოდენობის შენობა-ნაგებობები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ასევე სასოფლო და არასასოფლო მიწის ნაკვეთები.

საერთაშორისო ბაზარი

მსოფლიოს მასშტაბით აბრეშუმის ბაზარი საკმაოდ დიდია და განაგრძობს ზრდას. აბრეშუმის პარკისა და ძაფის წარმოების მხრივ იკვეთება რამდენიმე გიგანტი ქვეყანა, რომლებსაც მსოფლიო ბაზრის 80%-ზე მეტი უჭირავთ, დანარჩენი ნაწილი კი გადანაწილებულია შედარებით მცირე ქვეყნებზე.

აბრეშუმის საერთაშორისო ბაზარზე ძირითად სავაჭრო პროდუქტებს წარმოადგენს აბრეშუმის პარკი, ხამი ძაფი და ასევე აბრეშუმის პარკის ნარჩენები.

ქვეყნები, რომლებსაც არა აქვთ განვითარებული აბრეშუმის ადგილობრივად წარმოება, ან აბრეშუმის ნაწარმის დეფიციტს განიცდიან, აქტიურად ახდენენ პროდუქციის იმპორტს აბრეშუმის მსხვილი მწარმოებლებისგან.

ჩინეთი წარმოადგენს როგორც მსოფლიოს უმსხვილეს აბრეშუმის მწარმოებელს, ასევე უმნიშვნელოვანეს სავაჭრო რგოლსაც, რომელიც გამოირჩევა იმპორტისა და ექსპორტის დიდი მოცულობით.

რაც შეეხება აბრეშუმის საერთაშორისო ბაზრის ტენდენციას, აბრეშუმის ნაწარმზე მსოფლიოს მოთხოვნა იზრდება ფასებისა და წარმოების ზრდის პარალელურად. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჯამურად ექსპორტირებული აბრეშუმის პარკისა და ძაფის რაოდენობა კლების ტენდენციით ხასიათდება, რაც აღნიშნავს ადგილობრივი მოთხოვნის ზრდას მწარმოებელ ქვეყნებში.

ადგილობრივი ბაზრის საერთო წლიური მოცულობა

აბრეშუმის ნაწარმი საქართველოში პოპულარობით სარგებლობს. აღნიშნული ნაწარმი შემოიფარგლება მხოლოდ აბრეშუმის ძაფით, ქსოვილებით ან უშუალოდ ტანსაცმლით.

საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგის გაჩერებასთან ერთად აღარ მიმდინარეობს მეაბრეშუმეობის ძირითად პროდუქტების, როგორიცაა აბრეშუმის ჭია, გრენა, და პარკი, წარმოება ან ამ პროდუქტებით ვაჭრობა.

ადგილობრივი ბაზრის მოცულობის განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ იმ საბოლოო პროდუქტების ანალიზით, როგორიცაა აბრეშუმის ძაფი, ქსოვილი ან ტანსაცმელი. აღნიშნული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია მოგვცემს ზოგად სურათს აბრეშუმის ნაწარმის მოთხოვნისა და საბაზრო პოტენციალის შესახებ.

საქართველოში ამჟამად არ ხორციელდება აბრეშუმის ძაფებისა და ქსოვილების წარმოება. შესაბამისად, ადგილობრივი ბაზრის საერთო წლიური თანხობრივი მოცულობა ამჟამად განისაზღვრება იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებით.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, 2014 წელს ადგილობრივ ბაზარზე 66 ათასი აშშ დოლარის ღირებულების აბრეშუმის ნაწარმი შემოვიდა, მათ შორის აბრეშუმის ძაფი, ქსოვილები და მცირე ღირებულების აბრეშუმის პარკი (იხილეთ ცხრილი 1. 2012-2015 წლებში იმპორტირებული აბრეშუმის ნაწარმი (ათასი აშშ დოლარი)).

აღნიშნული მოცულობა საკმაოდ ცვალებადია ბოლო 3-4 წლის მანძილზე. ყველაზე დიდი ღირებულების პროდუქცია 2012 წელს შემოვიდა, ხოლო 2015 წლის იანვარი-ივნისის პერიოდისათვის მხოლოდ მცირე ღირებულების აბრეშუმის ძაფის იმპორტი დაფიქსირდა.

ადგილობრივი ბაზარი

ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნა შემოიფარგლება მხოლოდ აბრეშუმის ძაფის, ქსოვილებისა და უშუალოდ ტანსაცმლისა და აქსესუარების საბაზრო მოთხოვნით. რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს, აბრეშუმის ინდუსტრიის განვითარების დონე ქმნის მოთხოვნას ისეთ პროდუქტებზე როგორიცაა აბრეშუმის ჭია, გრენა და პარკი.

ადგილობრივ ბაზარზე გვხვდება აბრეშუმის იმპორტირებული ნაწარმი, როგორიცაა ქსოვილები, ძაფები, ტანსაცმელი. იმპორტირებული აბრეშუმის ქსოვილები 3 კატეგორიად იყოფა: აბრეშუმის სავარცხლური ანაჩეჩის ქსოვილები, აბრეშუმის ნატურალური ქსოვილები (აბრეშუმის 85% ან მეტი შემცველობით) და სხვა აბრეშუმის ნარევი ქსოვილები.

ადგილობრივი მოთხოვნა აბრეშუმის ქსოვილების გარდა ფიქსირდება აბრეშუმის ტანსაცმელსა და აქსესუარებზე, რომელიც საკმაოდ მაღალია. უკანასკნელი 3 წლის მანძილზე აბრეშუმის ტანსაცმლისა და აქსესუარების იმპორტი იზრდება და 2014 წელს შეადგინა 1343 ათასი აშშ დოლარი. საქართველოდან აბრეშუმის ქსოვილების რეექსპორტი არ ფიქსირდება.

შესაბამისად, აღნიშნული აბრეშუმის ქსოვილები მოიხმარება ადგილობრივად. თუ იმპორტირებული აბრეშუმის ტანსაცმლისა და აქსესუარების მოცულობას ავიღებთ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნის დონედ, მაშინ ცხადია, რომ ადგილობრივი წარმოება ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნის მესამედსაც კი.

ადგილობრივ ბაზარზე აბრეშუმის ინდუსტრიის განვითარება შექმნის ახალ მოთხოვნას და გრძელვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს მსუბუქი მრეწველობის განვითარებას. ტექსტილის დარგში საქართველოს აქვს სავაჭრო ურთიერთობა ირანთან და არაბეთის გაერთიანებულ ემირატებთან. ადგილობრივ ბაზარზე შემოსული აბრეშუმის ნაწარმი ძირითადად საქართველოში რჩება.

ექსპორტზე გადის მხოლოდ აბრეშუმის ქსოვილებისაგან დამზადებული ტანსაცმლისა და აქსესუარების მცირე ნაწილი. ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ადგილობრივ ბაზარზე რეალურად არსებობს მოთხოვნა აბრეშუმისგან დამზადებულ ტანსაცმელზე, რასაც ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი წარმოება.

საექსპორტო ბაზარი

ადგილობრივი ბაზრისგან განსხვავებით, სადაც მეაბრეშუმეობის არარსებობის გამო მოთხოვნა მხოლოდ მსუბუქი მრეწველობის ნაწარმზეა, საერთაშორისო ბაზარზე მნიშვნელოვანი როლი უჭირავს აბრეშუმის ჭიას, გრენასა და პარკს, როგორც პროდუქტს.

აბრეშუმის ინდუსტრიაში ჩართული ქვეყნები, როგორებიც არიან ჩინეთი, ინდოეთი, ვიეტნამი, უზბეკეთი და სხვები ვაჭრობენ ასევე აბრეშუმის პარკის ნარჩენებითაც.

მომხმარებლების მოკლე დახასიათება

აბრეშუმის პარკის მომხმარებელი ძირითადად ორი სხვადასხვა მიმართულების ინდუსტრიაა: კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც იყენებენ უშუალოდ ცოცხალ პარკს, და ძაფ სახვევი საწარმოები, რომლებიც ჰაერმშრალი პარკის შესყიდვით არიან დაინტერესებულები.

გარდა ამისა, აბრეშუმის პარკის ნარჩენებსაც ჰყავს თავისი მომხმარებელი და ისიც ერთ-ერთ პროდუქტად განიხილება მსოფლიო ბაზარზე.

იქედან გამომდინარე, რომ ცოცხალ პარკს გადამუშავებამდე შეზღუდული ვადები აქვს, მეაბრეშუმეობის დარგში მსოფლიოს გიგანტები ნედლი პარკის გადანაწილებას კოსმეტიკის ინდუსტრიისთვის მხოლოდ ადგილობრივად ახდენენ. შესაბამისად, უცნობია აღნიშნული პროდუქტით ვაჭრობის სტატისტიკური მონაცემები.

რაც შეეხება ჰაერმშრალ პარკსა და ნარჩენებს, აღნიშნული პროდუქტებით ვაჭრობა აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისო ბაზარზე და მათი მომხმარებლები არიან ძირითადად ძაფ სახვევი და ქსოვილების საწარმოები სხვადასხვა ქვეყანაში.

კერძოდ, ის ქვეყნები, რომლებსაც ქვეყნის შიგნით არ აქვთ განვითარებული მეაბრეშუმეობის ინდუსტრია ან არ გააჩნიათ მისი განვითარებისთვის საკმარისი სახსრები (მიწა და იაფი მუშახელი), ახდენენ აღნიშნული ინდუსტრიის გატანას ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ან უბრალოდ ურჩევნიათ მოახდინონ ამ პროდუქტის იმპორტი სხვადასხვა ქვეყნებიდან მისაღებ ფასად.

აბრეშუმის ნაწარმის, როგორც საბოლოო პროდუქტის მყიდველები ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა ტიპის მომხმარებელია. კერძოდ, აბრეშუმის ძაფი და ქსოვილები დიდი რაოდენობით განკუთვნილია სამკერვალო ქარხნებისთვის, რომლებიც დიდი რაოდენობით კერავენ ტანსაცმელსა და აქსესუარებს ადგილობრივ ან უცხოურ ბაზარზე რეალიზაციის მიზნით.

გარდა სამკერვალო ქარხნებისა, აბრეშუმის ქსოვილებს მოიხმარს საცალო მომხმარებელიც. ამ შემთხვევაში მოხმარება მცირეა, თუმცა მოთხოვნა მაინც არსებობს ინდივიდუალური შეკვეთების სახით, რომელსაც ახორციელებენ მცირე სამკერვალო სალონები ინდივიდუალურად.

წყარო: აბრეშუმის წარმოების შესაძლებლობების და ბაზრის კვლევა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი.

იხილეთ აგრეთვე: აბრეშუმის ჭიის მოვლა

თქვენი რეკლამა