ენოთერაპია – ზომიერი რაოდენობის ღვინო ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად

660 Views

ყურძენი და მისი პროდუქტები, ანტიკური დროიდან ტრადიციული მედიცინის ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ სამკურნალო საშუალებას წარმოადგენდა.

ყურძნით, ან მისი წვენით მკურნალობას ამპელოთერაპია, ღვინით მკურნალობას კი, ენოთერაპია ეწოდება.

ენოთერაპიაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მთავარი სპეციალისტი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი თამაზ კობაიძე გვესაუბრება.

– საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის 8000-წლიანი ისტორია აქვს, რაც უკვე მეცნიერულადაც დადასტურდა და, ბუნებრივია, ჩვენს ქვეყანაში საფუძველი უნდა ჰქონოდა ყურძნისა და ღვინის სამკურნალო თვისებების შესწავლას.

ღვინოს სამკურნალო დანიშნულებით ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყენებდნენ, რასაც არაერთი ისტორიული წყარო მოწმობს. ღვინის თერაპიის სარგებლობის შესახებ წარწერა შემონახულია ეგვიპტეში პლა-ხოტეპის (ძვ. წ. IV ათასწლეული) საფლავის ქვაზე, ასევე ქალაქ ნიპურის გათხრებისას, რომელიც ძვ. წ. III ათასწლეულით თარიღდება.

ჩვენი შორეული წინაპრის, მედიცინის მატრიარქის, მედეას სამკურნალო 40-მცენარიან ნუსხაში ვაზიც მოიხსენიება. ღვინოზე დამზადებული მრავალი წამალია აღწერილი ქართულ სამკურნალო უსწორო კარაბადინშიც (X-XI სს.).

– დღეს როგორია მიდგომა ღვინით მკურნალობის მიმართ?

– დღევანდელ ცივილიზებულ ქვეყნებში ენოთერაპია აღმავლობის გზაზეა. მსოფლიოში პირველი ენოთერაპიული ცენტრი საფრანგეთში, ბორდოს პროვინციაში, XX საუკუნეში გაიხსნა. აქ პაციენტებს მკურნალობენ ღვინისა აბანოებით, ღვინისა და თაფლის სახვევებით, ღვინის ნიღბებით, დაფქვილი წიპწებით.

ანალოგიური ცენტრები იხსნება სხვა ქვეყნებშიც, თუმცა ენოთერაპიას, როგორც უკვე მოგახსენეთ, დიდი ხნის ისტორია აქვს.

– რით არის განპირობებული ღვინის სამკურნალო თვისებები?

– ღვინო რთული შემადგენლობის პროდუქტია, რომელიც უამრავ სამკურნალო თვისებების მქონე კომპონენტს შეიცავს. ის ორგანიზმს ამარაგებს მაკრო და მიკროელემენტებით, ვიტამინებით, ამინომჟავებით. მდიდარია მთრიმლავი, საღებავი, პექტინოვანი, ფენოლური ნივთიერებებით, ჯამში, 800-ზე მეტი კომპონენტით.

ორგანიზმში მოხვედრისას, ღვინის შემადგენელი კომპონენტები ცალკეულად თუ კომპლექსურად განაპირობებენ: კარდიო და რადიოპროტექტორულ, ბაქტერიოციდულ, ანტიოქსიდანტურ, ანტივირუსულ, ანტისტრესულ, ანტისიმსივნურ და სხვა მოქმედებებს.

ღვინო ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტსა და ტონუსს, ეხმარება საჭმლის შეთვისება-მონელებაში, გამოაქვს ტოქსინები, ხელს უწყობს შარდში შაქრის კონცენტრაციის შემცირებას, რის გამოც, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს დიაბეტით დაავადებულებზე.

ღვინის რეგულარულად და სათანადო დოზით მიღება აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას, ქოლესტერინსა და ლიპოპროტეინებს აბალანსებს ფიზიოლოგიურ ნორმაზე.

– ღვინის შემადგენელი რომელი კომპონენტები განაპირობებენ მის ანტივირუსულ თვისებებს?

– ღვინო საკმაოდ ფართო სპექტრის ბაქტერიციდული სითხეა. მისი მოქმედების არეალი ერთდროულად მოიცავს გრამუარყოფით და გრამდადებით ბაქტერიებს.

მის ანტიბაქტერიულ მოქმედებას პოლიფენოლები განაპირობებენ. 2-3-ჯერ განზავებული ღვინოც კი თრგუნავს და ერთ საათში მთლიანად ანადგურებს შავი ჭირის, ტიფისა და დიზენტერიის გამომწვევ ბაცილებს.

რაც შეეხება ანტივირუსულობას, ღვინის ამ მოქმედებას ტანინი განაპირობებს. ის ახდენს პროტეინული ბადის ბლოკირებას და ვირუსებს უჯრედებამდე აღარ ატარებს. ამიტომაცაა, რომ წითელი ღვინო, თუნდაც განზავებული, სპობს: პოლიმიელიტის, კოკსაკისა და ჰერპეს ვირუსებს. უკვე მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ ღვინო, გარკვეულწილად, გრიპის პროფილაქტიკასაც უზრუნველყოფს.

ჭამის პროცესში თეთრი ღვინის 100-150 მლ-ის მიღებით საგრძნობლად უმჯობესდება საკვები პროდუქტებიდან რკინის შეთვისება და ამავდროულად ხელი ეწყობა ორგანიზმიდან მავნე პროდუქტებისა და ტოქსინების გამოდევნას.

ღვინის ზომიერად დალევა საჭმლის შეთვისება-გადამუშავების დადებით ფაქტორთან ერთად ხელს უშლის ორგანიზმში ჰისტამინის გამომუშავებას, რაც ამცირებს კუჭის წვენის მჟავიანობას და იცავს კუჭსა და თორმეტგოჯა ნაწლავს წყლულოვანი პათოლოგიის განვითარებისგან. გარდა ამისა, ღვინო აჩქარებს ცხიმების მონელებას.

დადგენილია, რომ ყოველი ჭამის დროს 150-200 მლ ღვინის მიღება ზრდის ინსულინისადმი მგრძნობელობას.

– ღვინო გაჯერებულია ანტიოქსიდანტებით, რა შეგიძლიათ გვითხრათ ამის შესახებ?

– ყველა ანტიოქსიდანტის მთავარი ამოცანაა თავისუფალი რადიკალების შებოჭვა. მავნე რადიკალები მომაკვდინებლად მოქმედებენ უჯრედებზე და მთელ რიგ პათოლოგიებს აძლევენ დასაბამს.

ორგანიზმის ნაადრევად დაბერება სწორედ მავნე თავისუფალ რადიკალებს უკავშირდება.

პროფესორ მასკელეს გამოკვლევებით, წითელი ღვინის პოლიფენოლები 50-ჯერ უფრო მძლავრი ანტირადიკალური (ანტიოქსიდანტური) მოქმედებით გამოირჩევა, ვიდრე ე ვიტამინი, რომელიც ანტიოქსიდანტური მოქმედების ეტალონად არის მიჩნეული.

რამდენადაც სუფრის წითელი და თეთრი კახური ღვინოები ფენოლების მაღალშემცველნი (2,5-4,0 გ/ლ) არიან, ჭამის დროს მათი 100-150 მლ-ის ყოველდღიურად მიღება შეიძლება ჩავთვალოთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ნაადრევად დაბერებისაგან დაზღვევის გარანტად.

ღვინის ანტიოქსიდანტობა მნიშვნელოვანია რადიაციის დროს წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალების შემცირების თვალსაზრისითაც. ამით გამოიხატება ღვინის რადიოპროტექტორული მოქმედება.

1-2 ჭიქა ღვინო ეხმარება სისხლის ცირკულაციას, ხოლო მისი ზოგიერთი მქროლავი კომპონენტი (ალდეჰიდი) ისევე მოქმედებს, როგორც სისხლის წნევის დამწევი საშუალება.

დამტკიცებულია, რომ წითელი ღვინის პოლიფენოლები ამცირებენ სისხლში თრომბწარმოქმნის ალბათობას ფიბრინოგენის შემცირებისა და ფიბრინოლიზის აქტივობის გაზრდის ხარჯზე.

გასული საუკუნის ბოლოს 7 მლნ კაცზე ჩატარებული დაკვირვების სტატისტიკური მონაცემების ანალიზით გამოვლინდა, რომ საფრანგეთში, აშშ-ის მოსახლეობასთან შედარებით, გულის შეტევებისგან სიკვდილიანობა 36-56%-ით ნაკლებია. ამ სენსაციური შედეგების მიზეზად, ფრანგების მიერ წითელი ღვინის ყოველდღიურად მოხმარება დასახელდა.

გაზეთი „ჩვენი სოფელი“

„აგროკავკასია“ გისურვებთ ჯამრთელობას!

98Shares
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB