ბიზნეს გეგმის შედგენის სახელმძღვანელო და რჩევები

12017 Views

ნაწილი 1: ბიზნეს გეგმის მომზადება როგორც პირველი ნაბიჯი წარმატებული კომპანიის განვითარებაში

საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის (როგორც ერთერთი ვარიანტი) წარსადგენი ბიზნეს გეგმის მომზადება.

კარგად განვითარებული ბიზნეს გეგმა ბევრი შესაძლებლობის მომტანია:

1. კარგად ჩამოყალიბებული და სრული ბიზნეს გეგმა პროფესიონალიზმის ნიშნად მიიჩნევა.

2. ბიზნეს გეგმა თქვენ, როგორც მეწარმეს გაძლევთ იმ ბაზრის ნათელ და სრულ ხედვას, რომელზეც თქვენს ინიციატივას იწყებთ და ანვითარებთ.

3. ბიზნეს გეგმა ზრდის თანადაფინანსების მიღების შანსს ისეთი ინვესტორისგან, როგორიცაა ბანკი.

4. კარგად განვითარებული კორპორატიული საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის კომპონენტის მქონე ბიზნეს გეგმა საერთაშორისო დონორისგან დაფინანსების მიღების შანსს ზრდის.

გისურვებთ წარმატებას!

როდესაც ბიზნესის დაწყებას გეგმავთ, ყოველთვის ბიზნეს

გეგმის შემუშავებით უნდა დაიწყოთ. თქვენს ბიზნეს გეგმაში

წარმოადგენთ თქვენს ბიზნეს იდეას; თუ რა არის თქვენი

მიზნები; ვინ არიან თქვენი ახალი ბიზნესის კლიენტები და

როგორ გეგმავთ მათ მოზიდვას. ქვემოთ მოცემულია ნიმუში

ყველა იმ ძირითადი საკითხებით, რასაც თქვენი ბიზნეს გეგმა

უნდა ეხებოდეს.

პროექტის რეზიუმე

დაწერეთ თქვენი ბიზნეს გეგმის რეზიუმე. ეს რეზიუმე ერთ გვერდს არ უნდა აღემატებოდეს და მასში ნათლად უნდა იყოს ნაჩვენები, თუ რა არის თქვენს ბიზნეს გეგმაში წარმოდგენილი.

რჩევა!

ბიზნეს გეგმის რეზიუმე ბიზნეს გეგმის დარჩენილი ნაწილისთვის ერთგვარ

ფანჯარას წარმოადგენს. ინვესტორი სწორედ ამ რეზუმეს საფუძველზე

გადაწყვეტს გეგმა საკმარისად საინტერესოა თუ არა მისთვის, რომ ბოლომდე

წაიკითხოს. ამიტომ იყავით ლაკონური და ზუსტი, მაგრამ ამავდროულად

იყავით რეალისტური და არ დაგავიწყდეთ თქვენი გეგმის ძლიერი მხარეების

ხსენება. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ იმ ორგანიზაციებისა ან/და პირების

ხსენება, რომლებიც გეგმის განვითარებაში დაგეხმარათ. ისინი ბიზნესის

განვითარების შემდგომ ეტაპზე შეიძლება მნიშვნელოვანნი აღმოჩნდნენ!

1. ბიზნესი

1.1. ბიზნეს მოდელი

წარმოადგინეთ კომპანიის ბიზნეს მოდელის მოკლე აღწერა: რა იდეა გაქვთ? როგორ გეგმავთ ფულის შოვნას?

1.2. პროდუქცია/ სერვისი

წარადგინეთ თქვენი პროდუქცია/სერვისი, როგორ მუშაობს ის და რატომ იყიდის მას მომხმარებელი. აღწერეთ ის ღირებულება, რომელსაც ის შექმნის კლიენტისა და ბაზრისთვის.

რჩევა!

არ დაგავიწყდეთ, რომ როგორიც არ უნდა იყოს თქვენი გეგმა, სავარაუდოდ

თქვენი ბიზნეს იდეა ახალი არაა! უმეტეს შემთხვევაში თქვენ უკვე გეყოლებათ

აქტიური კონკურენტები ბაზარზე. ასე რომ თქვენი ბიზნეს გეგმის შესავალ

ნაწილში თქვენი თავი რაღაც ახალის ინიციატორად წარმოადგინეთ, თუმცა

რეალისტურად შეაფასეთ არსებული კონკურენციაც.

1.3 ბაზრის სტრუქტურა და ანალიზი

1.3.1 მიზნობრივი ბაზარი და მომხმარებლის ბაზა

დააკონკრეტეთ თქვენი მიზნობრივი მომხმარებელი/კლიენტი და რატომ აირჩიეთ ეს კონკრეტული ბაზარი. აღწერეთ თქვენი (პოტენციური) მომხმარებლის ბაზა და მათი მოთხოვნები. რატომ შეარჩიეთ ეს ჯგუფი/ჯგუფები?

1.3.2 ბაზრის ზომა და პოტენციალი

აღწერეთ ბაზრის ზომა (მაგალითად, არის თუ არა ის მზარდი ბაზარი, არის თუ არა სტაბილური თუ შეიძლება შეიცვალოს და ა.შ.). დაასახელეთ თქვენი მომხმარებლები/კლიენტები ან კლიენტთა ტიპები და შეაფასეთ მათი შეკვეთების ღირებულება და როდის გააკეთებენ ამ შეკვეთებს. ასევე ისაუბრეთ იმ ტენდენციებზე, რომელსაც მიზნობრივ ბაზარზე მომდევნო სამი წლის მანძილზე ელოდებით.

1.3.3 კონკურენტების ანალიზი

ვინ არის მთავარი მოთამაშე (კონკურენტი, მომწოდებელი, სხვა კომპანიები და ა.შ) თქვენს მიზნობრივ ბაზარზე? თქვენს მიზნობრივ ბაზარზე არის თუ არა სხვა კომპანია, რომელიც მსგავს მომსახურებას/საქონელს სთავაზობს? თქვენს მიერ არჩეულ ბაზარზე არის სხვა რომელიმე კომპანია, რომელიც დამატებითი მომსახურებით/ საქონლითაა წარმოდგენილი? ეს მოთამაშეები წარმატებულები არიან? თუ კი, რატომ და რა არის მათი საბაზრო წილი? თქვენი მიზნობრივი ბაზარი კვლავ ფართოდ ღიაა თუ მასზე შესვლა ძნელია და რატომ? სად მდებარეობენ ეს კონკურენტები? რა ფასში სთავაზობენ ისინი თავიანთ მომსახურებას/საქონელს?

1.3.4 კონკურენტული უპირატესობა

რა არის თქვენი საქონლის/ მომსახურების უნიკალური კომერციული მახასიათებელი;

როგორ გაართმევთ თავს პოტენციური კონკურენტების რისკს? (სამართლებრივად)

როგორ დაიცავთ თქვენს საქონელს?

1.4 მარკეტინგი და დისტრიბუცია

1.4.1 მარკეტინგი & კომუნიკაცია

თქვენი (პოტენციური) მომხმარებლები როგორ შეიტყობენ თქვენი საქონლის შესახებ? რა საშუალებებს გამოიყენებთ (მედია, ბროშურები, რეკლამები, პიარის სხვა მეთოდები) თქვენი მიზნობრივი ბაზრის მოსაზიდად?

1.4.2 დისტრიბუცია

დეტალურად იმსჯელეთ თქვენი საქონლის/მომსახურების დისტრიბუციზე. როგორ შექმნით დისტრიბუციის ქსელს? გამოიყენებთ თუ არა დისტრიბუციის (არსებულ) არხებსა და ქსელებს?

1.4.3 გაყიდვები

როგორია თქვენი გაყიდვების მიზნობრივი ნიშნული? როგორ მიაღწევთ ამ ნიშნულს? მთლიანი ბაზრის რა პროცენტს დაიკავებთ?

1.5 საწარმოო პროცესი & განვითარება

აღწერეთ თქვენი საქონლის ან მომსახურების საწარმოო პროცესი. როგორ მოხდება თქვენი საქონლის განვითარება? რა რესურსები გჭირდებათ ამისთვის და როგორ მოიპოვებთ ამ რესურსებს? თქვენი საქონლისთვის/მომსახურებისთვის არსებობს თუ არა ხარისხის სტანდარტები ან მოთხოვნები, ან საჭიროა თუ არა რაიმე სერთიფიკატი?

1.6 მომწოდებლები და ნედლეული

წარმოადგინეთ თქვენი საქონლის/მომსახურების მიწოდების ქსელი. თქვენთვის საჭირო რესურსების მოსაპოვებლად რომელ მომწოდებლებზე ამყარებთ იმედებს და მათთან უკვე გაქვთ თუ არა გაფორმებული ხელშეკრულებები? არსებობს თუ არა გარკვეული სეზონური ფაქტორები? კერძოდ, გაყიდით თუ არა უფრო მეტ საქონელს წლის სხვადასხვა პერიოდში?

1.7 კომპანიის სტრუქტურა

1.7.1 მენეჯმენტი და პერსონალი

პერსონალში შედის ყველა ის ადამიანი რომელიც თქვენს ბიზნესში სახელფასო განაკვეთზეა. რა გამოცდილება და ცოდნა გჭირდებათ თქვენი პერსონალისგან და უკვე რა კონტიგენტი გყავთ? აღწერეთ თქვენი მენეჯმენტის გუნდი; ვინ არიან თქვენი გუნდის წევრები, მათი პოზიცია და მათი შესაბამისი გამოცდილება.

1.7.2 იურიდიული სტატუსი

რა იქნება თქვენი კომპანიის იურიდიული სტატუსი? აღწერეთ რა ლიცენზიები ან/და ნებართვები გჭირდებათ თქვენი ბიზნესის დასაწყებად. ასევე აღნიშნეთ, ყველა ის მოქმედი პოლიტიკა, რომელიც შეესაბამება თქვენს კომპანიას. თუ თქვენი ინიციატივა „ტრანსსასაზღვროა“, მეორე ქვეყნის სამართლებრივ ნორმებსაც შეეხეთ.

1.7.3 პარტნიორები და სპონსორები

იმუშავებთ თუ არა ტექნიკურ ან ფინანსურ პარტნიორებთან ერთად? რა არის მათი როლი, მოტივები და პასუხისმგებლობა? უკვე შეარჩიეთ თუ არა პარტნიორები, თუ არა, როგორ მოხდება მათი შერჩევა? კიდევ რომელი მხარე იქნება თქვენს ბიზნესში ჩართული?

1.8. რისკები

რა არის თქვები ბიზნესის მთავარი რისკები? და ალბათ რაც უფრო მნიშვნელოვანია: რა ზომების გატარება შეგიძლიათ ამ რისკების წინააღმდეგ?

1.9 სვოტ (SWOT) ანალიზი

გამოიყენეთ SWOT ანალიზი შიდა (თქვენი, თქვენი კომპანიის და საქონლის) ძლიერი და სუსტი მხარეების და გარე (ბაზარი, მომხმარებელი, ეკონომიკა, ფასები, კონკურენტები და ა.შ) შესაძლებლობებისა და საფრთხეების შესაფასებლად. SWOT ანალიზი ქვემოთ უფრო დეტალურადაა აღწერილი (ინსტრუმენტი 1).

1.10 თქვენი საქონლის/ მომსახურების ფასების სტრუქტურა

წარმოადგინეთ თქვენი საქონლის/მომსახურების ფასების მოკლე სტრუქტურა. მაგალითად, დაიწყეთ თქვენი საქონლის გასაყიდი/ საცალო ფასით. შემდეგ მიუთითეთ ფასის რა ნაწილი შეადგენს თქვენს მარჟას, სატრანსპორტო, შრომის, ნედლეულის ხარჯებს და ა.შ.

1.11 ინვესტიციის გეგმა

ინვესტიციის გეგმაში ნაჩვენებია თუ რა ფინანსები გჭირდებათ თქვენი ბიზნესის დასაწყებად და როგორ აპირებთ ამ ფინანსების მოპოვებას.

ა — საჭირო ფინანსები

კიდევ რა რაოდენობის კაპიტალი გჭირდებათ, რომ თქვენი ბიზნესი ამუშავდეს? კაპიტალი შეიძლება დაიყოს შემდეგნაირად:

ა) ფიქსირებული აქტივები (მაგ., შენობები, დანადგარები, მიწა და სხვა აღჭურვილობა)

ბ) სამუშაო კაპიტალი (მაგ., ხელფასები, მასალები, საბაზრო ხარჯები და ა.შ.)

ბ — როგორ გეგმავთ ამ კაპიტალის მოპოვებას?

შესაძლო წყაროებია: პირადი კონტრიბუცია; სესხი; და გრანტები ან სუბსიდიები.

რჩევა!

ნათლად წარმოადგინეთ თქვენი მიმდინარე ფინანსური მდგომარეობა, რა

გჭირდებათ და ზუსტად რა მიზნებისთვის, როგორ გეგმავთ საჭირო კაპიტალის

მოპოვებას. გაითვალისწინეთ, რომ გამჭვირვალობა და საიმედოობა გარე

დაფინანსებისთვის საუკეთესო საფუძველს ქმნის. თუ დამფინანსებლები 100%-

ით დარწმუნებულები არ არიან თქვენსა და თქვენი ინვესტიციის საჭიროებებში,

მათ თქვენი დახმარების ნაკლები სურვილი გაუჩნდებათ.

2. გუნდი

2.1 გუნდის მოტივაცია & ინდივიდუალური თვისებები

წარმოადგინეთ თქვენი თავი და თქვენი გუნდის / თანამშრომლობის შესაძლო წევრები.  აღწერეთ რა არის თქვენი და თქვენი გუნდის მოტივაცია და როგორ დაგახასიათებენ სხვები.  განმარტეთ რა არის თქვენი ბიზნესის ამბიცია ახლა და ამ დღიდან სამ წელიწადს შორის?

რჩევა!

როდესაც თქვენს ბიზნესს იწყებთ, დიდი ალბათობაა, რომ ჯერ პერსონალი

არ გყავდეთ. თუმცა, პროფესიონალიზმის ერთ-ერთი ნიშანია, როდესაც

წარმოდგენა მაინც გაქვთ უახლოეს მომავალში თუ ვინ იქნება ჩართული

თქვენს ბიზნესში. იფიქრეთ არა მხოლოდ პერსონალზე, არამედ შესაძლო

ბიზნეს პარტნიორზეც.

2.2. გამოცდილება

რა არის თქვენი და თქვენი გუნდის (პროფესიული) გამოცდილება და როგორ გამოიყენებთ  მას თქვენს ახალ საქმეში? თქვენს გუნდს მიზნობრივ სექტორში გამოცდილება უკვე აქვს?  გთხოვთ ბიზნეს გეგმაში შეიტანოთ წინა გამოცდილების ისტორია, რომელიც დღევანდელი  ცოდნის საფუძველი გახდა. ასევე განმარტეთ, თქვენ და თქვენს გუნდს რა შესაძლებლობები  გაგაჩნიათ იმისთვის, რომ ბიზნესი წარმატებული იყოს.

2.3 რეკომენდატორები

ბიზნეს გეგმაში დაწერეთ სულ მცირე ორი პროფესიული რეკომენდატორის მონაცემები.  კერძოდ, მათი სახელები, მისამართები, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტის მისამართი და ა.შ.

2.4 მეწარმის სივი

დაურთეთ CV და შესაბამისობის შემთხვევაში სხვა მეწარმეების და მენეჯმენტის გუნდის წევრების სივებიც

რჩევა!

როდესაც თქვენ ბიზნესს დაიწყებთ, ბევრ ადამიანთან ურთიერთობა მოგიწევთ:

ბანკებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, ბიზნეს პარტნიორებთან და

ა.შ. ისინი ხშირად ერთსა და იმავე ინფორმაციას გკითხავენ თქვენი პირადი

მონაცემების, განათლების, სამუშაო გამოცდილებისა და ა.შ. შესახებ. სრული სივი

მარტო თქვენი ბიზნეს გეგმისთვის კი არ გამოდგება, არამედ იგი დაგეხმარებათ,

რომ მუდმივად თან იქონიოთ ყველა საჭირო ინფორმაცია.

3.ფინანსური გეგმა

თქვენი ფინანსური გეგმა მომდევნო პერიოდის თქვენი ყველა შემოსავლისა და ხარჯის  მთლიან სურათს იძლევა;

ეს თქვენი ბიუჯეტია.

რჩევა!

ყველაზე მარტივია, თუ თქვენს ფინანსურ გეგმას ექსელის ფორმატში შეავსებთ.

ასე თქვენ ადვილად შეიტანთ შესწორებებს და გააკეთებთ კალკულაციას.

ნაწილი 2: პროექტის გეგმის მომზადება როგორც  (ფინანსური) დახმარების მოთხოვნის საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომა

ახალი ბიზნესისა თუ პროექტის საწყისი ფაზა ხშირად ყველაზე რთულ ნაწილად მიიჩნევა. ჩნდება ბევრი კითხვა: როგორია ადგილობრივი მოთხოვნა? როგორ დავაფინანსებ ჩემს საინვესტიციო ხარჯებს? არსებობს თუ არა შესაძლებლობები, რომ ადგილობრივი თუ საერთაშორისო სუბსიდიები მოვითხოვო?

პროექტის გეგმა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების მიხედვითაა შემუშავებული, ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობას გაზრდის. პროექტის გეგმა ბიზნეს გეგმისგან განსხვავებულია. თუმცა, რიგ შემთხვევებში იგი შეიძლება თქვენი ბიზნეს ინიციატივისთვის გარე დაფინანსების მოპოვების ბრწყინვალე შესაძლებლობასაც წარმოადგენდეს.

იმისთვის რომ პროექტის გეგმა გამოსადეგი და წარმატებული იყოს, იგი ნათლად უნდა უჩვენებდეს, თუ როგორ მოხდება ამ პროექტის მართვა. სტატიის მეორე ნაწილი პროექტის ციკლის მართვის (PCM) პრაქტიკულ დირექტივებს იძლევა. PCM ხშირად  გამოიყენება, როგორც მდგრადი პროექტის მართვის იარაღი. იგი შეისწავლის პროექტის დაგეგმისა და მართვის პროცესებს, პროგრამებსა და ორგანიზაციებს და შეუძლია დაგეხმაროთ თქვენი ინიციატივის შესაბამისობის, შესაძლებლობისა და ეფექტურობის განსაზღვრაში. მისი დახმარებით შეგიძლიათ განავითაროთ თქვენი პროექტის გეგმა, ხოლო მოგვიანებით მოახდინოთ პროექტის განხორციელება.

პროექტის ციკლის მართვის შესავალი

პროექტის ციკლის მართვა (PCM) პროექტების მართვის მიდგომაა. ბევრი ორგანიზაცია, მთავრობა, დონორი, ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენელი PCM-ის იყენებს იმისთვის, რომ უჩვენოს, თუ როგორ უნდა მოხდეს პროექტის განსაზღვრა, დაგეგმვა და განხორციელება კონკრეტული თანმიმდევრობით.

იგი პროექტის კონკრეტულ ფაზებს განსაზღვრავს და ადგენს იმ ქმედებებსა და მიდგომებს, რაც ამ ფაზების ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული პროექტის ციკლის ზუსტი შინაარსი და ელემენტები შეიძლება ცოტათი განსხვავებული იყოს, ძირითადად იგი ოთხი ფაზისგან შედგება:

1) პროექტის განსაზღვრა;

2) პროექტის დაგეგმვა;

3) პროექტის განხორციელება;

4) პროექტის დახურვა.

პროექტის ციკლი გვეხმარება თავიდან ავირიდოთ პროექტის მართვაში ხშირად დაშვებული ისეთი შეცდომები, როგორიცაა პროექტის ცუდად დაგეგმვა, შესაბამისობის ან/და გრძელვადიანი მდგრადობის ნაკლებობა. პროექტის ციკლი პროგრესულია: ეს გულისხმობს, რომ თითოეული ფაზა უნდა დასრულდეს, ვიდრე წარმატებით დაიწყება მეორე.

რჩევა!

ციკლის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს შეფასება: მიმდინარე და წარსულში

უკვე განხორციელებული პროექტებისგან მიღებული გამოცდილება მომავალი

პროექტების შემუშავებისთვის გამოიყენება.

1. პროექტის განსაზღვრა

პროექტის განსაზღვრის ფაზის დროს, გამოვლინდება ის პრობლემები და გამოწვევები, რაც უნდა გადაიჭრას. ამის გაკეთება შესაძლებელი ხდება მხოლოდ პროექტის პოტენციურ  ბენეფიციარებთან მსჯელობის და ასევე ადგილობრივი გარემოს, შეზღუდვებისა და შესაძლებლობების შესწავლის შემდეგ. როდესაც ეს ყველაფერი გაკეთდება, ხდება იმის გადაწყვეტა, რამდენად ადეკვატურია პროექტი და რა იდეები უნდა შემუშავდეს.

• ინფორმაციის შეგროვებით იმ რეალური პრობლემებისა და საკითხების

გამოვლენა, რად უნდა გადაიჭრას;

• განსაზღვრეთ, რამდენად შესაძლებელია ამ პროექტის განხორციელება;

• მიზნებისა და ამოცანების დასახვა;

• სამოქმედო გეგმის შემუშავება;

• ზედმიწევნით დაგეგმეთ თქვენი რესურსების გამოყენება;

• განსაზღვრეთ პროექტის მონიტორინგისა და შეფასების ინდიკატორები.

როდესაც მოახდენთ თქვენი პროექტის განსაზღვრას, შეგიძლიათ დაიწყოთ ფინანსების მოძიება. ხშირად მოგიწევთ პროექტის შეთავაზების დაწერა. ეს გრანტის წერილობით მოთხოვნაა.

როგორ დავიწყოთ? შესაძლოა თქვენი თავისთვის შემდეგი კითხვების დასმა დაგეხმაროთ:

1. რა არის თქვენი პროექტის სუსტი და ძლირი მხარეები? ამისთვის გამოიყენეთ

ინსტრუმენტი 1-ში მოცემული SWOT -ის განმარტება.

2. რატომ უნდა დაფინანსდეს ეს პროექტი?

3. დონორების აზრით, რა იქნება პროექტის სუსტი და ძლიერი მხარეები?

4. მოიფიქრეთ 10 კრიტერიუმი, რომლითაც, თქვენი შეთავაზების შეფასება მოხდება

დონორების მხრიდან: ვთქვათ თქვენ ხართ დონორი, რა ინფორმაცია დაგჭირდებოდათ

იმ ორგანიზაციის შესახებ, რომელმაც შემოთავაზება შემოიტანა.

რჩევა!

ხშირად კონკურსის გამოცხადების დროს იმ კრიტერიუმების ჩამოთვლაც ხდება,

რომლითაც დონორი შეაფასებს შეთავაზებას. ყოველთვის უნდა შეაფასოთ,

რამდენად შეესაბამება თქვენი შეთავაზება ამ დირექტივებსა და მოთხოვნებს.

2. პროექტის დაგეგმვა

ყველა პროექტს სჭირდება გეგმა, ვიდრე მისი დაწყება მოხდება. დაგეგმვა არ ნიშნავს მომავლის წინასწარმეტყველებას. იგი აძლიერებს შესაძლებლობას დაიძლიოს გაუთვალისწინებელი მოვლენები. თუ პროექტის დაგეგმვას ცოტა მეტ ყურადღებას დაუთმობთ, ეს პროექტის განხორციელების ფაზაში დროის მოგების საშუალებას მოგცემთ. პროექტის დაგეგმვის სასარგებლო იარაღს და პროექტის ციკლის მნიშვნელოვან ნაწილს ლოგიკური სტრუქტურა წარმოადგენს, რომელიც ქვემოთ არის განმარტებული.

პროექტის დაგეგმვაში შედის:

• პროექტის მთავარი მიზნების, შედეგებისა და ღონისძიებების განსაზღვრა;

• ფინანსური გეგმის შედგენა;

• პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ყველა ტიპის პარტნიორობის ფორმალიზება;

• ვადების დადგენა.

რჩევა!

არ გამოტოვოთ პროექტის დაგეგმვის ფაზა, მხოლოდ იმიტომ რომ უფრო ადრე

დაიწყოთ პროექტის „რეალურ“ ნაწილზე მუშაობა.

როდესაც თქვენს პროექტს გეგმავთ, გაითვალისწინეთ 5 კრიტერიუმი, რომელიც თქვენი პროექტის სწორი მიზნებისა და ინდიკატორების ფორმულირებაში დაგეხმარებათ.

ესენია:

კონკრეტულობა: განსაზღვრეთ შედეგები, რომლის მიღწევაც ამ პროექტით გსურთ (მაგ,. გადამზადება უნარ-ჩვევების განვითარებისთვის).

ზომა: გააკეთეთ ხარისხობრივი ან/და რაოდენობრივი ფორმულირება, რომელიც გამოხატავს თუ რა შედეგები უნდა იქნეს მიღწეული (მაგ,. 30 სტუდენტის გადამზადება, რომელთაგან სულ მცირე 50% ქალია). გაითვალისწინეთ, რომ რაოდენობა, რომელსაც თქვენ განსაზღვრავთ თქვენს ბიუჯეტზე იქონიებს გავლენას.

მიღწევადობა: თქვენი მაჩვენებლები უნდა იყოს რეალისტური და მისაღები (პროექტში მონაწილე ყველა პარტნიორისთვის).

ადეკვატურობა: თქვენი პროექტი სასარგებლო უნდა იყოს თქვენი მიზნობრივი ჯგუფისთვის და შეესაბამებოდეს სოციო-კულტურულ გარემოს.

კონკრეტული ვადები: განსაზღვრე ვადები (მაგ,.პროექტის განხორციელების მე-6 თვისთვის 20 ტრეინინგი 30 სტუდენტისთვის, რომელთაგან სულ მცირე 50% ქალია). ეს ვადები თქვენს სამუშაო გეგმას უნდა შეესაბამებოდეს.

3. პროექტის განხორციელება

პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მისი განხორციელებაა. ძალიან იშვიათია,რომ პროექტი ზუსტად გეგმის მიხედვით გატარდეს. ფაქტობრივად, სულაც არაა უჩვეულო, როდესაც განხორციელების დროს პროექტი სხვა მიმართულებას იძენს ან სხვა ვადები დგინდება.

შესაბამისად, პროექტის მართვის მნიშვნელოვან ასპექტს პროექტის მსვლელობის მონიტორინგი წარმოადგენს, რათა მოხდეს დასახული მიზნების მიღწევა. თუმცა კარგი მონიტორინგი ნათლად ჩამოყალიბებულ მიზნებზეა დამოკიდებული.

იგი გვეხმარება იმის შეფასებაში, თუ რა რაოდენობის სამუშაო გაკეთდა უკვე და სამომავლოდ რა ამოცანების შესრულებაა დარჩენილი.

მონიტორინგი გულისხმობს:

• პროექტის სამუშაო გეგმის მიხედვით პროექტის მსვლელობის შეფასებას.

• პროექტის ბიუჯეტის მიხედვით რეალური დანახარჯების შედარებას.

• მოხსენებების საშუალებით პროექტის მსვლელობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

რჩევა!

კომუნიკაცია და გამოხმაურება უმთავრესია:

წარმატებული პროექტით ყველა მოგებული რჩება!

4. პროექტის დახურვა

დახურვის ფაზაში პროექტი მისი შედეგებისა და გატარებული ღონისძიებების კუთხით გადაიხედება. კეთდება საბოლოო შეფასება, პროექტმა მიაღწია თუ არა სასურველ შედეგს და თუ კი, მაშინ რა დონემდე. რომელი მიზნობრივი ჯგუფების მოზიდვა მოხდა და რა ვისწავლეთ?

ყველა ეს საკითხი პროექტის შედეგებთან ერთად საბოლოო მოხსენებაში უნდა იყოს წარმოდგენილი.

ეს ის კითხვები, რომელიც პროექტის შეფასების დროს შეგიძლიათ თქვენს თავს დაუსვათ:

• მიიღწა ყველა შედეგი?

• მოიზიდეთ შერჩეული მიზნობრივი ჯგუფი?

• გამოდგება თუ არა ეს პროექტი სამომავლო ღონისძიებების საწყის ეტაპად?

• იყო პროექტი წარმატებული?

• რა ვისწავლეთ?

• რა არის პროექტის უნიკალური კომერციული ასპექტი?

• რა შემდგომი ღონისძიებებია შესაძლებელი/ აუცილებელი?

რადგან ეს თქვენი პროექტის ბოლო ფაზაა, სწორედ აქ უნდა მოხდეს გაგრძელების შესაძლებლობების მოძიება: სწორედ აქედან იწყება პროექტის ციკლი ისევ თავიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი პროექტი და თქვენი ორგანიზაცია მომავალ დონორებს მიჰყიდოთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ პროექტის ყველა მიღწევა მიმზიდველად და ნათლად იყოს წარმოდგენილი.

რჩევა!

აქტიურად მიმართეთ სხვა დონორებსა და გავლენიან პირებს თქვენი

წარმატებების პრეზენტაციით, რადგან არასდროს იცით, რა შესაძლებლობები

გელით! მიმზიდველი წერილის დასაწერად შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული

წერილის ფორმატი გამოიყენოთ.

ნაწილი 3: პრაქტიკული ინსტრუმენტები ბიზნესისა და პროექტის გეგმის განვითარებისთვის.

1. სვოტ (SWOT) ანალიზი, როგორც ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი.

ყველა იდეას თუ პროექტს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. SWOT ანალიზი ის იარაღია, რომელიც თქვენი პროექტის პოტენციური წარმატებისა და რისკების შესაფასებლად გამოიყენება. სვოტ-ი ინგლისურ აბრევიატურას წარმოადგენს, რომლის ყოველი ასო ანალიზის ცალკეულ ელემენტს აღნიშნავს:

S — strengths (ძლიერი მხარე;)

W — weakness (სუსტი მხარე);

O — opportunities (შესაძლებლობები);

T — threates (საფრთხე).

იგი თქვენი იდეის სუსტი და ძლიერი მხარეების განსაზღვრაში გეხმარებათ და თქვენი პროექტის განვითარებისთვის ერთგვარ საფუძველს წარმოადგენს. როდესაც თქვენი პროექტის ძლიერ მხარეებზე ნათელი წარმოდგენა გაქვთ, შეგიძლიათ ეს თქვენ უპირატესობად აქციოთ.

ამავდროულად, რაც უფრო მეტად აცნობიერებთ თქვენი პროექტის სუსტ მხარეებს, მით უფრო ნაკლები მოულოდნელობა გელოდებათ. სვოტის ცხრილის შევსებით თქვენ იმ გარე და შიდა ფაქტორების განსაზღვრა შეგიძლიათ, რომელიც  თქვენი მიზნების მიღწევისთვის მნიშვნელოვანია.

რეკომენდაცია სვოტის ანალიზის ცხრილისთვის:

1. ძლიერი მხარეები: გუნდურად განიხილეთ თქვენი პროექტის ძლიერი მხარეები; თქვენი პროექტის რომელი ელემენტები ემსახურება მისი საბოლოო მიზნების მიღწევას?

2. სუსტი მხარეები: გუნდურად განიხილეთ თქვენი პროექტის სუსტი მხარეები; თქვენი აზით, პროექტის რომელი ელემენტები არ ემსახურება მისი საბოლოო მიზნების მიღწევას?

3. შესაძლებლობები: ეს ის გარე ფაქტორებია, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუწყონ თქვენი პროექტის მიზნების მიღწევას. მაგალითად, ახალი წესები და კანონები, ან სხვა პროგრამები, რომლითაც შეიძლება იმუშაოთ და რამე სასარგებლო ცოდნა მიიღოთ.

4. მოსალოდნელი საფრთხეები: საფრთხეები ის გარე ფაქტორებია, რომლებმაც თქვენი საბოლოო მიზნების მიღწევაში შეიძლება ხელი შეგიშალოთ. შესაძლებლობების მსგავსად, ეს ფაქტორები შეიძლება იყოს პოლიტიკური, სამართლებრივი, კულტურული და ა.შ.

როდესაც სვოტის ცხრილს შეავსებთ, დროა თქვენი პროექტის იდეა შეაფასოთ და დაფიქრდეთ, როგორ შეიძლება ის უფრო უკეთესად აქციოთ მისი სუსტი მხარეების ძლიერ მხარეებად ქცევის გზით.

2. ლოგიკური სტრუქტურა, როგორც პროექტის აგების გაუმჯობესებული ინსტრუმენტი

ლოგიკური სტრუქტურა წარმოადგენს ცხრილს, რომელიც თქვენი პროექტის გეგმის შეჯამებას იძლევა. ზოგიერთი დონორი პროექტრის შემოთავაზებასთან ერთად ამ სტრუქტურის წარდგენასაც ელის. რეალურად, ლოგიკური სტრუქტურა ძალიან გამოსადეგია, რადგან იგი თქვენი პროექტის გამარტივებულ ვერსიას წარმოადგენს და თქვენი პროექტის ლოგიკურობის დამტკიცებაში გეხმარებათ.

იგი თქვენ მიერ დაგეგმილი ღონისძიებების, პროექტის შედეგებისა და მიზნების ურთერთკავშირს უჩვენებს. ლოგიკური სტრუქტურა პროექტის დაგეგმვაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და შეფასებაში გეხმარებათ.

რჩევა!

სხვადასხვა დონორები და ორგანიზაციები შეიძლება ლოგიკური სტრუქტურის

ცოტათი განსხვავებულ ფორმატს იყენებდნენ, ასე რომ გთხოვთ ის კონკრეტული

მატრიქსი გამოიყენოთ, რომელიც მათ ვებ გვერდზე ან გამოცხადებულ

კონკურსში იქნება მოცემული.

თქვენ ეს საინფორმაციო გვერდი შეგიძლიათ თქვენი საკუთარი პროექტის ლოგიკური სტრუქტურის შესაქმნელად გამოიყენოთ.

დეტალური ინსტრუქცია:

1. განსაზღვრეთ ზოგადი მიზანი რასაც თქვენი პროექტრი ემსახურება. თქვენი პროექტის ზოგადი მიზანი უჩვენებს, თუ რატომ უნდა დაფინანდეს სწორედ თქვენი პროექტი გამოცხადებულ კონკურსში. თქვენი მიზნების ინგლისურად აღწერის დროს გამოიყენეთ სახელზმნის კონსტრუქციები (მაგ, to promote tourism by training and capacity building of guesthouse owners -ტურიზმის განვითარებისთვის საოჯახო სასტუმროს მფლობელების გადამზადება).

2. განსაზღვრეთ ის კონკრეტული მიზნები, რომლის მიღწევასაც გეგმავთ. კონკრეტული მიზნები თქვენი პროექტის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების მოკლევადიანი ან საშუალოვადიანი შედეგია. ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი მიზნები ზემოთ ხსენებული 5 მთავარი კრიტერიუმის შესაბამისად იყოს ფორმულირებული. ინგლისურ ენაზე წერის დროს გამოიყენეთ სახელზმნის კონსტრუქციები.

3. განსაზღვრეთ თქვენი ღონისძიებების შედეგები. შედეგები თქვენი პროექტის საბოლოო ან მოკლევადიანი რეზულტატია. ყურადღება მიაქციეთ, რომ შედეგები პროექტრის მიღწევებს ასახავდეს და არა თვითონ გატარებულ

ღონისძიებებს! შედეგების ფორმულირება ისე მოახდინეთ, თითქოს ის უკვე მიღწეული იყოს. მაგალითად, „საოჯახო ტიპის სასტუმროების მომსახურების ხარისხი გაიზარდა“ და არა „საოჯახო ტიპის სასტუმროების მომსახურების დონის ზრდა“.

4. განსაზღვრეთ თქვენი პროექტის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებები. ეს ის ღონისძიებები, რომელიც შედეგის მისაღწევად არის საჭირო და პროექტრის განხორციელების პერიოდში პროექტის მონაწილეების მიერ ტარდება.

რჩევა!

როდესაც ამ 4 გრაფას შეავსებთ, შეამოწმეთ ლოგიკური სტრუქტურა:

თქვენ თავს ჰკითხეთ — თუ (გატარდა ღონისძიებები) — მაშინ (შედეგები მიიღწევა).

თუ (შედეგები მიიღწევა) — მაშინ (პროექტის მიზნები შესრულდება).

5. ჩამოთვალეთ ის საშუალებები, რომელიც ღონისძიებების გასატარებლადაა საჭირო. რა რესურსები დაგჭირდებათ თქვენი ღონისძიებების გასატარებლად? იფიქრეთ ადამიანურ რესურსებზე, აღჭურვილობაზე, ინფრასტრუქტურაზე და ა.შ. ეს რესურსები თქვენი ბიუჯეტის საფუძველს ქმნის: ყურადღება მიაქციეთ, რომ ბიუჯეტი ჩამოთვლილ რესურსებს ფარავდეს და პირიქით.

6. ჩამოთვალეთ ინფორმაციის რა წყაროები უჩვენებს თქვენი ღონისძიებების პროგრესს. როგორ აცნობებთ სხვებს თუ რა ღონისძიებები გატარდა? ხშირად დონორი თქვენგან პროგრესის შესახებ მოხსენებების მიღებას მოითხოვს. თქვენი პროგრესის ჩვენება საინფორმაციო საშუალებების გამოხმაურებებით, შეხვედრების მოხსენებებით ან სხვა საშუალებებითაც შეიძლება.

7. განსაზღვრეთ თქვენს მიერ გასატარებელი ღონისძიებების მნიშვნელოვანი წინაპირობები. წინაპირობები ეს ის ფაქტორებია, რომელიც თქვენი პროექტის წარმატებით განხორციელებისთვისაა საჭირო, მაგრამ ისინი თქვენს კონტროლს მიღმა მდებარეობს. მაგალითად, ზოგიერთი კანონი, რომელიც შეიძლება თქვენი პროექტის დაწყების დროს მოქმედებდეს. დაგეგმილი ღონისძიებების წარმატებით განხორციელება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ეს წინაპირობები შესრულდება.

8-9. განსაზღვრეთ ის მნიშვნელოვანი ვარაუდები, რაც თქვენს შედეგებსა და კონკრეტულ მიზნებთანაა დაკავშირებული. განსაზღვრეთ ის მნიშვნელოვანი ვარაუდები, რაც თქვენს შედეგებსა და კონკრეტულ მიზნებთანაა დაკავშირებული. თქვენს მიერ გატარებული ღონისძიებები მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიღებს სასურველ შედეგს, ხოლო თავის მხრივ ეს შედეგი კონკრეტული მიზნების მიღწევის საფუძველი მხოლოდ მაშინ გახდება, თუ თქვენი ვარაუდები სწორია.

10-15. განსაზღვრეთ მიღწევების მაჩვენებლები და მათი დადასტურების შესაბამისი რესურსები და საშუალებები.

პროექტრის მონიტორინგისა და შეფასებისთვის ინდიკატორები თქვენთვისაც და დონორისთვისაც მნიშვნელოვან იარაღს წარმოადგენს. თქვენს თავს დაუსვით კითხვა „როდის, როგორ და რის საფუძველზე გავიგებთ, თუ როდის მივაღწიეთ იმას, რისი მიღწევაც გვსურდა?“

ეს თქვენი პროექტრის ლოგიკური სტრუქტურის შევსების ბოლო პუნქტებია. ახლა შეგიძლიათ შეამოწმოთ სინამდვილეში რამდენად ლოგიკურია ეს სტრუქტურა. დაიწყეთ ზოგადი მიზნებიდან და რიგრიგობით მიჰყევით წარმატების ობიექტურად დამადასტურებელ მაჩვენებლებს და ინფორმაციის იმ რესურსებს, რასაც თქვენი მიღწევების დასამტკიცებლად იყენებთ.

წყარო: ევროკავკასია. რედაქცია: აგროკავკასია

გისურვებთ წარმატებებს!

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2184 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB