ბექა გონაშვილი: ფერმერი და სრული საწარმოო ჯაჭვი

ბიზნესის ზრდისა და განვითრების ერთ-ერთი გზა, მეწარმის მიერ სრული საწარმოო ჯაჭვის ჩამოყალიბებაა. მისი ჩამოყალიბებისას, მეწარმე ერთი მიმართულებით ავითარებს სხვადასხვა ბიზნესს, რომლებიც, როგორც წესი, უნდა ფუნქციონირებდნენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, თუმცა, საჭიროების მიხედვით, შესაძლებელია მათი ერთმანეთთან დაკავშირება, თუნდაც წარმოების დანახარჯების შემცირებისთვის, ან ახალი მიმართულების განვითარების წახალისებისთვის.

საქართველოში, სოფლის მეურნეობაში, ბექა გონაშვილი არის მეწარმე, რომელიც სწორედ ამ სტრატეგიით ეწევა საქმიანობას. იგი გვესაუბრა საკუთარი ბიზნესის შესახებ, როგორ დაიწყო განვითარება, საწარმოო ჯაჭვის სპეციფიკაზე და ასევე, სამომავლო გეგმებზე.

არიან ბიზნესმენები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით აბანდებენ ფულს, თქვენ გადაწყვიტეთ ერთ კონკრეტულ სფეროში განვითარებულიყავით, რამდენად მომგებიანია ამ სტრატეგიით ბიზნესის წარმოება?

– შემიძლია ვთქვა, რომ 2009 წლიდან რაც დამოუკიდებლად ვეწევი ბიზნესს, არასდროს არც შანსი მქონია (სხვადასხვა შემოთავაზებები კი მქონდა, მაგრამ) და არც სურვილი,რომ სოფლის მეურნეობის გარდა სხვა მიმართულებაში მემუშავა. ეს არ არის საქართველოში ყველაზე მომგებიანი და ურისკო სფერო, მაგრამ, ვინაიდან ოჯახი ათეული წლებია სოფლის მეურნეობაშია ჩართული, მეც გადავწყვიტე, რომ გამეგრძელებინა საქმიანობა იქ, სადაც უფრო მეტი გამოცდილება მქონდა და მეტი რესურსები იყო ჩემთვის ხელმისაწვდომი.

სიმართლე გითხრათ, ბევრჯერ მიფიქრია, რომ თავი დამენებებინა ყველაფრისთვის და სხვა ისეთი რამ ამერჩია, სადაც შემოსავალი გაცილებით მეტი იქნებოდა და რაც მთავარია, უფრო მეტი თავისუფალი დრო მექნებოდა, მაგრამ რაც უფრო აქტიურად  ვერთვები სოფლის მეურნეობაში, მით მეტ თავისუფალ, აუთვისებელ და განუვითარებელ პოტენციალს ვხედავ, რომლის განვითარებაც გამოწვევაა, გამოწვევა კი ჩემი სტიქიაა.

თქვენ გაქვთ კარგად ჩამოყალიბებული საწარმოო ჯაჭვი, დიდი დრო დაგჭირდათ მისი განვითარებისთვის? საწყისი ნაბიჯები რა იყო?

– ჩემი აზრით, ბევრი დროც დავკარგე სანამ ამ ჯაჭვის შექმნა გადავწყვიტე, თუმცა, ეს არ იყო ადვილი. მაგალითად, სასაკლაოს ბიზნესში 2012 წლიდან შევედი და უამრავი სირთულის გავლა მომიწია, გაუთავებელი ახალი რეგულაციები და ასე შემდეგ. ვერ ვიტყვი, რომ ახლა ის ისე ფუნქციონირებს როგორც მე მინდა, მაგრამ შედარება არაა ძველსა და ამჟამინდელს შორის.

ფერმის საქმეში მთლიანად ოჯახია ჩართული, მამაჩემი, ბიძაჩემსაც დიდი მეურნეობა აქვს და შედარებით ადვილია, თუმცა, კიდევ ერთი კომპონენტი, რომელსაც ფერმერთა მომსახურების ცენტრი მოიცავს, იქ სისტემა მთლიანად ჩემი ასაწყობი იყო  და საკმაოდ გამიჭირდა, თუმცა ნდობამ და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შეუქცევადობამ თავისი შედეგი გამოიღო, ჩვენ ამ კომპონენტით ფერმერებს უკვე მთლიან მომსახურებას ვთავაზობთ: ვეტერინარულს, მცენარეთა საცვას, სასუქებს, ხელოვნურ განაყოფიერებას და საკვების საწარმოც კი გვაქვს.

სწორედ ამ კომპლექსური მიდგომით და ასევე სარეალიზაციო/საცალო ბაზარზე შესვლით ვცდილობთ, რომ შევუქმნათ ჩვენს ფერმერებს ის კომფორტი, რომ მათ მხოლო საკუთარი პირუტყვის მოვლაზე/პატრონობაზე იზრუნონ, ხოლო დანარჩენში ჩვენ ვეხმარებით: ჯიშების გაუმჯობესება, სწორი და დაბალანსებული კვებით შედეგის მაქსიმალურად სწრაფად მიღება და საბოლოოდ რეალიზაცია.

– რა სირთულეები ახლდა ამ პროცესს? ქართული ბაზარი რამდენად კარგად იძლევა საწარმოო ჯაჭვის ჩამოყალიბების საშუალებას?

– ჩვენი და საერთოდ ყველასი, ვინც დღეს საქართველოში სოფლის მეურნეობაში მუშაობს, მთავარი პრობლემა გამოცდილი და მცოდნე კადრებია. ეს პრობლემა ყოველდღე და ყოველი ფეხის ნაბიჯზე გხვდება, რა თქმა უნდა, ჩვენც არ ვართ გამონაკლისი, ყოველდღე ვეჩეხებით ამ წინაღობას. მაგრამ ვცდილობთ ამ კუთხითაც განვვითარდეთ. ახლო მომავალში დავასაქმებთ პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულებს –  ვცდილობთ ახალგაზრდები დავასაქმოთ და მათთან ერთად გავიზარდოთ.

შემდეგი პრობლემა არის, ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფოს, როგორც მაკონტროლებლის ჩამოუყალიბებლობა – თუ რას ითხოვს კონკრეტულად, რა უნდა მას? რა უნდა გააკეთოს ბიზნეს-ოპერატორმა იმისთვის, რომ მისი ინვესტიცია იყოს საბოლოო და მაკონტროლებელი არ შემოვიდეს 2 თვის შემდეგ და კიდევ ახალი რეგულაციის შესრულება მოითხოვოს. ხშირია შემთხვევები, როცა სხვადასხვა დიდი ქსელები, რომლებიც მიმზიდველია მათი რეალიზაციის მოცულობიდან გამომდინარე, საკმაოდ აჭიანურებენ და აგვიანებენ მიწოდებული პროდუქციის ანგარიშწორებებს, ამიტომ, წარმოიშვა საჭიროება, რომ საცალო ბაზარზე შევსულიყავით.

– თქვენი ბიზნეს სექტორები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობენ თუ საჭიროების მიხედვით ხდება ხოლმე სხვადასხვა რესურსების, თუნდაც ადამიანური და ტექნიკური რესურსების მობილობა ერთი საწარმოდან მეორეში?

– როგორც ხედავთ, საკმაოდ მრავალფეროვანი მიმართულებები აქვს ჩვენს საქმიანობებს, ეს ბიზნეს აქტივობები ძირითადად 3 სხვადასხვა კომპანიის საშუალებით ხორციელდება, თუმცა კი მათ შორის არსებული ჯაჭვი მყარია. საწარმოო ძალების გადანაწილებაც მეტი ეფექტიანობიდან გამომდინარე ხანდახან საჭირო ხდება, თუმცა არც ისე ხშირია, რადგან მათ საკუთარი საქმიანობის სფეროები აქვთ, მაგალითად, სასაკლაო ახორციელებს როგორც ცოცხალი საქონლის მიღებას, დაკვლას, ხორცის დამუშავებას და საკუთარი მაღაზიის და ქსელებისთვის მიწოდებას, ის ასევე მომსახურებას უწევს ადგილობრივი ფერმერებს, უკლავს მათ საქონელს, აციებს და შესაბამის დოკუმენტაციასაც გასცემს.

– ახლახანს, როგორც ვიცი, ხორცპროდუქტების მაღაზია გახსენით, რამდენად გაამართლა ამნაბიჯმა და აპირებთ თუ არა ამ მიმართულების განვითარებას?

– გავაკეთეთ მაღაზია დოლიძის 34 ნოემრში, “ბექას ნობათი” დავარქვით. ვფიქრობ, გაამართლა, რადგან ხორცს და ხორცპროდუქტებს კარგი ბაზარი აქვთ, მაგრამ საკმაოდ სათუთიც არის და ხარისხის შენარჩუნება საკმაოდ მნიშვნელოვანია. ხარისხის შენარჩუნებას კი საკუთარი წარმოებით უფრო ადვილად ვახერხებთ ვიდრე მაშინ, როცა სხვაზე ვართ დამოკიდებულნი.

უახლოეს მომავალში კიდევ ერთი მაღაზია გაიხსნება, რომელიც უფრო დიდი იქნება და უფრო მრავალფეროვანი პროდუქციის შეტანა იქნება შესაძლებელი, მათ შორის, თევზის. ჩვენ დედოფლსიწყაროში გვაქვს თევზის მეურნეობა, რომელიც აბსოლიტურად ბიო-ორგანულ პროდუქტს წარმოადგენს, ამ წყალსაცავში შემოდის და გადის მდინარე იორი და თევზის საკვები ბუნებრივად შემოაქვს მდიანრეს, ჩვენ თევზებს არ ვაძლევთ არანაირ დამატებით საკვებს. ზრდა შესაბამისად არის ნაკლები ვიდრე სხვა მეურნეობებში, სამაგიეროდ ძალიან კარგი გემოვნური თვისებებით ხასიათდება.

ასევე დაემატება მაღაზიას რძე და რძის პროდუქტები იმ ფერმებიდან, რომლებიც ჩვენს საკვებს და მომსახურებას იყენებენ, მწყერი და მწყრის კვერცხის მომარაგებაც ანალოგიური მეთოდით ხდება, ყველა ის ფერმერი, რომელიც სარგებლობს ჩვენი სერვისებით და პროდუქციით, პირველ რიგში, მათ დავეხმაერებით რეალიზაციაში.

მოგეხსენებათ, საქართველოში ძალიან დიდი პრობლემაა ბრუცელიოზი, შესაბამისად, იმ ფერმიდან მიღებული რძე ან რძის პროდუქტი თუ მე დარწმუნებული არ ვარ, რომ  უსაფრთხოა, უბრალოდ ვერ მოხვდება დახლზე, ასეთი პროდუქციის რეალიზაციას გვირჩევნია ფხვნილზე დამზადებული (აღდგენილი რძით) იყოს პროდუქცია, ვიდრე ასეთი გაურკვეველი ფერმიდან მოწოდებული.

– თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?

– სამომავლო გეგმებზე ყოველთვის ვფიქრობ, ერთი ის ვიცი რომ სოფლის მეურნეობის გარდა სხვა არცერთი სფერო არ მიზიდავს და არ მაინტერესებს, ასე რომ ყველა ჩემი შემდეგ ნაბიჯი მოსალოდნელია რომ აქ იყოს. გვაქვს მოლაპარაკებები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან რათა მოხდეს აი ამ ღირებულებათა ჯაჭვის დაფინანსება ჩვენი ფერმერებისთვის. საუბარია განვადების სულ სხვა სისტემაზე, უფრო მეტად მოსახერხებელზე. ასევე ვგეგმავთ რამდენიმე ახალი ტექნოლოგიის დანერგვას მეღორეობის მეურნეობებისთვის, რაც უფრო მეტად გაზრდის პროდუქტიულობას, მაგრამ, რაც მთავარია, მეტად შეამცირებს დანახარჯებს და მეტად გაუწევს კონკურენციას იმპორტირებულ პროდუქციას.

ჩვენი ყველა ნაბიჯი არის იქითკენ მიმართული, რომ გაიზარდოს ეროვნული წარმოება, მოხდეს ადგილობრივი მეწარმეების წახალისება და დაფასება.

ავტორი: მარიამ ტაკაშვილი

თქვენი რეკლამა