ბექა ბექაია – ნუტრიმაქსი – კომბინირებული საკვების ქართული წარმოება

„ნუტრიმაქსი“ ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს და მუდმივად ვითარდება. ეს არის კომპანია, რომელიც ფერმერებს უზრუნველყოფს ფრინველის და ცხოველის მაღალი ხარისხის საკვებით და საკვებ-დანამატებით.

ამასთან, რაც განსაკუთრებით ხაზგასასმელია-„ნუტრიმაქსი“ ითავსებს პასუხისმგებლობას, კონსულტაცია გაუწიოს ფერმერებს სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში, გადაამზადოს ახალგაზრდები, თანამედროვე ტექნოლოგიებით უზრუნველყოს ბაზარი და ა.შ.

კომპანიის საქმიანობის შესახებ, უფრო დეტალურად, „ნუტრიმაქსის“ დირექტორი, ბექა ბექაია გვესაუბრა, რომელმაც მიმოიხილა ქართულ ბაზარზე არსებული მდგომარეობა, პრობლემები, გამოწვევები და „აგროკავკასიის“ მკითხველ ფერმერებს მნიშვნელოვანი რჩევებიც მისცა:

მოკლედ მოგვიყევითნუტრიმაქსისშესახებ და ასევე, როგორ ხედავთ მის როლს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებაში?

– ვფიქრობ, „ნუტრიმაქსს“ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში. „ნუტრიმაქსი“ ფერმერებს სთავაზობს როგორც უმაღლესი ხარისხის საკვებს მათი ცხოველებისა და ფრინველებისთვის, ასევე, გადასცემს მათ ევროპულ, თანამედროვე ტექნოლოგიებს როგორც კვების, ასევე ფერმის მენეჯმენტის ნაწილში, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია კონკურენტული შედეგების მისაღწევად.

ჩვენ ვართ მსოფლიოში ლიდერი ჰოლანდიური კომპანიის „თროუ ნუთრიშენის“ (Trouw Nutrition) პარტნიორი კავკასიის რეგიონში, რაც საშუალებას გვაძლევს, მუდმივად ვიყოთ  ტექნოლოგიური მიღწევების ეპიცენტრში, არ შევაჩეროთ განვითარება და ჩვენი ცოდნა მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად მივიტანოთ ფერმერებამდე, რამდენადაც განვითარებული და წარმატებული ფერმერი ჩვენი ბიზნესის განვითარების საწინდარია.

თქვენ მომხმარებელს ცხოველთა და ფრინველთათვის აწვდით მზა საკვებდანამატებს. პროდუქტის შესახებ რომ გვესაუბროთ, რა საწარმოო ჯაჭვს გადის, მისი უმეტესობა საქართველოში მზადდება თუ საზღვარგარეთიდანაც შემოგაქვთ და რა განსხვავებაა ამ უკანასკნელებს შორის?

– „ნუტრიმაქსი“ მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქტებს, დაახლოებით 30-მდე დასახელების მზა საკვებსა თუ საკვებ-დანამატს სთავაზობს. უმთავრესი ნედლეულის, მაღალტექნოლოგიური ვიტამინოვან-მინერალური დანამატების მომწოდებელია სწორედ ზემოთხსენებული  ჰოლანდიური კომპანია „თროუ ნუთრიშენი“ (Trouw Nutrition), დანარჩენ ნედლეულს (მარცვლეული, პროტეინი წყაროები) ვყიდულობთ როგორც საქართველოში, ასევე შემოგვაქვს საზღვარგარეთიდან, უდიდესი ნაწილი, სამწუხაროდ, იმპორტული ნედლეულია.

მიუხედავად იმისა, რომ მოწოდების სტაბილურობიდან გამომდინარე, ჩვენთვის ადგილობრივ მომწოდებლებთან ურთიერთობა უფრო სასურველია, ეს მაინც ვერ ხერხდება. აქ სამი ფაქტორია გასათვალისწინებელი: სტაბილური მოწოდება, ხარისხი და ფასი. ადგილობრივი მომწოდებლები სამივე მიმართულებით მოიკოჭლებენ:

  • აწარმოებენ ძალიან მცირე რაოდენობებს და ადგილობრივი მოთხოვნის ალბათ 10%-საც ვერ აკმაყოფილებენ;~
  • მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, არ არსებობს სტაბილური მომწოდებელი, ანუ ისეთი მომწოდებელი, რომელიც წინასწარ გაგიფორმებს ხელშეკრულებას მთელი წლის მოწოდებაზე და ამას შეასრულებს კიდეც. თუ ვინმე ოდნავ მეტ რაოდენობას აწარმოებს, ცდილობს შეინახოს, რაც შეიძლება დიდხანს და ნელ-ნელა ყიდოს უკეთესი ფასის მოლოდინში, თუმცა, ეს მათი არჩევანი და უფლებაა;
  • ქართული მარცვლეულის ხარისხი ძალიან ხშირად არ აკმაყოფილებს ხარისხობრივ მოთხოვნებს და ხანგრძლივი შენახვისთვის არ გამოდგება;
  • ხარისხთან ერთად პრობლემაა ფასიც, ძალიან ხშირად ქართული მარცვლეული ვერ უწევს კონკურენციას იმპორტულ საქონელს;

ასე, რომ ქართველ მემარცვლეებს საქმეც ბევრი აქვთ და ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებიც ხელს უწყობს, რომ გააფართოვონ წარმოება, დახვეწონ ტექნოლოგიები და გაცილებით წარმატებულები გახდნენ.

რაც შეეხება ბაზარს, როგორი მომხმარებლები არიან მასში თავმოყრილნი, რამდენად ინფორმირებულები არიან ამ პროდუქტების შესახებ და კონკურენტებზე რას გვეტყვით? არის ჯანსაღი კონკურენცია?

– ბაზარი, სამწუხაროდ, განვითარების დაბალ დონეზეა, თუმცა ესეც შედარებითია. მაგალითად, მეკვერცხული ქათმის და ბროილერის წარმოების მართვის ტექნოლოგიები გაცილებით განვითარებულია, ვიდრე ღორის და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის. ძალიან დიდი პრობლემაა ცოდნის, თუმცა, ეს სფერო არ არის გამონაკლისი, საქართველოში ყველა მიმართულებით ცოდნის ძალიან დიდი დეფიციტია.

ჩვენი კომპანია ცდილობს, მიიტანოს პოტენციურ ფერმერებამდე ინფორმაცია მართვის თანამედროვე მეთოდებისა და ჩვენი პროდუქტების სიკეთეების შესახებ, ამისთვის ვიყენებთ როგორც ჩვენს ტექნიკურ პერსონალს, ასევე მაღაზიებსა და სადილერო ქსელს, მაგრამ ერთი კომპანიის რესურსი ნამდვილად არ არის საკმარისი.

რაც შეეხება კონკურენციას, არის ერთი-ორი, მეტ-ნაკლებად ნორმალური კომპანია და არსებობენ ათამდე წვრილი საკვების მწარმოებლები, თუმცა, ვისურვებდით, რომ იყოს მეტი ორგანიზებული, ძლიერი კომპანია, რათა ერთიანი ძალებით შევძლოთ ბაზრის განვითარება და გაზრდა. ჩვენ ჯანსაღი კონკურენციის არ გვეშინია, პირიქით, ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ კონკურენცია გაგვაძლიერებს, არ მოგვცემს მოდუნების საშუალებას და ჩვენს წარმატებაშიც დარწმუნებული ვართ.

თქვენ მზა საკვებთან ერთად, როგორც ვიცი, ორგანიზებას უწევთ ახალაგაზრდების გადამზადებას. კონკრეტულად რომელ განხრებს, პროფესიებს ავითარებთ, გადამზადების საფასური რა არის და როგორ უნდა ჩაერთოს ახალგაზრდა ამ პროექტში, ვგულისხმობ, რეგისტრაციას, ვადებს და ..

– ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ახლო კონტაქტი ვიქონიოთ იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც ვეტერინარული ან ზოოტექნიკური მიმართულებით იძენენ ცოდნას. მათთან ურთიერთობას ძირითადად ვამყარებთ სპეციალური ღონისძიებების მეშვეობით უნივერსიტეტებთან: პრეზენტაციების ჩატარებით, დასაქმების ფორუმებზე მონაწილეობით და ამასთანავე, დაინტერესების შემთხვევაში სტუდენტებს აქვთ საშუალება ინდივიდუალური გასაუბრების მეშვეობით მიიღონ დეტალური ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის შესახებ.

აღნიშნული ღონისძიებების ძირითადი მიზანია საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული სტუდენტების გამოვლენა და მათი პროფესიული განვითარების მხარდაჭერა პრაქტიკული ცოდნის მიწოდებით, რომელიც არ ითვალისიწინებს გადამზადების საფასურს, პროექტში ჩართვა არის უფასო, საჭიროა მოგვაწოდონ მხოლოდ რეზიუმე, ინტერესების სფეროს მოკლე მიმოხილვით, რომელსაც განიხილავს კომპანიის სპეციალური სამსახური და დაიგეგმება მათთან ურთიერთობის შემდეგი ნაბიჯები.

-თქვენ სხვადასხვა სახის პროდუქტს აწარმოებთ. როგორ უნდა შეარჩიოს ფერმერმა მისთვის საჭირო პროდუქტი, შეძენამდე რაიმე სახის კონსულტაციას თუ უწევთ მათ და აქვე რამდენიმე რჩევა რომ მისცეთ ფერმერებს, რას მიაქციონ ყურადღება ამა თუ იმ საკვებდანამატის თუ სხვა პროდუქტის შეძენისას და ..

– „ნუტრიმაქსი“, გარდა მრავალფეროვანი პროდუქციისა, მომხმარებელს სთავაზობს უფასო კონსულტაციებს  პროდუქციის ეფეტური გამოყენებისთვის.

აღნიშნული სერვისი ითვალისწინებს მომხმარებელთა მხარდაჭერას თანამედროვე ცოდნის მიწოდების და კვალიფიციური კონსულტაციების საშულებით.

პროდუქტის/საკვები დანამატის შეძენისას მნიშვნელოვანია მის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე (სუნი, უცხო მინარევები)  ყურადღების გამახვილება და შენახვის პირობების დაცვა.

– სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით, რომელი მიმართულებით აპირებსნუტრიმაქსიგანვითარებას?

ჩვენ ვამთავრებთ უახლესი ტექნოლოგიების საკვების დამამზადებელი ქარხნის მშენებლობას, რომლის ტესტირებაც აგვისტოდან იგეგმება. ახალ ქარხანას ექნება საშუალება დაამზადოს უმაღლესი ხარისხის როგორც დაგრანულებული, ასევე დაუგრანულებელი საკვები ყველა მიმართულების ცხოველებისთვის: ქათმის, ღორის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, კურდღლის, თევზის (ოღონდ არა კალმახის) და ა.შ.

ჩვენი უპირველესი ამოცანაა გავაფართოვოთ პროდუქტების ასორტიმენტი და მაქსიმალურად ეფექტურად მივიტანოთ ჩვენი პროდუქტები და ცოდნა მომხმარებლებამდე, რისთვისაც გამოვიყენებთ როგორც საკუთარ მაღაზიებს, ასევე სადილერო ქსელს. რაც მთავარია, ჩვენ არ ვართ ბაზარზე მხოლოდ დღევანდელი მოგებისთვის და გრძელვადიანი მიზნები გაგვაჩნია, გვინდა ვიყოთ ლიდერები არამარტო საქართველოში, არამედ რეგიონში, რისთვისაც მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენს ძლიერ მხარეებს, როგორიცაა კვალიფიციური კადრები, დიდი გამოცდილება, საწარმოო საშუალებები, პარტნიორები და ა.შ.

ჟურნალისტი – მარიამ ტაკაშვილი

ინტერვიუ ჩაწერილია 2016 წლის ივლისში, “ნუტრიმაქსის” ევროპული სტანდარტების ქარხანა უკვე გაიხსნა და ფუნქციონირებს (აგროკავკასია).

ნუტრიმაქსის ვებგვერდი იხილეთ ლინკზე: http://nutrimax.ge/

თქვენი რეკლამა