აგროტურიზმი როგორც ტურიზმის დამოუკიდებელი მიმართულება

2417 Views Comment Off

რას არის აგროტურიზმი

აგროტურიზმი, როგორც ტურიზმის დამოუკიდებელი მიმართულება XX საუკუნის მეორე ნახევარში ევროპის კონტინენტზე ჩამოყალიბდა.

მსოფლიოში XX-XXI საუკუნის მიჯნაზე ამ მიმართულებით გამოიკვეთა ლიდერი ქვეყნები, რომელთა შორისაა იტალია, შვეიცარია, ხორვატია, კვიპროსი, საბერძნეთი და სხვ.

თითოეულ ზემოაღნიშნულ ქვეყანაში აგროტურიზმის განვითარებას თან ახლავს თავისებურებანი, რომელიც დამახასიათებელია მხოლოდ ერთი ქვეყნისათვის.

გარკვეულწილად ამ თავისებურებებს ხსნის ტერმინი, რომლითაც სხვადასხვა ქვეყნებში  აგროტურიზმს აღნიშნავენ.

ინგლისსა და ზოგიერთ ინგლისურენოვან ქვეყანაში იგი აღინიშნება ტერმინით «სოფლის ტურიზმი» (Rural Tourism), გერმანულენოვან ქვეყნებში მიღებულია ტერმინი «Bauernhoftourismus», რაც სიტყვასიტყვით გლეხის კარ-მიდამოს ტურიზმს ნიშნავს.

რომანულენოვანი ქვეყნები კი უპირატესობას ტერმინს –აგროტურიზმს ანიჭებენ, რაც ლათინური წარმომავლობის სიტყვა «აგრო»-დან (agros) და მისგან ნაწარმოები «აგრარული» — agrarius – სასოფლო-სამეურნეო, მომდინარეობს.

ამერიკელი სპეციალისტები საერთაშორისო ტურიზმში ამ მიმართულების აღსანიშნავად გამოყოფენ ტერმინებს: აგროტურიზმი, ფერმერული ტურიზმი, ბუნების ტურიზმი და ა.შ. გერმანელი სპეციალისტები აგროტურიზმს ბუნების ტურიზმის ნაწილად განიხილავენ.

მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის ექსპერტის, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის ედვარდ ინსკიპის, რომლის ღვაწლი სათანადოდ დააფასეს გაერომ და მტო-მ, განმარტებით: «სოფლის ტურიზმი არის ტურისტების მცირე ჯგუფების მოგზაურობა დასვენების მიზნით სოფლის, ზოგჯერ ცენტრიდან მოშორებულ ტრადიციულ დასახლებებში ადგილობრივი ტრადიციების და სოფლის ცხოვრების გასაცნობად.

ტურისტული ობიექტების მფლობელები და მმართველები სოფლის მცხოვრებლები არიან. ხოლო ფერმერული, ანუ აგროტურიზმი გულისხმობს ტურისტების განთავსებას თვით ფერმერთა სახლებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გაცნობის მიზნით, ან ცხოვრობენ მათ პლანტაციებში და ეცნობიან იქაურ ცხოვრებას; ან ცხოვრობენ მეთევზეთა დასახლებებში და ოჯახებში და მათთან ერთად გადიან სათევზაოდ».

ტურიზმის სახეების კლასიფიკაცია შესაძლებელია ტურისტული პროდუქტის თვისებების, მისი მომხმარებლების, განთავსებისა და სატრანსპორტო საშუალებების და ა. შ. მიხედვით. მაგრამ ვფიქრობთ, კლასიფიკაციისას უფრო ლოგიკურია საფუძვლად იქნას აღებული პროდუქტის შინაარსი და დანიშნულება.

თუკი ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ გამოდის, რომ ტურიზმის ერთერთი ძირითადი სახე არის რეკრეაციული ტურიზმი და მისი ფორმებია: ბუნების ტურიზმი, ეკოლოგიური ტურიზმი, აგროტურიზმი, რომელიც გვხვდება ფერმერული და სოფლის ტურიზმის ნაირსახეობებით.

მკვლევარი ა. ბ. ზდოროვი ამტკიცებს, რომ «აგროტურიზმი სტრუქტურულად ხუთ სახედ იყოფა: სპორტული, კულტურულ-შემეცნებითი, ფერმერული, საქმიანი და ეკოლოგიური. მათგან პირველი და მეორე სახე სოციალურ სფეროს განეკუთვნება, შემდეგი ორი საწარმოოს, ხოლო უკანასკნელი წინასაწარმოო სფეროს განეკუთვნება».

ჩვენი აზრით გაუმართლებელი კლასიფიკაციაა, ვინაიდან საქმიანი, კულტურულ-შემეცნებითი და სპორტული ტურიზმი დამოუკიდებელი სახეები არიან და მათი შეთავსება აგროტურიზმთან ხელოვნური და გაუმართლებელია.

აგროტურიზმის განვითარების გზები თანამედროვე მსოფლიოში

აგროტურიზმის სისტემა აღსანიშნავია იმით, რომ დასვენება შეიძლება შედარებით მცირე დანახარჯებით. შეიძლება იცხოვრო XIV- XV საუკუნის გლეხურ სახლებში, მასპინძლები ემსახურებიან სტუმრებს ოფიციანტებად, მზარეულებად.

სტუმრები მიირთმევენ შინაურ ყველს მაცარელას, ლორს, ხელით ნაკეთებ მაკარონს, ახლად მოხარშულ ციკანს, ან ბატკანს, აგრეთვე ადგილობრივ წითელ ღვინოს.

არის სხვაობა ფასებში. შეიძლება დაისვენო პატრიციანული ეპოქის ვილებშიც, რომლებიც მდებარეობენ ვენახების და ზეთისხილის პლანტაციების გარემოცვაში, მაგრამ ეს შედარებით ძვირი სიამოვნებაა. აქ პრობლემას არ წარმოადგენს უცხოენის არ ცოდნა. ბავშვებისთვის არსებობს სპეციალური პროგრამები, აჩვენებენ საიდან მიიღება რძე, როგორ გამოიყურება ცოცხალი ცხვარი, ძროხა, კურდღელი, ქათმები, ცხენი.

უწყობენ სეირნობას ცხენებით. მშობლები კი სიამოვნებით აკვირდებიან ყველის დამზადებას, ვაზის მოვლას. მათ ასწავლიან ნაციონალური კერძების მომზადებას. შეუძლიათ მონაწილეობის მიღება თევზაობაში, ველოსიპედით სეირნობაში, მაგიდის ჩოგბურთსა და სხვა.

იტალია კვიპროსისა და ბულგარეთისაგან განსხვავებით თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიო ტურიზმის მექად. მიუხედავად ამისა აგროტურიზმი, როგორც ტურიზმის სახეობა შედარებით ახალია. იგი ძირითადად განვითარებულია ჩრთილოეთ და ცენტრალურ იტალიაში. ლიდერად ამ საქმეში გვევლინება ტოსკანა და ტრენტინო (სამხრეთ ტიროლი).

ტოსკანა ფლორენციის, პიზის, სიენის და სხვა ცნობილი ისტორიული ქალაქების მიწაა, სადაც შუა საუკუნეების ნაგებობები და მონასტრებია თავმოყრილი. ტრენტინო კი ევროპის ერთ-ერთი მსხვილი სამთო-სათხილამურო ტურიზმის ცენტრია.

აქედან გამომდინარე აგროტურიზმის განვითარება შესაძლებელი გახდა უკვე არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის საფუძველზე, ყოველივე არსებულს ემატება პეიზაჟების სილამაზე, კულტურულ-ისტორიული და ბუნებრივი ღირშესანიშნაობანი, შესანიშნავი ღვინოები და ხარისხიანი და მრავალფეროვანი ადგილობრივი სამზარეულო.

პირველად იტალიური სოფლის სილამაზე ინგლისელებმა აღნიშნეს. 90–იანი წლებიდან აგროტურიზმი ძალიან პოპულარული გახდა. იტალიელთა ოჯახების შეცვლა დაიწყო და ისინი არამარტო შვებულების დროს ატარებენ სოფლებში, არამედ უქმე დღეებსაც.

აგროტურიზმი იმითაა აღსანიშნავი რომ იგი მთელი წელი მუშაობს. კვიპროსსა და ბულგარეთში აგროტურიზმმა სოფლებს თვითმყოფადობა შეუნარჩუნა. კვიპროსზე შემუშავებულია აგროტურიზმის განვითარების სპეციალური პროგრამა, რომელიც ანხორციელებს სასოფლო სახლების რესტავრაციას და ნაციონალურ სტილში გაფორმებას თანამედროვე კომფორტის და სიმყუდროვის შენარჩუნებით.

ტურისტებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ ადგილობრივ კულტურას, ტრადიციებს, ფოლკლორს, დაისვენონ მთიან სოფლებში და სურვილისამებრ იარონ ზღვის ნაპირზე. შეუძლიათ მონაწილეობის მიღება ყურძნის კრეფასა და მის დაწურვაში, შეიარონ სამჭედლოსა და საფეიქრო სახელოსნოში.

კვიპროსში აგროტურისტული პროგრამა ამუშავდა 1991 წლიდან კვიპროსის მთავრობის სრული მხარდაჭერით. მოიცვა 270 სოფელი. მუშაობდნენ არქიტექტორები და რესტავრატორები რათა ძველი იერი დაებრუნებინათ სოფლებისთვის. სოფლის მოსახლეობისათვის და იმ მესაკუთრეთათვის, ვინც 1989 წლამდე სოფლად შეიძინა უძრავი ქონება გაიცა ინვესტიცია, რათა მათ დაეწყოთ მზადება აგროტურისტთა მისაღებად.

მიღებული იქნა კანონი სოფლის სახლების კვიპროსის ლიცენზირებულ ტურისტული ობიექტების ნუსხაში დაფიქსირების შესახებ. შეიქმნა კვიპროსის აგროტურისტული კომპანია, რომელიც წარმოადგენს აგროტურისტული ობიექტების მფლობელთა ასოციაციას. კომპანია აწარმოებს ერთიან მარკეტინგულ პოლიტიკას, სარეკლამო კამპანიას, დაჯავშნის ცენტრალიზებულ სისტემას. უზრუნველყოფს საინფორმაციო მასალის დამუშავებას და მის განთავსებას ერთიან ვებ-საიტზე.

ტურისტები ჩამოდიან ძირითადად ბრიტანეთიდან, ავსტრიიდან და გერმანიიდან. ბულგარეთი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი აღსანიშნავი ტურისტული რეგიონია. იგი ცნობილია როგორც ზღვის, ასევე მთის კურორტებით. ითვლება ევროპის მასშტაბით პერსპექტიულ რეკრეაციულ ზონად. იმის გათვალისწინებით,რომ ბულგარეთის მოსახლეობის 70% დღეს სოფლად ცხოვრობს ადვილი წარმოსადგენია, რომ აგროტურიზმმა აქტიურად მოიკიდა ფეხი.

აქ ტრადიციული სოფლებისთვის აგროტურიზმი არ მოითხოვს დიდ დანახარჯებს. ეს სახეობა აქ შედარებით იაფია,

ეფექტური და ყველასათვის ხელმისაწვდომი. ტურისტები ჩამოდიან სოფლებში ბულგარეთის ქალაქებიდან, რუსეთიდან და ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან.

აგროტურიზმის განვითარებამ ამ ქვეყნებს მისცა შემდეგი შედეგები:

1. სასოფლო რეგიონებში ტურისტული ინფრასტრუქტურის არსებობა;

2. ტურისტული სეზონურობის გაბათილება, აგროტურიზმი მთელი წელი ფუნქციონირებს;

3.  ტურისტების მიზიდვა სოფლებში;

4.  სოფლებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა;

5. სოფლის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება;

6.  ბუნებრივი გარემოს დაცვა;

7.  ახალი, დივერსიფიცირებული ტურისტული სეგმენტის შექმნა.

ავტორი: ლ. ყორღანაშვილი

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3204 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
166 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB