25 წლის ფოთელი ვეტერინარი — ლევან დობორჯგინიძე

234 Views Comment Off

«მომავლის ფერმერი» აგრძელებს ახალგაზრდა და მოტივირებული ვეტერინარებისა და აგრონომების საზოგადოებისთვის წარდგენას.

დღეს გვინდა გაგაცნოთ 25 წლის ფოთელი ვეტერინარი, ლევან დობორჯგინიძე, რომელმაც ცხოველებისა და ფრინველების სიყვარული მხოლოდ ბავშვობის გატაცებად არ დატოვა და თავის პროფესიულ საქმიანობად ვეტერინარია აირჩია.

ახალგაზრდა ვეტერინარი უკვე 3 წელია საკუთარ ქალაქ ფოთში, შავი ზღვის აკვაკულტურის კომპანიაში იქტიოპათოლოგად მუშაობს და ყოველდღიურად დიდი პასუხისმგებლობით ზრუნავს თევზების მკურნალობაზე, მოვლასა და გამრავლებაზე…

«საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, 2013 წელს, ჩემს ქალაქში არსებულ სასაკლაოზე ვეტერინარ ექიმად დავიწყე მუშაობა. ძირითადად დასაკლავად გამზადებული მსხვილფეხა პირუტყვის შემოწმება მევალებოდა. ხელფასის სიმცირის გამო, მეფრინველეობის ფერმაში გადავედი სამუშაოდ, 6 თვის შემდეგ კი ყატარში წავედი, სადაც მტაცებელი ფრინველების ვეტერინარია შევისწავლე.

ამ განხრით საქართველოში, სამწუხაროდ, სპეციალისტები არ არიან. ყატარის დედაქალაქ დოჰაში მტაცებელი ფრინველების ჰოსპიტალში  შემოდგომიდან გაზაფხულის ჩათვლით ვიმუშავე. ეს არის ყველაზე დატვირთული პერიოდი, რადგან ნადირობის სეზონია. შემდეგ ისევ ჩემს ქვეყანაში დავბრუნდი და ჩემს ქალაქში პროფესიულ მუშაობას შევუდექი,» — ამბობს ლევან დობორჯგინიძე.

ახალგაზრდა ვეტერინარი წუხს, რომ მისი ქალაქიდან ბოლო რამდენიმე წელია ამ სპეციალობაზე აღარავის ჩაუბარებია და ვინც ამთავრებს სასწავლებელს, პროფესიითაც ცოტა თუ იწყებს მუშაობას. ფიქრობს, თუ ასე გაგრძელდა, მის ქალაქში არავინ იქნება, ვინც საჭიროების შემთხვევაში ცხოველის პატრონს ან ფერმერულ მეურნეობას დაეხმარება.

«ჩემს კურსელებს რთულ პირობებში მოგვიწია სწავლა, მაგრამ ჩვენი ლექტორების მაღალკვალიფიციურობამ და მონდომებამ, შევმდგარიყავით კარგი ვეტექიმები, შედეგი გამოიღო. ბევრი წარმატებული ვეტექიმი მეგობარი მყავს, რომლებიც დღეს კლინიკებში და ფერმერულ მეურნეობებში მუშაობენ.

მოგეხსენებათ, თევზის მოშენების დროს არის რისკები, რომ თევზი დაავადდეს როგორც ვირუსული, ასევე — ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებებით.   ამის თავიდან ასაცილებლად იქტიოპათოლოგი ვეტექიმი ვალდებულია, ჩაატაროს რიგი პროფილაქტიკური და მკურნალობის აქტები, რადგან მივიღოთ მაღალი ხარისხის პროდუქცია.

ამისათვის კი პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, თეორიული ცოდნაცაა საჭიროა», — აღნიშნავს ფოთელი ვეტექიმი და იმედოვნებს, მომავალი თაობა უფრო მეტად დაინტერესდება და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი არ იქნება.

აირჩიე პროფესია ვეტერინარი და არგე შენს ქვეყანას.

Share Button
In : AgroPlus

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB