ბროკოლის წარმოების აგროტექნოლოგია

ბროკოლი, კულტურა, მოვლა, მოყვანა

კულტურის ბოტანიკური და აგრობიოლოგიური დახასიათება

ბროკოლი, ანუ სატაცურისებრი კომბოსტო ისე, როგორც ნამდვილი ყვავილოვანი კომბოსტო, ივითარებს თავს მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ თავი მას უფრო ფხვიერი აქვს და იბნევა ცალკე ყლორტებად. ეს უკანასკნელნი ძლიერ წააგვანან სატაცურის ყლორტებს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათ ბოლოები ყვავილის მსგავსა აქვთ გაფართოებული.

ბროკოლს ახასიათებს გრძელი სავეგეტაციო პერიოდი და ყვავილოვან კომბოსტოსთან შედარებით მეტი ყინვაგამძლეობა.

დამოკიდებულება აგროკლიმატური ფაქტორებისადმი

ბროკოლის მოყვანისთვის ნიადაგის ტენიანობა უნდა იყოს 70%, ჰაერის ტენიანობა — 85%. ყვავილოვან კომბოსტოსთან შედარებით ყინვის და სიცხის ამტანია. მას შეუძლია -4-დან -7°С-ს ყინვას გაუძლოს.

ბროკოლის მოყვანისთვის საუკეთესო ტემპერატურაა 18-დან 22°С -მდე

ბროკოლი სინათლის მოყვარული მცენარეა, ამიტომ მის მოსაყვანად ირჩევენ მზიან ნაკვეთებს.

ქიმიური შემადგენლობა

ბროკოლი შეიცავს დიდი რაოდენობით (A, B1, B2, PP, ჩ, E) ვიტამინებს, მინერალებს და მიკროელემენტებს.

კულტურის ზოგადი დახასიათება

ბროკოლი, მოვლა, მოყვანა

ბროკოლის გავრცელებული ჰიბრიდები

• აგასი F1

ვეგეტაციის ხანგრძლივობა შეადგენს გადარგვიდან 65-75 დღემდე. გამოირჩევა კარგი შენახვისუნარიანობით და დიდხანს ინარჩუნებს სასაქონლო სახეს.

• ლორდი F1

გადარგვიდან მოსავლის აღებამდე ვეგეტაცია გრძელდება 60-65 დღის განმავლობაში. არის მაღალმოსავლიანი.

• მონტერეი F1

საგვიანო ჰიბრიდია ვეგეტაციის პერიოდი გადარგვიდან მოსავლის აღებამდე გრძელდება 170-175 დღე. გამძლეა ბაქტერიოზისადმი.

ადგილი თესლბრუნვაში

ბროკოლის კარგი წინამორბედებია სიმინდი, თავთავიანი, ბაღჩეული პარკოსანი კულტურები.

ბროკოლის წარმოება არ არის რეკომენდებული მინდვრებზე, სადაც წინა წლებში კარტოფილი, ბადრიჯანი, წიწაკა, თამბაქო და პომიდორი იწარმოებოდა. ბროკოლი თავის მინდორს უნდა დაუბრუნდეს 2-3 წლის შემდეგ. თესლბრუნვაში თავსდება პირველ წელს.

ბროკოლისათვის განსაზღვრული ნაკვეთის შერჩევა

ბროკოლის მაღალი მოსავლისა და უხვი თესლის მიღებისათვის უნდა შევარჩიოთ მაღალნაყოფიერი, გაკულტურებული, სწორზედაპირიანი ნიადაგები, რომლებიც მუდმივად უზრუნველყოფილი იქნებიან სარწყავი წყლით.

ბროკოლის წარმოებისათვის საჭირო ნიადაგის მჟავიანობის არე pH 7,0 (6.5)-დან 7,5-მდეა.

იმ შემთხვევაში, თუ ბროკოლის წარმოებისათვის შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია, ანუ ნიადაგის ბროკოლის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს კულტურის დარგვამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით.

ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირებისთვის ზუსტი დოზების იდენტიფიცირება საჭიროა განხორციელდეს შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზის შედეგად, შერჩეული მელიორანტის სახეობის, ფორმის და აგრეთვე, მისი ქიმიური და მექანიკური შემადგენლობის გათვალისწინებით.

ნიადაგის ძირითადი დამუშავება

გაზაფხულზე დასარგავად განკუთვნილი ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა მოიხნას შემოდგომაზე, 25-30 სმ. სიღრმეზე. ხოლო დასავლეთ საქართველოში კი მოხვნა შესაძლებელია გვიან შემოდგომაზე, ზამთარში, ან გაზაფხულზე.

გაზაფხულზე ხდება მზრალის თესვისწინა დამუშავება. დათესვამდე ტარდება 2 კულტივაცია 10-12 სმ სიღრმეზე, თანმიყოლებული დაფარცხვით.

კარგად გაფხვიერების მიზნით შესაძლებელია ნიადაგს დასჭირდეს დაფრეზვა. ასევე აღსანიშნავია რომ ნიადაგის მულჩირება ხელს უწყობს მოსავლიანობის გაზრდას.

ბროკოლის ზაფხულის ბოლოს გადასარგავად ნიადაგი გადარგვამდე 1-2 თვით ადრე უნდა მომზადდეს.

ნიადაგის დარგვისწინა და შემდგომი დამუშავება

გაზაფხულზე ნიადაგის დარგვისწინა დამუშავება სხვადასხვანაირია. ნიადაგურ-კლიმატური პირობების და ძირითადი მოხვნის ჩატარების პერიოდის მიხედვით, გაზაფხულზე ან მარტო დაფარცხვა იქნება საკმარისი, ან ღრმა კულტივაციან ან გადახვნა, თანმიყოლებული დაფარცხვით.

გაზაფხულზე მზრალის დაგვისწინა დამუშავება დამოკიდებულია აგრეთვე სასუქის სახეობაზე და შეტანის დროზე. ჭარბტენიან რაიონებში და მსუბუქი ტიპის ნიადაგებზე ნაკელის შეტანა და ჩახვნა წარმოებს გაზაფხულზე.

თუ მსუბუქ ნიადაგზე ნაკელის შეტანა შემოდგომაზე განხორციელდა, ამ შემთხვევაში გაზაფხულზე ტარდება ღრმა კულტივაცია, ან გადახვნა ფრთამოხსნილი გუთნებით.

დაწიდულ ქვეთიხნარ ნიადაგებზე ნაკელის შემოდგომაზე შეტანისა და ჩახვნისას (ტენიანი გაზაფხულის პირობებში) ტარდება ფართობების გადახვნა. არასაკმარისი ტენიანობის პირობებში მზრალის გადახვნა არ წარმოებს, არამედ ხდება ღრმად გაფხვიერება კულტივატორებით, 10-12 სმ სიღრმეზე.

უშუალოდ ვეგეტაციის პერიოდში კი ბროკოლისათვის ნიადაგის დამუშავების მიზანს შეადგენს ნიადაგის მუდამ ფხვიერი და სარეველებისაგან სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება.

თესვა-რგვა

ჩითილის წარმოება. ბროკოლი ძირითადად ჩითილის მეთოდით მოიყვანება. ჩითილების გამოსაყვანად წარმატებით გამოიყენება საჩითილე კასეტები და სპეციალურად მომზადებული საკვები სუბსტრატი.

საჩითილედ თესლი ღია გრუნტში გადარგვამდე 35-50 დღით ადრე ითესება. ჩითილების გამოყვანის ოპტიმალური პირობებია: აღმოცენებისთვის 18-200C, ხოლო ზრდა-განვითარებისთვის – 14-180C.

ჩითილების მორწყვა პერიოდულად წარმოებს, საჭიროების მიხედვით.

კვების არე. ჰექტარზე დასარგავად საჭირო ჩითილის რაოდენობა დამოკიდებულია მოყვანის ვადებზე, სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობაზე, საკვებ არესა და ჰიბრიდების ზრდის სიძლიერეზე. გავრცელებულია ზოლებრივი დარგვა 70+50X22-35 სმ. ანუ ზოლებს შორის 70 სმ, ზოლში მწკრივებს შორის 50 სმ. და მწკრივში მცენარეებს შორის 22-35 სმ. დარგვის ეს წესი ზრდის მოსავლიანობას და წარმოების ეფექტიანობას.

მცენარეთა რაოდენობა ჯიშების მიხედვით შეადგენს 50-90 ათასს, 1 ჰა-ზე.

გამორგვა. გადარგვის შემდეგ ხშირია ჩითილების დანაკარგები – ზოგიერთი გადარგული ჩითილი ხმება და იღუპება. შესაბამისად, აუცილებელია გაცდენილი ადგილების შევსება ახალი ჩითილებით, დარგვიდან 5-10 დღის შემდეგ. ამ მიზნით, აუცილებელია მაგრად გვქონდეს შენახული ჩითილები.

ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვება

ბროკოლის ნაკვეთში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური ანალიზის შედეგების მიხედვით.

საორიენტაციოდ, 1 ჰა-ზე 20 ტონა მოსავლის მისაღებად საჭიროა ნაკვეთში შეტანილი იქნას:

• აზოტი N – 396 კგ. (სუფთა ნივთიერება);

• ფოსფორი P – 160 კგ.(სუფთა ნივთიერება);

• კალიუმი K – 480 კგ. (სუფთა ნივთიერება);

მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდები:

• აზოტი N — ვეგეტაციის პერიოდში რამდენიმეჯერ შეტანა, გამოკვების სახით;

• ფოსფორი P — 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით, ვეგეტაციისას;

• კალიუმი K — 2/3 მზრალად მოხვნის წინ, დანარჩენი გამოკვების სახით, ვეგეტაციისას.

თუ მზრალად მოხვნის წინ, 1 ჰა-ზე 40 ტონა გადამწვარ ნაკელს შევიტანთ, მინერალური სასუქების დოზები შემცირდება და საჭირო იქნება: აზოტი 196კგ, ფოსფორი 60კგ, კალიუმი 240 კგ. (სუფთა ნივთიერებები).

ნათესის მოვლა. ვეგეტაციის განმავლობაში აუცილებელია, რომ ბროკოლის ნიადაგი მუდმივად ფხვიერ მდგომარეობაში იმყოფებოდეს და ფართობში არ გაჩნდეს სარეველები. ამისათვის, უშუალოდ ნაკვეთში არსებული საჭიროებების შესაბამისად, საჭიროა ნიადაგის სისტემატური გაფხვიერება და სარეველების მოცილება.

მორწყვა

მორწყვის ჯერადობა და ნორმები დამოკიდებულია ნიადაგის ტენიანობის მაჩვენებელსა და მცენარის განვითარების ცალკეულ ფაზებზე.

ბროკოლის ტენით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმებია:

• ჯერადობა: 5-10 და მეტი;

• თითოეული მორწყვის საორიენტაციო ნორმა 1 ჰა-ზე: 350-400 მ3;

• ტენზე მოთხოვნის მაქსიმუმი: გაღივების, აღმოცენების, ყვავილობის, გადარგვის და თავების ზრდა-ფორმირების ფაზები;

• მორწყვის მეთოდი: დაწვიმების, წვეთოვანი ან კვლებში მიშვების მეთოდით.

აღსანიშნავია რომ ცხელ ამინდებში მაღალეფექტურია გამაგრილებელი დაწვიმებით მორწყვა.

მოსავლის აღება-შენახვა

ბროკოლის მოსავლის აღება შერჩევით ხდება, როცა თავები სასურველ სიდიდეს მიაღწევს. ბროკოლი უნდა ინახებოდეს 00C ტემპერატურაზე 98-100% ფარდობითი ტენიანობის პირობებში. ამგვარ პირობებში ბროკოლი 2-3 კვირა შეიძლება იქნას შენახული.

თუ შეუძლებელია შენახვის, ან ტრანსპორტირების დროს რეკომენდირებული ტემპერატურის ან ფარდობითი ტენიანობის უზრუნველყოფა, გამოყენებული უნდა იქნეს ყინული შეფუთვაში. თუ ტემპერატურის უზრუნველყოფა შესაძლებელია, ყინული არ არის აუცილებელი.

კულტურის წარმოების აგროტექნოლოგიური რუკა
ფართობი 1ჰა; დაგეგმილი მოსავალი 25 ტ.

ბროკოლი, მოვლა, მოყვანა

შენიშვნა: *მოცემულია მორწყვის საორიენტაციო ჯერადობა.**ფასები ცვლადია, შესაბამისად ცხრილში ისინი ჩაანაცვლეთ, თქვენთვის მიმდინარე პერიოდის ფასებით.

შემდგენლები

ნინო კელენჯერიძე – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;
ანდრო ხეთერელი – აგროეკოლოგიის მაგისტრი.

მომზადებულია USAID/REAP პროექტის ფარგლებში.

თქვენი რეკლამა