ხრამული (ცოცხალი) გემრიელი და პროდუქტიული თევზი

ხრამული, ცოცხალი, თევზი

ხრამული (ლათინური დასახელება: Varicorhinus capoeta სახეობა: ხრამული) გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებსა და ტბებში, მტკვარში და მისი შენაკადებში, ხრამში, ალგეთში, არაგვში, ქსანში, ლიახვში, ფოცხვში, ალაზანსა და იორში, ჯანდარისა და ბაზალეთის ტბებში, თბილისის და სიონის წყალსცავებში.

წარმოშობა 

კობრისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ამ თევზს აგრეთვე კაპუეტს, ფიჩხულს და ლურჯას უწოდებენ. ტიპიური მტკნარი წყლის თევზია.

მოკლე აღწერა

ხრამული ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კვებითი ღირებულებისა და პროდუქტიულობის მქონე თევზის სახეობაა. ხასიათდება მაღალი პლასტიკურობით.

სხვადასხვა პირობებში მისგან ყალიბდება ნიშან-თვისებებით ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული ფორმები, რაც არის იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ჩვენში განასხვავებენ ამ თევზის 3 სახეობასა და 1 ქვესახეობას.

სხეულის სიგრძე აღწევს 50 სმ- ს, მასა 2.5კგ-მდე (საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდის „ბუნების ისტორიის“ კოლექციაში შენახული, 1874 წელს დაჭერილი ხრამულის ექსპონატი). ჩვეულებრივ გვხვდება უფრო პატარები.

ქვედა ტუჩი წაწვეტებული და გარქოვანებული აქვს, შუბლი ოდნავ ამოზნექილი, ზურგი კეფის უკან ოდნავ შეჭყლეტილია. თითისტარისებური ფორმის სხეულის წინა ნაწილი სქელი, მაღალი, უკანა ნაწილი კი შედარებით წვრილია და დაბალი.

ზურგი მუქი ლურჯი – თითქმის შავია, გვერდები, ახალგაზრდებში, ნაცრისფერია, ზრდასრულებში – მოწაბლისფრო ნაცრისფერი, მუცელი კი ღია ნაცრისფერია, ზურგის, მკერდისა და კუდის ფარფლები მუქი ნაცრისფერი, მუცლის წყვილი ფარფლი მოყვითალო ელფერით, ქერცლს, არცთუ იშვიათად, ნაპირზე მუქი არშია გასდევს; აქვს ერთი ულვაში.

ტიპური ბალახისმჭამელი თევზია – იკვებება პერიფიტონით, ასევე დეტრიტით. სქესობრივად მწიფდება 2-5 წლამდე ასაკში.

ტოფობს მაისის პირველი დეკადიდან აგვისტომდე, თხელწყლიან, ქვაქვიშიან ადგილებში, როდესაც წყლის ტემპერატურა +15…+200C-ის ფარგლებშია.

ნაყოფიერება მდინარეში აღწევს 6-30 ათას კვერცხს, ტბაში და წყალსაცავში 90 ათასამდე. ტოფობს რამდენიმე ჯერად.

ქვირითის დიამეტრი 0.6-1.0მმ-ს შეადგენს. ჩანასახის განვითარება +150C ტემპერატურაზე გრძელდება 8-10 დღე-ღამეს. მისი ქვირითი გამრავლების დროს შხამიანია.

დღევანდელი მდგომარეობა: გემრიელი და ყუათიანი თევზია. ქართულ სუფრაზე ოდითგანვე ცნობილია ,,ფიჩხულის” და ,,ცოცხალის” სახელით.

ამ სახეობას საქართველოში შიდა წყალსატევების თევზების მოპოვებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა: ახლო წარსულში ყოველწლიურად მოიპოვებდნენ 20,0-45,0 ტონას.

დღეისთვის ხრამულის მარაგის საგრძნობლად შემცირებულია, მისი აღდგენისთვის უნდა ჩატარდეს ხელოვნური აღწარმოებითი ღონისძიებები.

სტატია მოგვაწოდა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციამ „ელკანა“;

იხილეთ აგრეთვე: ზუთხი საქართველოში

თქვენი რეკლამა