უკანაფშავში რძის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

უკანაფშავი, საწარმო

მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ  დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში  შეხვედრა გამართა.

როგორც გიორგი მიშელაძემ აღნიშნა,  „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება“ კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის  გაუმჯობესებას და მათთვის კეთილდღეობის შექმნას შეუწყობს ხელს.

ახალი პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს,  რაციონალურად და სწორად მოხდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების გამოყენება.

ამ მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც პროგრამაში ჩაერთვებიან, გადაეცემათ შესაბამისი აღჭურვილობა – ტრაქტორები, სათიბები, მოთიბული მასის ამკრებ-დამწნეხები და სხვა საჭირო ინვენტარი. პროგრამის გეოგრაფიული არეალი 24 მუნიციპალიტეტს მოიცავს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში, გადამამუშავებელი სიმძლავრეების შექმნის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო ააშენებს რძის გადამამუშავებელ საწარმოს და სრულად აღჭურავს მას.

აღნიშნული საწარმო პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელიც 8 წლის განმავლობაში დაფარავს საერთო საბალანსო ღირებულების 23%-ს. უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში მონაწილეს საკუთრებაში სიმბოლურ ფასად გადაეცემა ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, რომელიც გამოყენებული იქნება დამხმარე საქმიანობისათვის.

სახელმწიფო პროგრამა 2017-18 წელზეა გათვლილი და მისი დაფინანსება განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან. პროექტის სავარაუდო ღირებულება 6 000 000 ლარია.

თქვენი რეკლამა