ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ახალი სტრატეგია იქმნება

FAO-ს წარმომადგენლები, ფრანგ ექპერტთან ერთად რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის ახალ სტრატეგიაზე მუშაობენ.

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებული არიან FAO-ს და სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) წარმომადგენლები მოწვეულ ექსპერტთან ერთად, ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სისტემის (NAITS) გაუმჯობესებულ მოდელზე მუშაობენ.

სამუშაო ჯგუფის მიზანია, ერთიანი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის სისტემას მაქსიმალურად მოქნილს და საქართველოს საჭიროებებზე მორგებულს გახდის.

რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის სისტემა ე.წ ცხოველთა რეესტრი,  საქართველოში 2012 წლიდან არსებობს.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით მსხვილფეხა საქონელს უმაგრდება საყურე ნიშნები, ხოლო მფლობელობის შესახებ ინფორმაცია რეგისტრირდება შესაბამის ბაზაში. ბაზის საშუალებით, სახელმწიფო მონიტორინგს გაუწევს ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაც პირდაპირ უკავშირდება სურსათის უვნებლობას.

2017 წლიდან საქართველომ ეტაპობრივად დაიწყო გადასვლა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ახალ, გაუმჯობესებულ სისტემაზე – NAITS, რომელიც მისი წინამორბედი პროგრამის განახლებულ ვერსიას წარმოადგენს.

სამუშაო ჯგუფის მიზანია, შექმნას სტრატეგიული დოკუმენტი, რომელშიც თავმოყრილია დეტალური ინფორმაცია, როგორც სისტემის ტექნიკური პარამეტრების ასევე, ცხოველთა ჯანმრთელობის, მფლობელობის და გადაადგილების შესახებ. კონცეფციის ნაწილია, საკანონმდებლო რეგულაციების და ევროდირექტივით გათვალისწინებული ვალდებულების, საქართველოს გამოწვევებთან ინტეგრირება.

FAO-ს იდენტიფიკაცია რეგისტრაციის პროგრამის (NAITS) ხელმძღვანელის მიხეილ სოხაძის განცხადებით, GPS კოორდინატების ინტეგრირებით, პროგრამას საშუალება ექნება  დროის უმოკლეს მონაკვეთში განისაზღვროს ცხოველთა ადგილმდებარეობა და მათი გადაადგილების მიმართულება, ზუსტი ინფორმაციის ქონით კი, მნიშვნელოვნად გამარტივდება დაავადებების საწინააღმდეგო პრევენციული ზომების გატარება, რაც გაზრდის სურსათის უვნებლობის ხარისხს.

„NAITS სისტემით შესაძლებელი გახდება, დროული რეაგირება ცხოველური პროდუქციიდან გამოწვეულ დაავადებებზე, ისევე გაკონტროლდება ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებები. აღნიშნულით გაუჯობესდება ქვეყნის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება, საქართველოს საექსპორტო პოტენციალზე“- განაცხადა მიხეილ სოხაძემ.

ერიკ რეჰბენმსის NAITS ცხოველთა იდენტიფიკაციის საერთაშორისო კონსულტანტის განმარტებით, პროგრამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აკისრია, როგორც სურსათის უვნებლობის და ადამიანის ჯანმრთელობის, ასევე ფერმერული საქმიანობის განვითარების კუთხითაც.

“ბევრ ევროპულ და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს: ამერიკას, თურქეთს, ახალ ზელანდიას, ათობით წელი დასჭირდათ ამ პროგრამის სრულყოფილად ასამუშავებლად, ცხოველთა იდენტიფიკაციის სისტემის დანერგვა დაუსრულებელი პროცესია, რომელსაც მუდმივი განვითარება სჭირდება, საქართველო ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს“ – დასძინა რეჰბენმა.

NAITS პროექტის განხორციელებისათვის შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტომ (ADC) ჯამში 5 მილიონი დოლარი გამოყო;

თქვენი რეკლამა