სწავლება (ტრენინგი) რძის მწარმოებელი ფერმერებისთვის

სწავლება, ტრენინგი, ფერმა

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 17-19 ივნისს თბილისში, საქართველოს მერძევეობის ასოციაციის ორგანიზებით და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდება სამდღიანი ტრენინგი რძის მწარმოებელი ფერმერებისთვის.

ტრენინგის თემატიკა შეირჩა საქართველოში თანამედროვე ინდუსტრიული ფერმების წარმომადგენლების მიერ დასახელებული ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების მიხედვით და მოიცავს ორ მნიშვნელოვან საკითხს: მაღალპროდუქტიული მერძეული ნახირის რეპროდუქციული ჯანმრთელობა და საკვებწარმოება ინტენსიური, მერძეული ფერმებისთვის.

სამი დღის განმავლობაში ფერმერები გაეცნობიან მსხვილფეხა საქონლის რეპროდუქციული მაჩვენებლების გაუმჯობესებისა და მერძეული საქონლისთვის საკვების წარმოების თანამედროვე პრაქტიკას და  მოწვეული სპეციალისტებისგან მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

17-18 ივნისს ესტონეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტის მკვლევარი კალე კასკი ისაუბრებს მერძეული ნახირის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე და შეეხება ისეთ საკითხებს როგორიცაა პათოლოგიური შემთხვევები, მათი დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რეპროდუქციული ციკლის მართვა ნახირში.

თეორიულ ნაწილთან ერთად, 18 ივნისს დაგეგმილია ვიზიტი ინტენსიურ ფერმაში, სადაც ესტონელი სპეციალისტი ჩაატარებს ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მასტერკლასს, რაც საშუალებას მისცემს ტრენინგის მონაწილეებს თეორიულ ცოდნასთან ერთად შეიძინონ პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც.

19 ივნისს უკრაინელი სპეციალისტი ანდრიი სტონაიევი კომპანია Agro Systems Group-დან ისაუბრებს საკვებწარმოების საკითხებზე და განიხილავს წარმოების მთლიან ჯაჭვს, მიწის მომზადების სამუშაოებიდან მოსავლის შენახვამდე.

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად არა უგვიანეს 12 ივნისისა დაუკავშირდით: ელ. ფოსტა office@georgiandairy.org, ან დარეკეთ 599 743 777 – მერაბ ჩხარტიშვილი;  598 314 241 – მარიამ სალდაძე.

ელ. ფოსტით სარგებლობის შემთხვევაში მიუთითეთ თქვენი მიმდინარე საქმიანობა და სამუშაო ადგილი, ასევე საკონტაქტო ინფორმაცია. ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ მოქმედ ფერმერებს ან დარგის სპეციალისტებს.

თქვენი რეკლამა