ბაღის ჰიბრიდული პეტუნია

პეტუნია, ჰიბრიდი, ბაღი

ბოტანიკური აღწერა

ბაღის ჰიბრიდული პეტუნია მრავალწლოვანი მცენარეა, მაგრამ მისი კულტივირება ხდება როგორც ერთწლოვანის. ღეროები სწორმდგომი ან გართხმულია, უხვადდატოტვილია.

ფოთლები მჯდომარეა ან მოკლეყუნწიანი, კიდემთლიანი, სხვადასხვა ზომისა და ფორმის, მორიგეობით განლაგებული. ღეროებსა და ფოთლებს სპეციფიკური სუნი აქვთ, რასაც მათზე არსებული ჯირკვლიანი ბუსუსები გამოსცემენ.

ყვავილები მარტოულია, მარტივი ან ხუჭუჭა, 5-10 სმ დიამეტრის, ძაბრისმაგვარი. მათი შეფერილობა თეთრიდან მუქ ალისფრამდეა, ზოგჯერ კი ჭრელი. ყვავილობს ივნისიდან პირველ წაყინვებამდე. პეტუნიას თანამედროვე ასორტიმენტში კომპაქტურობით, უხვი ყვავილობითა და გარემო პირობებისადმი მდგრადობით გამორჩეული ჰიბრიდები ჭარბობენ.

არსებობს პეტუნიების რამდენიმე საბაღე ჯგუფი: მსხვილყვავილებიანი – მათი ყვავილის დიამეტრი 7-13 სმ-ია; ფლორიბუნდა – ყვავილის დიამეტრი 5-8 სმ, მცენარის სიმაღლე 25-30 სმ; მრავალყვავილიანი (მულტიფლორა) – აქვს წვრილი ყვავილები (4-5 სმ დიამეტრის), მცენარის სიმაღლე 20-25 სმ.

პეტუნია, ბაღი

მრავალყვავილიანი პეტუნიების ყველაზე ამტანი, სიცივისგამძლე და ადრემოყვავილე ჯგუფია, ახასიათებს უხვი ყვავილობა; აივნის (პენდულა) გამოირჩევა მოქნილი და გრძელი ყლორტებით, სწრაფი ზრდით, გარემოს არახელსაყრელი პირობებისადმი მდგრადობით. მრავლდება თესლით.

მცირე აგროტექნიკა

სინათლისა და სითბოსმოყვარულია, კარგად იზრდება ღია მზიან ადგილებში. დიდყვავილიანი პეტუნიები უფრო სითბოსმოყვარულნი არიან, ვიდრე წვრილყვავილებიანები. ცივ და ნესტიან ამინდში ყვავილობას წყვეტენ.

უპირატესობას ანიჭებს ნოყიერ ნიადაგებს. კარგად რეაგირებს ნიადაგში ნეშომპალისა და კომპოსტის შეტანაზე, მაგრამ არა ახალ ნაკელზე, რადგან ეს უკანასკნელი ხელს უწყობს სოკოვანი დაავადებების განვითარებას.

პეტუნია, ბაღი

პეტუნიისათვის ნიადაგის მომზადებისას მჟავე ნიადაგში (рН 5,5-ზე ნაკლები) შეაქვთ კირი 200-300 გ 1მ2-ზე. გაზაფხულზე გადაბარვისას ნიადაგში შეაქვთ კომპლექსური სასუქები 20-30 გ/მ2-ზე.

გვალვაგამძლეა, მაგრამ ხანგრძლივად მშრალ პერიოდში ესაჭიროება მორწყვა. იტანს ტენიან ნიადაგს, მაგრამ ზიანდება დამდგარი წყლისაგან. დეკორატიულობის გასახანგრძლივებლად პერიოდულად საჭიროა დაყვავილებული ნაწილების მოცილება.

პეტუნიაზე ცუდად მოქმედებს ზაფხულის ძლიერი წვიმები, რადგან გვირგვინის ნაზი ფურცლები იფლითება და ყვავილები ულამაზო ხდება. ამპელური პეტუნიები ზიანდება ქარისაგანაც, ამიტომ კალათები და ვაზონები ქარისაგან დაცულ ადგილებზე უნდა განთავსდეს.

ტრადიციულად პეტუნიას იყენებენ ყვავილნარებში, რაბატებში, მიქსბორდერებში, ვაზონებში გამოსაზრდელად, აივნებზე, კაშპოებში.

პეტუნია, ბაღი

პარტნიორები

პეტუნიის ყველა ჯიში ლამაზი და ეფექტურია როგორც თავად, ისე სხვა მცენარეებთან კომბინაციაში. ხალიჩოვან ნარგაობებში მას რგავენ მარადმოყვავილე ბეგონიასთან, ლობულარიასთან, კოლეუსთან, ცინერარიასთან, ირეზინესთან და სხვ. მცენარეებთან ერთად.

ყვავილნარში შესანიშნავად გამოიყურება ზაფხულის ყვავილებთან: ვერბენასთან, ლომის ყბასთან, ჰელიხრიზუმთან, ხავერდულასთან, მამლის ბიბილოსთან, რუდბეკიასთან, ლევკოიონთან და ფერითა და ზომით შესაბამის სხვა მცენარეებთან.

პეტუნია, ბაღი

 

გაზაფხულის მიწურულს ეფექტურად გამოიყურება სამფერა იასთან, ფურისულასთან, ტიტასთან, სუმბულთან, უფრო მოგვიანებით კი ზამბახთან და შროშანთან. წყალსატევის მახლობლად და ბაღის დაჩრდილულ ადგილებში შესანიშნავ ჯგუფს ქმნის ჰოსტასთან, ჰემეროკალისთან, ტრადესკანციასა და დეკორატიულ მარცვლოვნებთან ერთად.

გაზონებსა და კონტეინერებში კი კარგად ერწყმის პელარგონიუმს, ფუქსიას, ლობულარიას, ქლოროფიტუმს, სურნელოვან ბარდას.

ჩამოკიდებულ კალათებსა და რაფაზე დასადგამ ქოთნებში მათი ჩარგვა შეიძლება ისეთ ამპელურ მცენარეებთან ერთად, როგორებიცაა ლობელია, სურო, ვერბენა და სხვ.

წყარო: „ბაღის დიზაინერი“ – სახემძღვანელოს შედგენაზე მუშაობდნენ:ლია ქურციკიძე – ლანდშაფტის არქიტექტორი; ქეთევან გელაშვილი – ბაღის დიზაინერი;მანანა ელბაქიძე – ბიოლოგი, ბოტანიკოსი.

პეტუნია, ბაღი

იხილეთ აგრეთვე: ვარდის დაკალმება – ვარდის კალმით გამრავლება

თქვენი რეკლამა