ჭვიტილური – ქართული ვაზის ერთ-ერთი უძველესი ჯიში

ჭვინტლური, ვაზი, ჯიში, ვენახი

ჭვიტილური – სამეგრელოს აბორიგენული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. სამეურნეო დანიშნულების მიხედვით იგი მაღალხარისხოვან საღვინე ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება.

სპეციალურ ლიტერატურაში, აგრეთვე სამეგრელოს მოსახლეობაში ცნობილია მისი დამატებითი სახელწოდებანი: „ჭვიტილოური“ და „ჭყვიტილური“.

ჭვიტილურის წარმოშობის შესახებ არავითარი წერილობითი ცნობა არ მოიპოვება. აკად. ივ. ჯავახიშვილის და ერ. ნაკაშიძეს მოცემული აქვთ ჭვიტილურის მოკლე დახასიათება გავრცელების არეალის აღნიშვნით, ხოლო პროფ. ს. ჩოლოყაშვილს ჩვენ მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე შედარებით უფრო დაწვრილებით აქვს აღწერილი.

წლების განმავლობაში წარმოებულ დაკვირვებებით ირკვევა, რომ ჭვიტილური თავისი მორფოლოგოგიურ-აგრობიოლოგიურ ნიშან-თვისებათა მიხედვით პონტოს მხარეშია წარმოქმნილი და იგი სამეგრელოს ვაზის უძველეს ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის. ჭვიტილური კოლხეთის ვაზის კერის ტიპიური წარმომადგენელია.

იგი მსგავსად სხვა აბორიგენული ჯიშებისა ბუნებრივი გამრავლების გზით წარმოქმნილია სამეგრელოს ეკოლოგიურ პირობებში. ჭვიტილურმა ამ პირობების შესაბამისად შეითვისა და განივითარა კოლხეთის ვაზის ჯიშთათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშან-თვისებები, როგორიცაა: ყლორტის ზრდა, ფერი, შებუსვა, ფოთლის სისქე და შებუსვის ინტენსივობა, ყვავილის ტიპი, მტევნისა და მარცვლის აღნაგობა, მარცვლის კანის სისქე და კონსისტენცია, ზრდის სიძლიერე, სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა და შესაბამისად ყურძნის გვიან მწიფობა.

არსებულ ამპელოგრაფიულ ნაშრომებში ჭვიტილურის მსგავსი ჯიში არსად არ არის აღნიშნული. საქართველოს ფარგლებშიაც კი ამ ჯიშის ძველი ნარგავები მხოლოდ და მხოლოდ სამეგრელოს მთისპირა რაიონში მოიპოვება.

გადმოცემით ირკვევა, რომ წარსულში ჭვიტილური მასობრივად ყოფილა გავრცელებული სამეგრელოს მთისპირა მიკრორაიონებში (წალენჯიხაში, კორცხელში, ნაკიფუში, ჩხოროწყუში, საჩინოში, ფოცხოში, უშაფათში, მუხურში, კიწიაში, თამაკონში, სალხინოსა და მათ მომიჯნავე სოფლებში).

იგი სხვა ადგილობრივი ჯიშების მსავსად წარმოდგენილი ყოფილა საკუთარ ძირზე – მაღლარად. რადგან ამგვარი ვაზების მოვლა მეტად გაძნელებული იყო, მოსახლეობას თითქმის უყურადღებოდ ჰქონია ვაზები მიტოვებული და მხოლოდ 3-4 წელში ერთხელ ცოცხალ საყრდენზე ასვლის გაადვილების მიზნით საყრდენის ტოტებს შეკვეცდნენ და ვაზს ხმელ ნაწილებს აცლიდნენ.

ამგვარი პრიმიტიული მოვლის მიუხედავად ჭვიტილურის მაღლარები ჯიშისათვის დამახასიათებელი საკმაოდ ძლიერი ზრდა-განვითარებით ხასიათდებოდა და უხვ მოსავალს იძლეოდა. მის პროდუქციას ადგილობრივი მოსახლეობა იყენებდა ღვინის დასაყენებლად და „ჭყვიტილურის ღვინო“ სახელგანქთმული ყოფილა არა მარტო სამეგრელოში, არამედ მთელ დასავლეთ საქართველოში. გადმოცემით, იგი კარგად იტანდა შორეულ ტრანსპორტს და, როგორც საუკეთესო გემური თვისებების მქონე, ჰარმონიული, შინაარსიანი ღვინო ხანგრძლივადაც ინახებოდა.

სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის გავრცელების შემდეგ ჭვიტილურის მაღლარები მასობრივად დაიღუპა, მხოლოდ თითო-ოროლა გადარჩენილი ძირი მაღლარად გვხვდება ამჟამად წალენჯიხის, ცხაკაიას (სენაკი) და გეგეჭკორის (მარტვილი) რაიონების მთისპირა სოფლებში. მოუვლელობის შედეგად ეს ვაზები დაკნინებულია და დაავადების გამო ყურძნის ხარისხიც დაბალია.

მხოლოდ ხელის შემწყობი ამინდის დროს იძლევა ჭვიტილური უხვსა და მაღალხარისხოვან პროდუქციას. ნამყენების სახით დაბლარად აღზრდილი ჭვიტილურის მცირეოდენი ნარგავები გვხვდება წალენჯიხის, ზუგდიდისა და გეგეჭკორის (მარტვილი) რაიონებში. მათი ზრდა-განვითარება საშუალოზე ძლიერია და პროდუქციის ხარისხიც კარგია.

სამეგრელოს გარეთ ჭვიტილური ნამყენების სახით გვხვდება კოლექციებში: სოფ. ბომბორში (გუდაუთის რ-ნი), საქარის საცდელ სადგურზე (ზესტაფონის რ-ნი), მუხრანის მეურნეობაში (მცხეთის რ-ნი), დიღმის სასწავლო მეურნეობაში (თბილისის გარეუბანი) და მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის ბაზაზე ქ. თელავში. (ჯიშის გავრცელების შესახებ ამჟამინდელი ინფორმაცია არ გვაქვს-აგროკავკასია).

დაკვირვება ადასტურებს, რომ რაკი ჭვიტილური საგვიანო ჯიშია, აღმოსავლეთ საქართველოში (მუხრანი, თელავი) ვერ ამჟღავნებს თავის დამახასიათებელ საუკეთესო თვისებებს, რადგან ყურძენი ვერ ასწრებს სრულად მომწიფებას და მიღებული პროდუქციაც მოკლებულია სამეურნეო ღირებულებას. გუდაუთის რაიონში კი ჯიშისათვის დამახასიათებელ ნორმალურ ზრდა-განვითარებას აღწევს და ამავე დროს უხვს და ხარისხოვან პროდუქციას იძლევა, რაც აიხსნება ამ ორი მხარის ეკოლოგიური პირობების მნიშვნელოვანი სიახლოვით.

ბოტანიკური აღწერა

ჭვიტილური აღწერილია წალენჯიხის რაიონის სოფ. ნაკიფუში. ვაზები დამყნობილია რიპარია X რუპესტრის 3309-ზე. დაყრდნობილია სარზე და ფორმირებულია ერთ სამამულე-სანაყოფეზე ქართული წესით. შედარების მიზნით ჭყვიტილური აღწერილია აგრეთვე ცხაკაიას რაიონში სოფ. ფოცხოში. აქ ვაზები წარმოდგენილია საკუთარ ძირზე და ფორმირებულია მაღლარად.

ახალგაზრდა ყლორტი. ზრდის კონუსი მთლიანად დაფარულია თეთრი, მკრთალი მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით ქეჩისმაგვარად. ახლადგაშლილი პირველი ფოთოლი ზემოდან ქეჩისებრ დაფარულია მონაცრისფრო-თეთრი ბეწვისმაგვარი ბუსუსით. ქვედა მხრიდან შებუსვა ქეჩისებრია; ბეწვისმაგვარ თეთრ ბუსუსებს ოდნავ მოწითალო ელფერი დაჰკრავს.

ფოთლის ყუნწი მთლიანად დაფარულია მონაცრისფრო-თეთრი ბეწვისებრი ბუსუსით და ხშირ შემთხვვაში დაჰკრავს მოწითალო ფერი. მომდევნო მეორე ნორჩი ფოთოლი ზედა მხრიდან ოდნავ მოწითალოა და საკმაოდ სქლად დაფარულია მონაცრისფრო-მოთეთრო ბუსუსით. ქვედა მხრიდან შებუსვა ქეჩისებრია, მონაცრისფრო-თეთრი ოდნავ მოწითალო ელფერით. მესამე ნორჩი ფოთოლი ზემოდან საკმაოდაა დაფარული მონაცრისფრო ბუსუსით, უფრო მეტად ძარღვების გასწვრივ; ქვედა მხრიდან კი ქეჩისებრ დაფარულია მოთეთრო-ნაცრისფერი ბეწვისებრი ბუსუსით.

ახალგაზრდა ყლორტი ღია მწვანეა, მოწითალო-ღვინისფერი ზოლები დაჰყვება, განსაკუთრებით წვერისაკენ და საკმაოდ დაფარულია მოთეთრო-ნაცრისფერი ბეწვისებრი ბუსუსით. შებუსვა უფრო ძლიერდება ყლორტის წვერისაკენ.

ყვავილობის პერიოდში ყლორტები მეტად გრძელდება და გრძელი მუხლთაშორისები აქვს. ამასთან სხვა ჯიშებთან შედარებით ჭვიტილურის ყლორტის წვერები შორიდანვე მკვეთრად გამოირჩევა ინტენსიური თეთრი შებუსვით.

ერთწლიანი რქა. შემოსული რქა მუქი მოწითალო ფერისაა. მუხლთაშორისის სიგრძე 7-14 სმ აღწევს. მუხლები უფრო მუქია.

ფოთოლი. ზრდადამთავრებული ფოთოლი საშუალო სიდიდისაა და მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმისაა. იგი მცირედ დანაკვთულია, გვხვდება მხოლოდ იშვიათად, საკმაოდ დანაკვთული ფოთლებიც. ფოთლის სიგრძე 17,0 სმ, სიგანე 16,8 სმ აღწევს.

ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი უფრო ხშირად განიერი ისრისმაგვარია, მომრგვალო ფუძე აქვს და თანასწორგვერდებიანია. გვხვდება თითქმის მახვილფუძიანი ჩანგისებრი ამონაკვეთებიც.

ზედა ამონაკვეთი მცირედაა ჩაჭრილი ან საკმაოდ შეჭრილი კუთხე აქვს. ქვედა ამონაკვეთი ძალიან მცირედაა ჩაჭრილი.

ფოთოლი სამნაკვთიანია. წვერის ნაკვთი ფოთლის ფირფიტასთან ქმნის უფრო ხშირად სწორ კუთხეს. იშვიათად ბლაგვსაც.

ნაკვთების წვერის კბილები სამკუთხედისებრია და თანასწორი გვერდები და წამახვილებული წვერი აქვს ან ისევ სამკუთხედისებრი ამოზნექილი გვერდები და მომრგვალებული წვერი აქვს. მეორეული კბილები ისევ სამკუთხედისებრია, ოღონდ ამოზნექილი გვერდები და ოდნავ წამახვილებული წვერი აქვს. გვხვდება ხერხკბილა სამკუთხედისებრი ფორმის კბილებიც.

ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრ დაფარულია მონაცრისფრო ბუსუსით. ზედა მხარე უფრო ხშირად ბადისებრ დანაოჭებულია, იშვიათად გლუვიცაა. ფირფიტა ბრტყელი ან ნაპირებჩამოწეული და ღია მწვანე ფერისაა.

ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან 0,6-0,8 უდრის. იგი შიშველია და ღია მწვანე, ფუძესთან კი იისფერი ხდება.

ყვავილი. ყვავილი ორსქესიანია, ნორმალურად განვითარებული მტვრიანებითა და ბუტკოთი. ყვავილში 5 მტვრიანაა, იშვიათად 4 მტვრიანაც გვხვდება. ყვავილედში ყვავილების რაოდენობა საშუალოდ 80-150 აღწევს.

მტევანი. მტევნის ყუნწის სიგრძე 4-7 სმ, მტევნის სიგრძე 8-14 სმ, ხოლო სიგანე -5-7 სმ აღწევს. მტევნის ყუნწი კლერტითურთ ბალახმაგვარია და ღია მწვანე ფერისაა.

მტევანი ცილინდურლი ფორმისაა, იშვიათად ცილინდრულ-კონუსისებრიც გვხვდება. იგი საკმაოდ კუმსია.

მარცვალი. მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშითურთ 3,5-5 სმ აღწევს, ყუნწი ყავისფერია. ბალიში მეჭეჭებიანი და განიერი კონუსისებრია. მარცვალი ყუნწზე მტკიცედაა მიმაგრებული.

მარცვალი მოყვითალო-ქარვისფერია, საშუალო ზომისაა და მომრგვალო ფორმა აქვს. მისი სიგრძე 12-15 მმ, ხოლო სიგანე – 12,1-15,2 მმ აღწევს. შუა წელში მარცვალი უფრო განიერია, ბოლო მომრგვალებული და სიმეტრიულია. მარცვალი საკმაოდ სქელკანიანი, წვნიანი და ხორციანია, გემო სასიამოვნო და ტკბილი აქვს. კანი რბილობს ძნელად სცილდება. ცვილი მარცვლის კანს მცირედ ახლავს.

წიპწა. მარცვალში 1-4 წიპწაა. უფრო ხშირად გვხვდება 2 წიპწა. წიპწის სიგრძე 6,5-7 მმ, ხოლო სიგანე – 3,5-4 მმ აღწევს. წიპწა ღია წაბლისფერია და მუცლის მხარეს მოყვითალოა. ქალაძა მოთავსებულია ზურგის მხარის შუა ნაწილში, იგი მომრგვალოა და მცირედ არის გამოსახული. ნისკარტის სიგრძე 1,5-2 მმ აღწევს.

აგრობიოლოგიური დახასიათება

დაკვირვებანი ჭვიტილურის სავეგეტაციო მსვლელობაზე წარმოებდა დაბლარად ფორმირებულ ვაზებზე სოფ. ნაკიფუში (წალენჯიხის რ-ნი), ხოლო მაღლარ ვაზებზე სოფ. ფოცხოში. აქვე მოგვყავს ფენოლოგიურ დაკვირვებათა საშუალო მონაცემები.

სოფ. ნაკიფუს პირობებში ჭვიტილურის გამოღვიძება იწყება მარტის დამლევს. კვირტების გაშლა მიმდინარეობს აპრილის პირველ ნახევარში, ყვავილობის პირველი ნიშნები ვაზს ემჩნევა მაისის დამლევს და ხელსაყრელ ამინდის შემთხვევაში 12 ივნისამდე გრძელდება.

ყურძნის შეთვალება იწყება 20-25 აგვისტოდან, ხოლო მასობრივად ყურძენი ოქტომბრის ბოლოს მწიფდება. ამრიგად, სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა კვირტის გაშლიდან ყურძნის სრულ მომწიფებამდე 197-199 დღეს აღწევს. ფოთოლცვენა იწყება ნოემბრის შუა რიცხვებიდან და მთავრდება დეკემბრის დამდეგს.

სოფ. ფოცხოში მაღლარად დაყენებული ჭვიტილურის ვაზის ბიოლოგიური ფაზები იმავე ვადებში მიმდინარეობს, მაგრამ მაღლარად აღზრდის გამო ფოთლების ჩამოცვენა ნაადრევად ხდება, რაც ძირითადად სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედებით არის გამოწვეული.

ვაზის ზრდა და ვეგეტატიური ნაწილების მომწიფება. სამეგრელოს მთისპირა სოფლებში ჭვიტილური საშუალოზე ძლიერ იზრდება. ჯიშისათვის დამახასიათებელ ზრდა-განვითარებას ვაზი სათანადოდ მოვლის შემთხვევაში აღწევს.

სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით ჭვიტილური ყვავილობისას იჩენს მაქსიმალური ზრდის უნარს, რის შემდეგაც ამ პერიოდში მისი ყლორტები საგრძნობლად გრძელდება. სავეგეტაციო პერიოდის დასასრულისათვის რქების სიგრძე 2-2,5 მ აღწევს.

მაღლარად აღზრდილი ჭვიტილური საშუალოზე ნაკლებ იზრდება, რაც მოუვლელობისა და, რაც მთავარია, ფილოქსერის მავნე მოქმედების შედეგია. არსებული მაღლარებიც ყოველწლიურად ნადგურდება ამ მავნებლის დამღუპველი მოქმედებით.

წალენჯიხის რაიონში სითბოს სიჭარბის გამო ჭვიტილურის სავეგეტაციო პერიოდი მეტად გახანგრძლივებულია. მიუხედავად ამისა, ვაზის მწვანე ნაწილები ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდისათვის სრულ მომწიფებას ასწრებს და რქები ამ დროისათვის ჯიშისათვის დამახასიათებელ ელფერს იღებს.

მსგავსი პირობებია აგრეთვე ცხაკაიას (სენაკის) რაიონის მთისპირა სოფლებშიაც, მაგრამ მოუვლელობის გამო მაღლარი ვაზების ვეგეტატიური ნაწილები სოკოვან ავადმყოფობით ავადდება. ამის შედეგად ვაზს ფოთლები ნაადრევად სცვივა და რქები, განსაკუთრებით მისი წვერის ნაწილები, მთელ სიგრძეზე ვეღარ ასწრებს სრულ მომწიფებას, რის შედეგადაც ისინი ზამთრის ყინვების გავლენით იღუპება.

მოსავლიანობა. მაღლარად აღზრდილი ჭვიტილურის მოსავლიანობა, მოუვლელობის და ამის შედეგად პროდუქციის დაავადების გამო, მეტად ცვალებადია, ხელის შემწყობი ამინდის დროსაც კი მოსავალი მცირე იცის. ამავე დროს მაღლარს დაბლართან შედარებით მეჩხერი მტევნები აქვს.

სოფ. ნაკიფუსა და ფოცხოს ზონებში ჭვიტილურის მოსავლიანობის მაჩვენებლებით, 10-12 კვირტით დატვირთვის შემთხვევაში დაბლარად ფორმირებული ერთი ძირი ჭვიტილურის მოსავალი 2,5-3 კგ-მდე აღწევს.

რქაზე ხშირად 2 და 3 თითქმის თანაბარი სიდიდის მტევანი ვითარდება. მოსავლიანობის კოეფიციენტი 2-2,3 უდრის. ერთ ჰექტარზე გადაანგარიშებით მისი მოსავალი 100-120 ცენტნერამდე აღწევს.

მაღლარად აღზრდილი ვაზის მოსავალი მეტად მცირეა, რაც გამოწვეულია ვაზების სუსტი ზრდით. ხელის შემწყობი ამინდის დროს ერთი ძირის მოსავალი 25-30 კგ-მდე აღწევს, ჰექტარზე კი 30-40 ცენტნერს არ აღემატება.

ვაზის ძველი ნაწილებიდან განვითარებული ყლორტები ჩვეულებრივ უმოსავლოა. ყვავილცვენა ჯიშს მცირედ ახასიათებს (2-4%), ხოლო მტევნის დაწვრილმარცვლიანება 6%-მდე აღწევს. წვრილი მარცვლები ნორმალურ მარცვლებთან ერთად მწიფდება და ხშირად წიპწას არ ივითარებს.

სოკოვან დაავადებათა და მავნებელთა მიმართ გამძლეობა. სამეგრელოს თბილ და ტენიან ეკოლოგიურ პირობებში ჭვიტილური მეტად დიდ მგრძნობიარობას იჩენს სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ. განსაკუთრებით ძლიერ ავადდება იგი ჭრაქით. ამიტომ აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს 1-2-ჯერ დამატებითი წამლობის ჩატარება ყვავილობის შემდეგ მარცვლების გამოხორბვლისა და განვითარების პერიოდში.

ფილოქსერისადმი ჭვიტილური განსაკუთრებულ მგრძნობიარობას იჩენს. სწორედ ამით აიხსნება წარსულში მასობრივად გავრცელებული ამ ჯიშის განადგურება და გადარჩენილი ძირების დაკნინება, რომლებიც გადაშენების გზაზეა დამდგარი. ამის გამო ჭვიტილურის საკუთარ ძირზე გაშენება ყოვლად დაუშვებელია. მისი აღდგენა და მასობრივი გამრავლება უნდა ხდებოდეს მხოლოდ ნამყენების სახით სათანადოდ შერჩეულ ფილოქსერაგამძლე საძირეებზე.

დამოკიდებულება გარემო პირობებისადმი. დაკვირვება ცხადყოფს, რომ ჭვიტილური ძლიერი ზრდა-განვითარებისა და უხვმოსავლიანი ჯიშია, განსაკუთრებით ღრმა-ღონიერ ნიადაგებზე (ზუგდიდი). ფერდობ და ხირხატ ადგილებზე მისი ზრდა თუმცა შენელებულია და მოსავალიც მცირე მოდის, მაგრამ სამაგიეროდ პროდუქცია განსაკუთრებული მაღალი გემური თვისებებით, სინაზითა და ჰარმონიულობით ხასიათდება.

სწორედ ამგვარმა ადგილებმა (წალენჯიხა, ნაკიფუ, ჩხოროწყუ, ფოცხო, უშაფათი) გაუთქვა სახელი ჭვიტილურის ღვინოს. აქედან ცხადია, რომ ამ ჯიშისაგან მაღალხარისხოვანი პროდუქციის მიღების მიზნით მისი გაშენება აუცილებლად სამეგრელოს მთისპირა სოფლებში, სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით დახრილ და მზით უხვად განათებულ ნაკვეთებზე უნდა ხდებოდეს.

სხვა ადგილობრივი ჯიშების მსგავსად ჭვიტილური კარგად იტანს სამეგრელოს მთისპირა ზონებისათვის დამახასიათებელ ზამთრის ყინვებს (-80, -100) და მისი შემდგომი განვითარებაც დაუბრკოლებლად მიმდინარეობს.

როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, ჭვიტილურის რქების წვერი ვერ ასწრებს სრულ მომწიფებას მაღლარ ვაზებზე, რაც ძირითადად მოუვლელობით არის გამოწვეული. ეს მოუმწიფებელი ნაწილები ზამთრის ყინვების გავლენით ადვილად იღუპება.

დაბლარად ფორმირებული ჭვიტილურის ვაზი, თუ იგი სათანადოდ იქნება მოვლილი, უხვ მოსავალს იძლევა, მაგრამ მისი მოსავალი კიდევ მნიშვნელოვნად შეიძლება გაიზარდოს ფორმირების შეცვლის გზით, რადგან ჭვიტილური საშუალოზე ძლიერი ან ძლიერი ზრდით ხასიათდება. ვაზზე მოსავლიანი ყლორტები 80% აღემატება.

მიზანშეწონილად უნდა იქნეს მიჩნეული მისი ფორმირება ორმხრივი შპალერული წესით (20-24 კვირტის დატვირთვით), აგრეთვე ორმხრივი მოკლე კორდონზე გაფორმებით, თითოეულ მხარზე ორ-ორი საფორმო რგოლის შექმნით. დაკვირვება ცხადყოფს, რომ ამ წესით ფორმირებისას შენარჩუნებული იქნება ვაზის ნორმალური ზრდა-განვითარება, ხოლო მოსავალი მკვეთრად გაიზრდება.

სოკოვან დაავადებათა მოქმედების შენელებისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აუცილებლად უნდა იქნეს მიჩნეული ჭვიტილურის მავთულის საყრდენზე გადაყვანა. ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს აგრეთვე სამუშაო პროცესის ადვილად და ხარისხიანად შესრულებას.

სამეურნეო-ტექნოლოგიური დახასიათება

მექანიკურ-ქიმიური ანალიზისათვის ჭვიტილურის ყურძნის ნიმუშები აღებულ იქნა სოფ. ნაკიფუსა (წალენჯიხის რ-ნი) და სოფ. ფოცხოში (სენაკის რ-ნი).

როგორც მექანიკური ანალიზის მონაცემებიდან ჩანს, ჭვიტილურის ნიმუშების შემადგენლობაში დიდი განსხვავება არ არის. მაღლარ ვაზებს შედარებით მეჩხერი მტევანი ახასიათებს და ამით აიხსნება საშუალო მტევნის შედარებით ნაკლები წონა (90 გ). მტევნის ნაწილების შედგენილობა შემდეგ სურათს იძლევა: მარცვალი 95,8-96,4%, კლერტი – 3,2-3,6%, კანი – 14,4-14,8%, წიპწა – 5,2-5,7%, ხოლო წვენის გამოსავალი 77,4-78,5% შეადგენს. ამრიგად, ჭვიტილური წვენის გამოსავლიანობის მხრივ სავსებით აკმაყოფილებს საღვინე ჯიშისადმი წაყენებულ მოთხოვნას.

100 მარცვლის საშუალო წონა 155-158 გ უდრის. 100 მარცვალში 183 წიპწაა და 8 გ. იწონის. 100 წიპწის წონა 4,2-4,5 გ უდრის. ერთწიპწიანი მარცვლები შეადგენს 37%, ორწიპწიანი – 43%, სამწიპწიანი – 16%, ოთხწიპწიანი – 3%, ხოლო უწიპწო 1% უდრის.

ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდისათვის ჭვიტილურის ყურძნის შაქრიანობა 20-21,8%, ხოლო მჟავიანობა 8,1-8,9‰ უდრის, რაც სავსებით საკმაოდ უნდა ჩაითვალოს ხარისხოვანი სუფრის ღვინის დასაყენებლად.

1939 და 1940 წლებში სოფ. ნაკიფუში (წალენჯიხის რ-ნი) დამზადებულ იქნა სანიმუშო ღვინოები აგრონომ ი. მალაშხიას მიერ.

როგორც ანალიზის მონაცემებიდან ჩანს, ჭვიტილურის ღვინის ორივე ნიმუში ნორმალური ალკოჰოლიანობითა (10,8-11,7) და საერთო მჟავიანობით (7,1-7,6‰) ხასიათდება. მქროლავი მჟავას სიმცირე (0,55-0,60) ღვინის სისაღის დამადასტურებელია. ასევე ნორმალურად ჩაითვლება ექსტრაქტისა და pH-ის შეცულობა. შაქრის მცირე რაოდენობა (0,380-0,450) საანალიზო მასალაში ღვინის ნორმალურად დადუღების მაჩვენებელია.

დაჭაშნიკების შედეგად ჭვიტილურის ღვინის ორივე ნიმუშმა მაღალი შეფასება მიიღო. როგორც ჰარმონიულმა, სასიამოვნო გემოს, ბუკეტიანმა და ნორმალურ ალკოჰოლიანმა ღვინომ.

ჭვიტილურის ღვინო მაღალ გემურ თვისებებთან ერთად კარგად ინახება და ტრანსპორტაბელურია.

ვაზზე დატოვებული ჭვიტილურის ყურძენი საკმაოდ დიდხანს ინახება და არ ლპება. როგორც გადმოგვცემენ, ყურძენს ხშირად ტოვებდნენ მაღლარ ვაზებზე და საჭიროების მიხედვით კრეფდნენ დეკემბერ-იანვარში.

ჭვინტლური, ვაზი, ჯიში, ვენახიფოტო: ასოციაცია „ქართული ღვინოს“/GWA

საერთო შეფასება და დარაიონება

ჭვიტილური მეტად პერსპექტიული სამეგრელოს თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია და თავისი გემური თვისებებით იგი საქართველოს ხარისხოვანი ვაზის საღვინე ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება.

პროდუქციის მაღალი გემური თვისებების გარდა იგი ყურადღებას იპყრობს თავისი საკმაოდ ძლიერი ზრდა-განვითარებით, უხვი მოსავლითა და წვენის საკმაოდ ბარაქიანი გამოსავლიანობით.

ამ ჯიშის ნაკლად უნდა ჩაითვალოს სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერის მიმართ სუსტი გამძლეობა, მაგრამ მევენახეობის განვითარების თანამედროვე ეტაპზე ამ ნაკლის გამოსწორება წარმატებით შეიძლება, პირველი დამატებითი წამლობის ჩატარებით, ხოლო მეორე მყნობაზე გადასვლით.

სამეგრელოს მთისპირა რაიონებში მევენახეობის შემდგომ განვითარებას საფუძვლად უნდა დაედოს ადგილობრივ პირობებში საუკუნეთა განმავლობაში, ნაცადი ჯიშის – ჭვიტილურის ფართოდ დანერგვა მხოლოდ და მხოლოდ ნამყენების სახით სათანადოდ შერჩეულ ფილოქსერაგამძლე საძირეებზე.

ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი, დიმიტრი ტაბიძე.
საქართველოს ამპელოგრაფია. 1960 წელი. რედაქცია „აგროკავკასია“.

თქვენი რეკლამა