ფარცხვა – ნიადაგის ზედაპირული გაფხვიერება

ფარცხვა, მიწის, დამუშავება

ეს ოპერაცია სრულდება ნიადაგის ზედაპირული გაფხვიერებისათვის. ფარცხვის დროს ხდება ნიადაგის ზედაპირის მოსწორებაც და ისპობა ახლად აღმოცენებული სარეველები.

ზედაპირული გაფხვიერება, სარეველების განადგურება და მოსწორება ანელებს და ზოგჯერ სულაც აჩერებს ნიადაგის ტენის აორთქლებას.

არის სხვადასხვა ტიპის ფარცხები _ მძიმე, საშუალო და მსუბუქი.

ისინი განსხვავდებიან აგრეთვე კბილების ფორმის, თითოეულ კბილზე დატვირთვისა და კბილებს შორის მანძილის მიხედვით უფრო მეტად გავრცელებულია დისკოებიანი და კბილებიანი ფარცხები, რომლებსაც ზოგჯერ გუთნის ფუნქციებსაც აკისრებენ.

ეს უკანასკნელნი, სხვა ფარცხებთან უფრო მეტად იწვევენ ნიადაგის სტრუქტურის გაუარესებას. სტრუქტურის დაშლის ხარისხი დამოკიდებულია ფარცხის კბილის ფორმაზე.

არჩევენ: დანისებრ, კვადრატულ, რომბულ და მრგვალი ფორმის კბილებს. ყველაზე ნაკლები გამტვერება ხდება დანისებრი კბილების, ხოლო ყველაზე მეტი _ მრგვალი კბილების მქონე ფარცხების მუშაობის დროს.

მაგრამ კვადრატული, რომბული და სწორკუთხა კბილები მაშინ იძლევა უკეთეს შედეგს, როდესაც ისინი წიბოთი ეხებიან ნიადაგის მასას, ხოლო თუ სიბრტყით მოქმედებენ, მაშინ გამტვერების ხარისხი ბევრად გადააჭარბებს მრგვალი კბილებით გამოწვეულს.

ფარცხის კბილების ნიადაგის დაღრმავება დამოკიდებულია ფარცხის სიმძიმეზე.

მძიმე, საშუალო და მსუბუქ კლაკლინა (ზიგ-ზაგი) ფარცხებს ჩარჩოზე კბილები ვერტიკალურად და უძრავად აქვთ მიმაგრებული. მისგან განსხვავდება მძიმე ბერკეტიანი ფარცხი, რომლის კბილების დახრის კუთხის შეცვლა შესაძლებელია, მაგრამ ასეთი ფარცხები ნაკლებადაა გავრცელებული.

მსუბუქი კლაკნილა ფარცხი გამოიყენება ხნულის თესვის წინ ნიადაგის მოსასწორებლად და ნათესებში ქერქის დასაშლელად.

არსებობს თეფშებიანი ფარცხები, რომელთა სამუშაო ორგანოს წარმოადგენს სფერული თეფში (დისკო), რომლის დაყენება შეიძლება სხვადასხვა კუთხით (კვეთების კუთხე).

თუ კვეთების კუთხეს გავზრდით გაიზრდება ნიადაგის დამუშავების და გაფხვიერების სიღრმე, აგრეთვე სარეველების მოჭრა. პირამოჭრილი თეფშებიანი ფარცხები შედარებით უკეთესად აფხვიერებენ თიხნარ და გაკორდებულ ნიადაგს.

ნაკვეთებს ფარცხავენ კვალსაქცევებად და ფიგურული წესით.

კვალსაქცევად ფარცხვა წარმოებს ნაფთეურების გასწვრივ, გარდიგარდმო ან დიაგონალების მიმართულებით, მაგრამ ტრაქტორს ბევრი გაცდენა მკვეთრი მოხვევები რომ არ დაჭირდეს ფარცხავენ ფიგურულად _ ნაკვეთს ირგვლივ უვლიან.

კიდევ უკეთესია დიაგონალური (ერთ კვალად) და დიაგონალჯვარედინი (ორ კვალად) სვლა. ნიადაგი საუკეთესოდ ფხვიერდება, როდესაც მისი ტენიანობა უდრის სრული ტენტევადობის 50-60 %-ს.

მშრალი ნიადაგის ფარცხვა იწვევს მის ძლიერ გამტვერებას, ზედმეტი ტენიანი ნიადაგი კი არ ფხვიერდება არამედ იგლისება.

ა. კორახაშვილი /მემინდვრეობა/.

იხილეთ აგრეთვე: რისთვის არის საჭირო კულტივაცია

თქვენი რეკლამა