ქართული პროდუქციის 95.5 % ჩინეთში დაუბეგრავად შევა

81 Views

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და აღნიშნულ გადაწყვეტილებას უმნიშვნელოვანესი უწოდა.

„ეს არის ისტორიული შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველო გახლავთ პირველი ქვეყანა, რომელმა შეძლო და მოლაპარაკებები რეკორდულ დროში – 7 თვეში დაასრულა. ასეთი პრეცედენტი არ ყოფილა არც ერთ ქვეყანასთან, ვისთანაც ჩინეთს გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ზოგიერთ ქვეყანას ჩინეთთან მოლაპარაკებისთვის ამ შეთანხმებაზე ათი წელიწადი დასჭირდა,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისი განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია ის შედეგები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ ამ მოლაპარაკებიდან. კერძოდ, ჩვენი პროდუქციის მთლიანი ნომეკლატურის 95.5 პროცენტი ჩინეთის ბაზარზე შევა ყველანაირი დამატებითი გადასახადების გარეშე.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩამოთვალა ის პროდუქტები, რომელთა შეტანაც ჩინეთის ბაზარზე გამარტივდება. მათ შორისაა, ქართული ღვინო, მინერალური წყლები და აგროპროდუქტები. „ჩინეთში ყველა ეს პროდუქტი შევა ნულოვანი ტარიფითა და ყველანაირი გარდამავალი პერიოდის გარეშე“, – აღნიშნა მან.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ესაა უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ღვინოსა და აგრარულ პროდუქტებზე ჩინეთმა თავის პარტნიორ ქვეყანას მისცა შესაძლებლობა, ყველანაირი გარდამავალი პერიოდის გარეშე გაენულებინა საბაჟო ტარიფები.

„მინდა აღვნიშნო, რომ მრავალ ქვეყანასთან ჩინეთს ჰქონია 5 და 10-წლიანი გარდამავალი პერიოდი ტარიფების განულების თვალსაზრისით. ჩვენს შემთხვევაში, მას მერე, რაც სახელმწიფოებრივი პროცედურები დასრულდება, ჩვენი მეწარმეები შეძლებენ საქართველოში წარმოებული პროდუქციის შეტანას ჩინეთის ბაზარზე ყველანარი დაბრკოლებისა და საბაჟო ტარიფების გარეშე“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა შემდგომ პროცედურებზე. კერძოდ, მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს ეწვევა ჩინეთის კომერციის მინისტრი, რომლის ვიზიტის დროსაც ხელი მოეწერება მემორანდუმს მოალაპარაკების ოფიციალურად დასრულების შესახებ.

„ამის შემდეგ შეთანხმების ტექსტი გაივლის ექსპერტიზას, რომელსაც დასჭირდება დაახლოებით ორი-სამი თვე. შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში ჩვენ უკვე მოვაწერთ ხელს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. ჩვენი მოლოდინით შეთანხმება ძალაში შევა 2017 წლის შუა პერიოდიდან, ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ დოკუმენტის რატიფიცირების შემდეგ,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB