ქართული ღვინის წარდგენა ნიუ-იორკსა და ბოსტონში

ღვინო

ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები აშშ-ს ქალაქებში ბოსტონსა და ნიუ-იორკში გაიმართა. ღონისძიებებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი დაესწრო.

ბოსტონში გამართულ ღვინისა და სპირტიანი სასმელების მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში „Boston Wine Expo”, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 18 კომპანია მონაწილეობდა.

„Boston Wine Expo” წელს 26-ედ ჩატარდა და მას ტრადიციულად ათასობით სტუმარი – ღვინის იმპორტიორი, დისტრიბუტორი, სომელიე და მედიის წარმომადგენელი სტუმრობდა. გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი. ქართულმა სტენდმა გამოფენის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

ამასთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მარკეტინგული კომპანია „Marqenergie”-ს ერთობლივი ორგანიზებით, ნიუ-იორკში „ქართული ღვინის დღე“ მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო 20-მდე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 40 დასახელების როგორც ქვევრის, ისე კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინოები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ორი დეგუსტაცია-სემინარი – პირველი ღვინის იმპორტიორებისა და მეორე – ღვინის დამფასებლებისა და მოყვარულებისათვის. ინტერესი აღნიშნული ღონისძიების მიმართაც დიდი იყო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ქართული ღვინოს აშშ-ს ბაზარზე დამკვიდრების კარგი პოტენციალი აქვს.

„აშშ-ს ბაზარი ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია ქართული ღვინისთვის, პოტენციალი ამ ბაზარზე უფრო მეტი გვაქვს. ღვინის ეროვნულ სააგენტოს კერძო სექტორთან ერთად შემუშავებული აქვს მარკეტინგული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელსაც თანმიმდევრულად მივყებით, რამაც უკვე მოიტანა კონკრეტული შედეგები ექსპორტის მატების სახით ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით“ – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია „Georgian Wine House”-ის ხელმძღვანელი მამუკა წერეთელი მიიჩნევს, რომ მსგავსი ღონისძიებებით ქართულ ღვინოს აშშ-ს ბაზარზე დამკვიდრების კარგი შესაძლებლობა ეძლევა.

„მსგავსი ღონისძიებების დროს, რომელსაც ძალიან ბევრი ღვინის მწერალი, მომხმარებელი, რესტორნებისა და მაღაზიების მფლობელი ესწრება, როდესაც მოდიან და სინჯავენ ღვინოს – ასეთი დეგუსტაციების შედეგად ჩვენ მივაღწევთ მიზანს, რომ საბოლოო ჯამში ქართული ღვინო დამკვიდრება აშშ-ს ბაზარზე როგორც ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კატეგორია“ – აღნიშნა მამუკა წერეთელმა.

მსგავს გამოფენებსა და დეგუსტაციებში მონაწილეობას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლები.

„გამოფენაზე მოდიან ადამიანები, რომლებიც გვეუბნებიან რომ გასინჯული აქვთ ქართული ღვინო, ან გაუგიათ მის შესახებ და უნდათ გასინჯვა. ეს გამოფენა ძალიან კარგი შესაძლებლობაა ქართული ღვინის გასასინჯად და გასაცნობად“ – აღნიშნა გამოფენის მონაწილე ერთ-ერთი კომპანიის „კახური ღვინის მარანი“ წარმომადგენელმა, გიორგი ფაშალიშვილმა.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრები გამართა ადგილობრივ იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, სასტუმროების, ღვინის რესტორნებისა და მედიის წარმომადგენლებთან (Bloomberg, Food and Wine magazine).

გიორგი სამანიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოს საკონსულოში. ქართული დიპლომატიური უწყების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ გამოითქვა მზადყოფნა მხარი დაუჭირონ და ჩაერთონ ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში აშშ-ში.

გასულ წლებში ეს ქვეყანა გამოიკვეთა, როგორც ქართული ღვინის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი და მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარი. ღვინის მოხმარების ბაზრის კვლევების თანახმად, აშშ-ში წლის განმავლობაში 3 მლრდ. ლიტრზე მეტი ღვინო მოიხმარება, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომლობით, შეიქმნას ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის აშშ-ს ბაზარზე.

ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ში 2016 წელს შეადგენდა 300 ათასამდე ბოთლს, რაც 19%-ით აღემატებოდა 2015 წლის ექსპორტს.

თქვენი რეკლამა