ფერმერთა საახალწლო ბაზრობა – ბუკიას ბაღში

ფერმერთა-ბაზრობა

24 და 25 დეკემბერს, 11:00-იდან 18:00 საათამდე, პეკინის გამზირზე, ბუკიას ბაღში, მეტროსადგურ „ტექნიკური უნივერსიტეტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ოქსფამის საქართველოს წარმომადგენლობა და ბიომეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ მართავენ მცირე მეურნეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროდუქციის საახალწლო გამოფენა-ბაზრობას დევიზით – „მოვითხოვთ სასურსათო სუვერენიტეტს!“.

გამოფენა-ბაზრობა იმართება პროექტის – „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა“ – ფარგლებში, და იგი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

გამოფენა-ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის მრავალფეროვანი, საღი და ხარისხიანი პროდუქცია, რომელსაც მომხმარებელი უშუალოდ მეურნეებისაგან შეიძენს.

გამოფენა-ბაზრობის მიზანია, რომ მცირე ფერმერთათვის ბაზრები ხელმისაწვდომი იყოს და საშუალება შეუქმნას ფერმერს უშუალო კავშირი დაამყაროს მომხმარებელთან, რათა, ერთის მხრივ, მომხმარებელმა შეძლოს საღი ადგილობრივი პროდუქტის შეძენა, ხოლო, მეორე მხრივ, ხელი შეუწყოს მცირე მეურნეების ეკონომიკურ გაძლიერებას.

გამოფენა-ბაზრობა ასევე მიზანად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემაზე. წლევანდელი ბაზრობის მთავარი თემა იქნება სასურსათო სუვერენიტეტი.

ტერმინი „სასურსათო სუვერენიტეტი“ 1996 წლიდან გაჩნდა და გულისხმობს სურსათის მწარმოებლების, რეალიზატორებისა და მომხმარებლების ერთობლივ მონაწილეობას სასურსათო პოლიტიკის ფორმირებაში.

სასურსათო სუვერენიტეტისათვის მთავარია არა საბაზრო და კორპორაციულ ინტერესები, არამედ იმ ხალხის საჭიროებები, ვინც აწარმოებს, ავრცელებს და მოიხმარს სურსათს. შესაბამისად ეს კონცეფცია ითვალისწინებს სურსათის წარმოებას ადგილობრივად აგროეკოლოგიური მეთოდებით, რათა მომხმარებელმა შეძლოს მოიხმაროს საღი და ადგილობრივი კულტურისათვის დამახასიათებელი სურსათი.

სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის ერთ-ერთი მექანიზმი მცირე მეურნეების განვითარება და მათთვის ადგილობრივი ბაზრების ხელმისაწვდომობის მხარდაჭერაა, რაც თავისთავად გაზრდის ადგილობრივი დივერსიფიცირებული პროდუქციის წარმოებას.

გამოფენა-ბაზრობაში მონაწილეობით მოქალაქეები დაადასტურებენ, რომ ისინი მხარს უჭერენ სასურსათო სუვერენიტეტს, მცირე მეურნეობების განვითარებასა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოების გაზრდას.

თქვენი რეკლამა