მცხეთაში სოკოს ბრიკეტების საწარმომ HACCP სერთიფიკატი მიიღო

სოკო, HACCP

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, სოკოს ბრიკეტების საწარმო შპს „ქართული სოკო“ 2016 წელს, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფოს ფინანასური დახმარებით შეიქმნა.

კომპანია ნედლეულს ძირითადად ადგილობრივი ფერმერებისგან ყიდულობს, დასაქმებული ჰყავს 45 ადამიანი და წლიურად აწარმოებს 120 000 სოკოს ბრიკეტს (2000 ტონა კომპოსტს), რომლიდანაც შესაძლებელია 500 ტონა სოკოს წარმოება.

ამჟამად პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე ხდება. 2017 წლის ივნისში, ფრანგულმა კომპანიამ „BUREAU VERITAS“-მა შპს „ქართულ სოკოს“ HACCP სერთიფიკატი მიანიჭა.

ეს შესაძლებელი გახდა USAID/REAP-ის და ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“ თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს USAID/REAP-ის და სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით და თანადაფინანსებით (50% – USAID/REAP, 30% – სააგენტო და 20%- კომპანია) ბენეფიციარ საწარმოებში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემების და სტანდარტების დანერგვას.

მოსალოდნელია, რომ სერტიფიცირების შედეგად შპს „ქართული სოკო“-ს პროდუქციის სანდოობის ხარისხი გაიზრდება, რაც გაამარტივებს ურთიერთობას ადგილობრივ სავაჭრო ქსელებთან და დაეხმარება პროდუქციას გაიმყაროს პოზიციები ბაზარზე.

USAID/REAP-ის და სააგენტოს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ამჟამად, USAID/REAP და სააგენტო 15 აგრობიზნესს უწევენ დახმარებას HACCP სისტემის და ISO 22 000 სტანდარტის დანერგვაში.

თქვენი რეკლამა