ჯიღაურას კოლექციას ხეხილის სხვადსხვა ჯიშის ნერგები შეემატება

ჯიღაურას სანერგე

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს სამუშაო ვიზიტით ესპანური სანერგე კომპანიის  „La Encina“ მფლობელი ხუარეს ფერერა ესტუმრა.

ესპანელ სტუმარს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა მეხილეობისა დამემცენარეობის მიმართულებებით ერთობლივი სამეცნიერო კვლევების წარმოების, ასევეერთობლივი პროექტების განხორციელება განიხილეს და თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი  სანერგე მეურნეობა „La Encina“ გამორჩეულია ხეხილოვანი, კაკლოვანი და ციტრუსოვანი კულტურების, აგრეთვე აგროსატყეო და დეკორატიული მცენარეების ნერგების ფართო სპექტრით.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სანერგე კომპანიის „La Encina“ მფლობელმა, ხუარეს ფერერამ სოფელ ჯიღაურაში  მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო იქ მიმდინარე კვლევებს.

როგორც ხუარეს ფერერამ განაცხადა, ესპანური კომპანია სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს უსასყიდლოდ გადასცემს ხეხილისა და ციტრუსოვანი კულტურების ნერგების კოლექციას, რომელთა უმეტესობაც საქართველოსთვის ახალ ჯიშებს წარმოადგენს.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის, ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, ახალი ჯიშის ნერგები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სადემონსტრაციო ნაკვეთებზე (ჯიღაურა, ანასეული და სხვ) გაშენდება.

თქვენი რეკლამა