იყალთოში ქვევრის ღვინის მე-4 სიმპოზიუმი გაიხსნა

ქვევრი, ღვინო

ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი, იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემიაში გაიხსნა. ღონისძიება ორდღიანია და ის ასოციაცია „ქართული ღვინო”-ს ორგანიზებით იმართება.

სიმპოზიუმი მისასალმებელი სიტყვით ალავერდის მიტროპოლიტმა აბბა დავითმა გახსნა.

„ქვევრის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმი 2011 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. წლევანდელი მე-4 სიმპოზიუმი იმათაა გამორჩეული, რომ მის ფარგლებში პირველად ტარდება ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი. ვიმედოვნებთ, რომ ეს სიახლე გააჩნეს სამომავლოდ საფუძველს, რომ ქვევრის სიმპოზიუმი  ჩატარდეს ევროპის მეღვინეობის ტრადიციის მქონე რომელიმე ქვეყანაში და დიდ საერთაშორისო კონკურსებზე გაჩნდეს „ქვევრის ღვინის კატეგორია” – სწორედ ამით არის წლევანდელი მე-4 სიმპოზიუმი მნიშვნელოვანი” – აღნიშნა მიტრიპოლიტმა.

შეკრების მონაწილეებს ასოციაცია „ქართული ღვინო”-ს აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი მიესალმა. მისი თქმით, სიმპოზიუმის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საფრანგეთის ქალაქ ბორდოს ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში ტარდება გამოფენა სახელწოდებით „საქართველო ღვინის აკვანი”.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის დიდი მიღწევა, რომ საფრანგეთში ოთხი თვის მანძილზე გაიმართება გამოფენა „საქართველო – ღვინის აკვანი. ამაში დიდი წვლილი სწორედ გასულ წლებში ჩატარებულმა ქვევრის ღვინის სიმპოზიუმმა შეიტანა. ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში უკვე დგას ქართული ქვევრი, სადაც მითითებულია რომ ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგია „იუნესკოს” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია – ეს ქვევრი ცენტრში იქნება მუდმივად და ყველა დამთვალიერებელი, პირველად რასაც დაინახავს – ეს იქნება ქართული ქვევრი, რაც ძალიან დიდი მიღწევა და აღიარებაა” – აღნიშნა თინა კეზელმა.

სიმპოზიუმის პირველი დღე 4 სამეცნიერო სესიას დაეთმო. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა მოხსენება წაიკითხა თემაზე: ქვევრის ღვინო და საქართველოს განახლებული კანონმდებლობა.

3 სექტემბერს სიმპოზიუმის ფარგლებში 5 სამეცნიერო სესია გაიმართება, ხოლო დასკვნით ნაწილში მოხდება ქვევრის ღვინის კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა და საზეიმო დაჯილდოება.

სიმპოზიუმის ორგანიზატორები და მხარდაჭერები არიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ასოციაცია ,,ქართული   ღვინო” და ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი.

ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო  კონკურსის ჟიური წარმოდგენილია ქართველი და უცხოელი პროფესიონალებით, მათ შორისაა ცნობილი ამერიკელი ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი.

ქვევრის ღვინის  მე-4  საერთაშორისო  სიმპოზიუმში  მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, ღვინის ექსპერტები, მაგისტრები, სომელიეები და ჟურნალისტები იღებენ. მონაწილეებს საშუალება აქვთ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და შეხედულებები ქვევრის ღვინის, ღვინის და კულინარიის დარგში მიმდინარე ტენდენციების და გამოწვევების შესახებ.

ქვევრის სიმპოზიუმი საქართველოში 2011 და 2013  წლებში ჩატარდა.

პირველ სიმპოზიუმის შედეგად დადგა საკითხი, UNESCO-ს მიერ, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანის შესახებ, რაც როგორც ცნობილია წარმატებით დაგვირგვინდა.

თქვენი რეკლამა

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.