ევროკავშირის 12 მლნ. ევრო სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის

24 იანვარს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის  (FAO) წარმომადგენელი საქართველოში რაიმუნდ იელე ევროკავშირის (EU) მიერ მხარდაჭერილი €12 მილიონიანი პროექტის შეთანხმებას მოაწერენ ხელს.

პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება და ხელშეწყობა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მესამე ფაზის ფარგლებში განხორციელდება.

პროექტი ითვალისწინებს FAO-ს მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერას ეფექტური პოლიტიკის შემუშავებასა და „სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის” განხორციელებაში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის საპილოტე სასოფლო-სამეურნეო პროგრამა, მათ შორის, განხორციელდება გრანტების გაცემა ფერმერების, კოოპერატივებისა და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

პროექტის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრებიან ევროკავშირის (EU) დელეგაციის ატაშე, პროგრამის მენეჯერი კრისტინა კასელა და  გაეროს მუდმივი კოორდინატორი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს.

პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზები მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში.

თქვენი რეკლამა