ევროკავშირი ახალქალაქში სოფლის განვითარების ახალ პროექტს იწყებს

სოფელი

ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში აგრძელებს სოფლის განვითარების მხარდაჭერას საქართველოში. 19 აპრილს, ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაცია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ახალ პროექტს ოფიციალურად გახსნის.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ეკატერინე ზვიადაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე, გარემოსა და სოფლის განვითარების პროგრამის მენეჯერი, ალვარო ორტეგა აპარიციო, GIPA-ს სოფლის განვითარების დეპარტამენტის (GRDD) ხელმძღვანელი, ნანა ქაშაკაშვილი და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები.

აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები,  სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, კერძო, არასამთავრობო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი  (GRDD/GIPA) ახორციელებს პროექტს “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში”. პროექტის პარტნიორები არიან მერსი ქორფსი, ELVA საზოგადებრივი ჩართულობა და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა (ირლანდია).

პროექტი მიზნად ისახავს ქვემოდან-ზემოთ მიმართული, ინკლუზიური გადაწყვეტილებების დანერგვას, რომელიც ახალქალაქის თემებისა და ადგილობრივ ჯგუფების სრულ ჩართულობას ითვალისწინებს. განსაკუთრებული აქცენტი ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობაზე გაკეთდება.

ევროკავშირი ხელს უწყობს, სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დახმარებით, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება.

2013-2019 წლებისათვის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო  პროგრამის (ENPARD) ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს.  პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას.

ღონისძიება გაიმართება 19 აპრილს, 13:30-16:00 ახალქალაქში, ჩარენცას 11/1 (ახალქალაქის კინო-თეატრის წინ).

თქვენი რეკლამა