ბუნებრივი ღვინის დღე აღინიშნა

ბუნებრივი, ღვინო

ბუნებრივი ღვინის ასოციაციამ, ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და GIZ-ის „სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარებისა და პროფესიული განათლების პროგრამასთან” (PSDTVET) ერთად „ბუნებრივი ღვინის დღე“ აღნიშნეს.

ღონისძიების მიზანი იყო ყურძნის და ღვინის მწარმოებლების გაძლიერება, მათი წარმოებისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება, ბიო-ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის მარნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ღვინის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდა. GIZ PSD TVET-სა და ბუნებრივი ღვინის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრები, ასევე,  დარგის ექსპერტები, ღვინის ეროვნული სააგენტოს, GIZ-ის და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები. მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ღვინის სექტორისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა “ვენახების ეროვნული კადასტრი” და “ახალი ვენახის დაგეგმვა და განვითარება”.

ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ვენახების და ღვინის წარმოების მართვისა და კონტროლისთვის საჭირო, განახლებადი საინფორმაციო სისტემის შექმნას, რომლის ძირითადი მიზანია ყურძნის და ყურძნისეული პროდუქტის მონიტორინგი. საქართველოს ვენახების ეროვნული კადასტრის შექმნა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხის და კონკურენტიანობის გაზრდას მსოფლიო ღვინის ბაზარზე, უზრუნველყოფს რთველის პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალედ ჩატარებას.

აღნიშნული პროცესი მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს საერთაშორისო გამოცდილებასა და ჰარმონიზებული უნდა იყოს ევროკავშირში მოქმედ კანონმდებლობასთან. გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, ვენახების ეროვნული კადასტრის პროგრამის განხორციელებაში CIM-ის ინტეგრირებული ექსპერტი ანა ლუჟი ჩაერთო.

კადასტრის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა საქართველოს ვენახების კადასტრის აგებისა და ფუნქციონირების კონცეფცია, დამუშავდა საკადასტრო დოკუმენტების ნაკრები, შეირჩა მონაცემთა ელექტრონული ბაზა, სადაც თავს მოიყრის საკადასტრო ინფორმაცია. საქართველოში ანალოგიური სისტემა აქამდე არ არსებობდა.

ვენახების კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული. საკადასტრო ბაზის არსებობა აუცილებელია ვენახების აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გადაწყვეტილებების მისაღებად, რთველის პროცესის სწორად დასაგეგმად, ღვინის წარმოებისა და მისი მოძრაობის მონიტორინგისთვის, ზოგადად მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს რეგულირებისათვის.

ღონისძიება გაიმართა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლების პროგრამა სამხრეთ კავკასიაში“ მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ღვინის, ტურიზმისა და მშენებლობის სფეროში კერძო სექტორისა განვითარებასა და პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესებას.

თქვენი რეკლამა