6,8 მლნ. ევრო მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობისთვის

მთა, ტურიზმი, ბიო

მთის საერთაშორისო დღეს ხელი მოეწერა საქართველოში მთის ტურიზმის და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპულ პროექტს.

ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივი პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 6,8 მილიონ ევროს შეადგენს ზემო სვანეთის, რაჭა – ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და იმერეთის განვითარებას შეუწყობს ხელს.

მთის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას პროექტის „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი მთის ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)“ დასაწყებად.

პროექტი ითვალისწინებს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, მათი პროფესიონალიზმის ამაღლების და მასშტაბების გაზრდის მიზნით. პროექტი ასევე  მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკისთვის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა  სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. პროექტის შემუშავება მოხდა  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში.

4 წლიანი პროექტი 2019 წელში დაიწყება და დაფინანსებულია ევროკომისიის (3 მილიონი ევრო) შვედეთის (2.8 მილიონი ევრო) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ (1 მილიონი ევრო). პროექტს  ავსტრიის განვითარების სააგენტო განახორციელებს 9 კაციანი გუნდის საშულებით, რომელიც მუდმივად იქნება განთავსებული მესტიასა და თბილისში.

სამთო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა ღონისძიებების განხორცილებას. მათ შორის, ადგილობრივი მიმწოდებლებისთვის ტურისტული სერვისების მიწოდების ეროვნული ხარისხის სტანდარტებისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებას.

შემუშავებული სტანდარტების საფუძველზე სასტუმროებისა და სამთო/სამოგზაურო გიდების სერტიფიცირებას. პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება გამოცდილების გაზიარება ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე,  სამთო/სამოგზაურო  გიდების  და სასტუმროების მესაკუთრეების შესაძლებლობების განვითარება, სასწავლო მიზნებისთვის საჩვენებელი სამთო სასტუმროს შექმნა.

ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების ფარგლებში პროქტი ითვალისწინებს საქართველოს ორგანული სოფლის მეურნეობის კანონმდებლობის ჰარმონიზებას ევროკავშირის ორგანულ სოფლის მეურნეობის კანონმდებლობასთან,  შიდა კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებას, სერტიფიცირების სააგენტოების და აგრო-საკონსულტაციო მომსახურების მიმწოდებლების შესაძლებლობების განვითარებას, ორგანული სოფლის მეურნეობით დაკავებული ან დაინტერესებული ფერმერული კოოპერატივების გაძლიერებას, ასევე, საკონსულტაციო მომსახურების განვითარების ხელშეწყობას და ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორში  მწარმოებლებს, მიმწოდებლებსა და გამყიდველებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა აღინიშნა „ევროკაშირი დარწმუნებულია საქართველოს მთიანი რეგიონების მაღალ პოტენციალში. პროექტი ხელს შეუწყობს მთიანი რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას და შემოსავლის ზრდას და, ამავდროულად დაიცავს მათ ბუნებრივ სილამაზეს და კულტურულ მემკვიდრეობას. მადლობელი ვარ რომ ამ სფეროებში დიდი გამოცდილების მქონე ევროკაშირის წევრი ორი ქვეყანა  – შვედეთი და ავსტრია ევროკავშირთან ერთად, გაერთიანებული ძალებით შეუწყობს ხელს საქართველოს მთიანი რეგიონების მდგრად განვითარებაში“.

შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი აღნიშნავს: „შვედეთი ამაყობს საქართველოს მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარებისთვის ერთობლივი პარტნიორობის დაწყებით, რომელიც ხელს შეუწყობს მზარდი ტურიზმის პოტენციალის და ორგანული სოფლის მეურნეობის შემდგომ განვითარებას. ეს მნიშვნეელოვანი პროექტი არის ნაწილი შვედეთის ფართომასშტაბიანი დახმარების, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს რეფორმებს ევროინტეგრაციის გზაზე, საქართველოში ინკლუზიურ ზრდას, გენდერულ თანასწორობას და სიღარიბის დაძლევას“.

ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ ხაზი გაუსვა: „ამ პროექტით გვეძლევა  დიდი შესაძლებლობა რომ ვისწავლოთ ერთმანეთისაგან და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ევროპაში საქართველოსადმი, როგორც სამთო ტურიზმის დანიშნულების ადგილისადმი უკვე არსებული მზარდი ინტერესი. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს საქართველოსადმი, როგორც ორგანული პროდუქტების ექსპორტიორი ქვეყნისადმი ინტერესის ზრდაც“.

პროექტის შემუშავება მოხდა 49 მილიონი ევროს ღირებულების ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებას ისახავს მიზნად. პროგრამის ხელმოწერა მოხდა 21 ნოებერს ბრიუსელში, მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში. შეთანხმება ითვალისწინებს  ევროკავშირის და საქართველოს მჭიდრო თანმშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბიზნესისთვის  სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესება, თანამედროვე ფინანსური სერვისების განვითარება და ინოვაციური ბიზნეს მოდელების შემუშავება.

თქვენი რეკლამა