ბიზნეს იდეების რეგისტრაცია დაიწყო

ბიზნესიდეები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ახალი ეტაპი იწყება.

15-დან 31 მაისის ჩათვლით ბიზნეს იდეების რეგისტრაცია ვებ-გვერდზე: www.qartuli.ge იქნება შესაძლებელი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება ყველა იმ ადამიანს  შეეძლება, ვისაც ახალი ბიზნესის წამოწყება ან არსებული ბიზნესის გაფართოება-გადაიარაღება სჭირდება.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა მოიცავს ორ ძირითად ეტაპს:

1) ბიზნეს იდეების წარდგენა, რომელიც 2017 წლის 15 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, წარმოადგინონ ბიზნეს იდეის განაცხადი ონლაინ ვებ-გვერდზე: www.qartuli.ge რის შემდეგაც მოხდება საუკეთესო ბიზნეს იდეების ავტორების გამოვლენა.

გამარჯვებულებს ჩაუტარდებათ ტრეინინგი მეწარმეობის შესახებ, რომელიც მოიცავს ბიზნეს გეგმის მომზადების საკითხებსაც;

2) შემდგომი ეტაპი ბიზნეს გეგმის წარდგენას მოიცავს, სადაც მონაწილეებმა განაცხადი ისევ ვებგვერდზე: www.qartuli.ge უნდა შეავსონ, რის შემდეგაც გამოვლინდებიან საუკეთესო ბიზნეს გეგმების ავტორები.

სწორედ ბიზნეს გეგმების კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული მონაწილეები მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებულ თანადაფინანსებას და ჩაუტარდებათ როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ტრეინინგები.

დაფინანსების მექანიზმი შემდეგნაირია:

  • ერთი მეწარმე სუბიექტი

თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 5 000 ლარი;

  • ორი მეწარმე სუბიექტი

თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 10 000 ლარი;

  • სამი მეწარმე სუბიექტი

თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 15 000 ლარი.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, თუ ის აკმაყოფილებს შემდგომ კრიტერიუმებს:

  • არის საქართველოს სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული) მოქალაქე;
  • არ არის საჯარო მოხელე;
  • არ გააჩნია მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე;

კონკურსებში გამარჯვების შემთხვევაში, განახორციელებს მინიმუმ 20%-იან თანხობრივ თანამონაწილეობას; მზად არის ბიზნეს გეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, რომელსაც მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გარდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა.

რეგისტრაციის ბმული http://mbs.enterprise.gov.ge/Account/Login

თქვენი რეკლამა