მომთაბარე კახური ღორის აღდგენის პირველი შედეგები

ღორი, კახური

გადაშენების პირზე მყოფი მომთაბარე კახური ღორის აღდგენის პირველი შედეგები.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში შეიქმნა კახური ღორის პირველი რიგის რეპროდუქტორი, სადაც გამოყენებულია ხალასი მოშენების მეთოდი, გამოირიცხა ნათესაური შეწყვილება, რითაც აცილებული იქნა ინბრედული დეპრესიის მოვლენები. 

კახური ღორის მოშენებით დაინტერესდნენ ესპანელი ბიზნესმენები, რომელთანაც სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივი რეპროდუქტორის შექმნას 300 ძირითად ნეზვზე, რომელიც საჯიშე კერატებითა და ნეზვებით მოამარაგებს მომთაბარე მეღორეობის ზონაში განთავსებულ ფერმერულ მეურნეობებს, რომლებიც გათვლილია არანაკლებ 900 ძირითადი ნეზვის მოშენებაზე.

მომთაბარე კახური ღორი ერთადერთი ჯიშია, რომელიც მიღებულია ევროპული გარეული ღორის კავკასიური პოპულაციის (შუს სცროფა ატილა) პირდაპირი მოშინაურების შედეგად, რასაც ამტკიცებს ჩვენს მიერ ჩატარებული სამეცნიერო გამოკვლევები კრანიოლოგიაში, იმუნოგენეტიკასა და კარიოსისტემატიკაში.

კახური ღორი გარეგნულად (ფენოტიპურად) ძლიერ მიაგავს თავის გარეულ წინაპარს. იგი ისევე როგორც მისი გარეული წინაპარი გოჭებს ზოლიანს ბადებს, რომელიც 3-4 თვის ასაკში ქრება. კახური ღორი ადგილობრივი მომთაბარე ტიპის უძველესი ცხოველია, რომელიც საუკეთესოდ არის შეგუებული მთისა და ბარის პირობებს.

ჯიშთა კლასიფიკაციით მიეკუთვნება ევროპული ძირითადი ჯიშების მოკლეყურა ღორების ქვეჯგუფს, ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს მთავარი კავკასიონის სამხრეთ კალთებზე განლაგებული ნაყოფისმომცემი ტყეების ზონაში, რომლის ფართობი დაახლოებით 250 კვ.კილომეტრია, რაც საშუალებას იძლევა ყოველწლიურად გავასუქოთ 100-200 ათასამდე ცხოველი მცირე დანახარჯებით.

კახური ღორი გვიანმწიფადია, ცოცხალი მასა 100-110 კილოგრამი, ნაყოფიერება 5-8 გოჭი, სხეულის სიგრძე – 100 სმ, გულმკერდის ირგვლივა 100-105 სმ, სიმაღლე მინდაოში 65 სმ, მერძეულობა 28-30 კგ, ტანხორცის წონიდან მისი სუფთა ხორცის გამოსავალი 63%-ია, რითაც იგი ღორის ცნობილ ჯიშებს უტოლდება.

დადებითი თვისებიდან აღსანიშნავია: მკვრივი კონსტიტუცია, საკვების ძიებისა და საძოვრის გამოყენების უნარი, ჯოგური ინსტინქტი, ამტანობა, გამძლეობა და ხორცის მაღალი ხარისხი.

კახურ ღორში შეინიშნება შებუსვის ორი ტიპი: გრუზა და ლაგაზა, გრუზა – ხშირი ხუჭუჭა ჯაგრით, ლაგაზა – სწორი ხისტი ჯაგრით.

2007 წლის მაისიდან საქართველოში დაფიქსირებული აფრიკული ცხელების ეპიდემიამ გადაშენების პირზე მიიყვანა კახური ღორი. მის აღსადგენად და მოსაშენებლად სამუშაოებს ეწევა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. ექსპედიციური გამოკვლევების შედეგად ჩვენს მიერ მოძიებული იქნა კახური ღორის ტიპიური ინდივიდები, რომელთაგან საუკეთესოები შეძენილი და გადაყვანილი იქნა ცენტრის მეღორეობის საცდელ ფერმაში.

შეძენილია ერთი ტიპიური კერატი და ერთი საკერატე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში არსებულ ელკანას მეურნეობიდან, ორი ნეზვი და 5 გოჭი – დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლასქედიდან, ხოლო ორი ტიპიური ნეზვი ახმეტის მუნიციპალიტეტის პანკისის ხეობაში არსებულ სოფელ დედისფერულიდან (კაკლიანი). ამჟამად ფერმაში სულ არის 48 ღორი, მ.შ. ორი კერატი. 5 ნეზვი, 27 სხვადასხვა ასაკის ბურვაკი და 14 ძუძუთა გოჭი. ამ სულადობაზე მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები.

ფენოტიპურ მაჩვენებლებთან ერთად შეისწავლება ნეზვების ნაყოფიერება, მსხვილნაყოფიერება, მერძულობა, მოზარდის ზრდის დინამიკა, კონსტიტუცია, ექსტერიერი და სხვა. კოლტის მოსამრავლებლად ვიყენებთ ხალასი მოშენების მეთოდს და ხელზედაგრილებას, გამოვრიცხავთ ნათესაურ შეწყვილებას და მისთან მხლებ ინბრედული დეპრესიის მოვლენებს, ხოლო წარმოებაში რეკომენდაციას ვაძლევთ მომთაბარე მეღორეობის ინტენსიურ ფორმას.

2016 წელს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის დეპარტამენტში მოვახდინეთ კახური ღორის მოშენების ეკონომიკური ეფექტურობის გაანგარიშება ერთ ძირითად ნეზვზე. ეკონომიკური გათვლები შესრულებული იქნა ორი მიმართულებით: სტაციონალურ პირობებში – თელეთის მეღორეობის ფერმის მაგალითზე და მომთაბარე პირობებში.

სტაციონალურ პირობებში ერთ ნეზვზე საკვების დანახარჯმა წლის განმავლობაში შეადგინა 1187 ლარი, საკვების დანახარჯმა გოჭების დამატებით გამოკვებაზე – 4244 ლარი, სხვა დანახარჯებმა 330 ლარი, ხოლო სულ დანახარჯმა ერთ ნეზვზე – 5761 ლარი. ერთი კილოგრამი ცოცხალი მასის თვითღირებულებამ შეადგინა 6.5 ლარი. ერთ ნეზვზე წლიური შემოსავალი არის 5915 ლარი, წმინდა მოგება სტაციონალურ პირობებში იყო154 ლარი, რენტაბელობა კი მხოლოდ 2.7%-ია.

მომთაბარეობის პირობებში საკვების დანახარჯი ერთი ნეზვის გამოკვებაზე შეადგენს 300 ლარს, იგივე ციფრი იქნა მიღებული ნამატის დამატებით გამოკვებაზე, სხვა დანახარჯები 20 ლარია, სულ ხარჯი ერთ ნეზვზე – 620 ლარი. ერთი კილოგრამი ცოცხალი მასის თვითღირებულებამ შეადგინა 1.19 ლარი, სულ წლიური შემოსავალი ერთ ნეზვზე იყო 3120 ლარი. წმინდა მოგება ერთ ნეზვზე მომთაბარეობის პირობებში შეადგინა 2500 ლარი, რენტაბელობამ გვიჩვენა ძალიან მაღალი შედეგი – 403%.

ძალიან საინტერესო იყო გაგვეცა პასუხი კითხვაზე, რა შემოსავალს მოუტანს ნაყოფის მომცემი ტყის მასივები მომთაბარე მეღორეობით დაკავებულ მოსახლეობას? ჩვენი მიახლოებით გაანგარიშებით აღმოჩნდა, რომ როდესაც კახური ღორის სულადობა ქვეყანაში მიაღწევს საპროექტო სიმძლავრეს, ანუ რისი უზრუნველყოფაც შეუძლია ტყის მასივებს, მოსახლეობა მიიღებს არანაკლებ 35 მილიონი ლარის სუფთა მოგებას.

მომავალში ძალიან პერსპექტიულია მოეწყოს სამონადირეო ტურისტული მეურნეობები, ვინაიდან კახური ღორი გარეული ღორის თითქმის იდენტურია, რაც ამ ციფრს მნიშვნელოვნად გაზრდის.

გასულ წლის სექტემბრიდან სამეცნიერო-კვლევით ცენტრს ესტუმრენ ესპანელი ბიზნესმენები, რომელთა ვიზიტის მიზანი იყო კახური ღორის მოშენება, საქართველოს ნაყოფისმომცემი ტყეების გამოყენება და მაღალი საგემოვნო თვისებების მქონე ეკოლოგიურად სუფთა ხორცის წარმოება, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ბაზრებისათვის. იგეგმება ერთობლივი პროექტის განხორციელება.

ესპანელების მოწვევით 2015 წლის 22-27 ნოემბერს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები ვიმყოფებოდით ესპანეთში `დერაზა იბერიკოს~ ფერმაში, ადგილზე გავეცანით ღორის ხორცის წარმოების და გადამუშავების ტექნოლოგიურ პროცესებს, ბაზრის მოთხოვნებს და პროდუქციის რეალიზაციის სისტემებს..

„deraza ibérico“-ს და სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის 2016 წლის 11 იანვარს გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ესპანელებმა წარმოადგინეს მრავალწლიანი სამუშაო პროგრამა (9 წელი), რომელიც დამთავრდება 2024 წელს.

მუშაობის სქემა შედგება ოთხი ბლოკისაგან: პირველი ბლოკი ითვალისწინებს კახური ღორის რეპროდუქტორის შექმნას 300 ძირითად ნეზვზე, რომლებიც კერატებითა და ნეზვებით მოამარაგებს მეორე ბლოკით გათვალისწინებულ ფერმებს (დაახლოებით 9 ფერმა), სადაც მომთაბარეობის პირობებში მოშენდება 900 ძირითადი ნეზვი, მესამე ბლოკი ითვალისწინებს ნაყოფისმომცემ ტყეებში გასუქებული სულადობის გაყიდვას, დაკვლას, ხორცპროდუქტების გადამუშავებას, ქართული ხამონის დამზადებას, მეოთხე ბლოკში გათვალისწინებულია პროდუქციის რეალიზაცია ქვეყნის შიგნით და გარეთ.

მთელ ამ პროცესში ორგანიზაციულ და სამეცნიერო სასელექციო სამუშაოებს, ცხოველთა პროფილაქტიკას და მკურნალობას უხელმძღვანელებს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

ავტორები: ლევან უჯმაჯურიძე როლანდ მიტიჩაშვილი ცისანა ქილიფთარი

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. შრომების კრებული/წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი.

იხილეთ აგრეთვე: კახური ღორი და მისი ძირითადი მახასიათებლები

თქვენი რეკლამა