მევენახეობა-მეღვინეობა აჭარაში

მევენახეობა, მეღვინეობა, აჭარა

საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონებს შორის აჭარა და კონკრეტულად კი მთიანი აჭარა საკმაოდ პერსპექტიული ადგილია. მართალია, მიზეზთა გამო ამ ადგილას ვაზისა და ღვინის კულტურა შეფერხებული იყო, მაგრამ ძველად აჭარაში ვაზსა და ღვინოს ფესვი ძლიერად ჰქონია გადგმული.

მევენახეობა-მეღვინეობის ამჟამინდელი მდგომარეობა ზემო აჭარაში შეიძლება ითქვას, რომ სავალალოა, არადა საქართველოს ამ ულამაზეს მხარეში ჩვენს წინაპრებს ძველთაგანვე ათეულობით ვაზის ჯიში ჰქონდათ გამოყვანილი.

„საქართველოს ამპელოგრაფიაზე“ დაყრდნობით, რომელიც 1960 წელსაა გამოცემული, აჭარაში შემდეგი ვაზის ჯიშები გვხვდება: ალმურა თეთრი (თეთრი), ალმურა შავი (წითელი), ახალაკი (წ.), ბათომურა (წ.), ბაღის ყურძენი (თ.), ბროლა (თ.), ბურძღალა (წ.), ბუტკო (წ.), გორგოული (თ.), ვაიოს საფერავი (წ.), თეთრა (თ.), თურვანდი (თ.), კაიკაციშვილისეული თეთრი (თ.), კვირისთავა (თ.), კიბურა (ვარდისფერი), კირწითელა (წ.), კორძალა (წ.), ლივანურა თეთრი (თ.), ლივანურა შავი (წ.), მაგარა (წ.),მათენაური (წ.), მეკრენჩხი (წ.), მორცხულა (წ.), მწვანურა (თ.), მწვანე აჭარული (თ.), ორჯოხული (თ.), პოვნილი (წ.), სალიკლევი (წ.), საფერავი აჭარული (წ.), საწურავი (წ.), სხალთური (წ.), ტყის ვაზი (წ.), ტყის ყურძენა (წ.), ქორქაულა (წ.), შავშურა (თ.), შიშველი (წ.), ჩიტისთვალა აჭარული (წ.), ცვითე (თ.), ცხენისძუძუ აჭარული (წ.), წვიტე (თ.), ჭეჭიბერა (თ.), ჭიპაკური (წ.), ხარისთვალა აჭარული (წ.), ჭოდი (წ.), ჯავახეთურა (თ.), ჯინეში (წ.).

ამ მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ აჭარაში ჩვენ ვხვდებით ადგილობრივი ვაზის ჯიშების დიდ მრავალფეროვნებას. კერძოდ 44 ჯიშს, რომელთაგანაც 27 ჯიში წითელყურძნიანია, 16 ჯიში – თეთრყურძნიანი, ხოლო 1 კი ვარდისფერყურძნიანი. ჩამოთვლილ ჯიშთაგან წითელყურძნიანი ჯიში “კორძალა” გურიისა და აჭარის რეგიონების საერთო ჯიშად ითვლება.

ასევე საინტერესოა ისიც, რომ აჭარულ ვაზის ჯიშებში ჩვენ ვხვდებით 8 ჯიშს, რომელთა ყვავილები ფუნქციონალურად მდედრობითი სქესისაა, ესენია: ბათომურა – წითელყურძნიანი ვაზის ჯიში; ბროლა – თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში; ჩიტისთვალა აჭარული – წითელყურძნიანი ვაზის ჯიში; ლივანურა თეთრი – თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში; ქორქაულა – წითელყურძნიანი ვაზის ჯიში; ჭეჭიბერა – თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში და ჯინეში – წითელყურძნიანი ვაზის ჯიში.

გარდა ამისა, აჭარული ვაზის ჯიშთა ჩამონათვალში გვხვდება, როგორც საღვინე, ისე სასუფრე ჯიშები, ამასთან არაერთიც. სასუფრე ვაზის ჯიშებია, მაგალითად: ხოფათური (სასუფრე და საღვინე). ეს ჯიში მ. რამიშვილის წიგნის – „გურიის სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშების“ მიხედვით, რომელიც 1943 წელშია გამოცემული, აჭარული ვაზის ჯიშთა ჩამონათვალშია შეტანილი, ხოლო „საქართველოს ამპელოგრაფიის“ მიხედვით, რომელიც 1960 წელში ნიკო კეცხოველის რედაქციით გამოიცა, იგი რაჭულ ჯიშად მოიხსენიება…

ასევე აჭარულ სასუფრე ჯიშებში შედის შემდეგი ვაზის ჯიშები: კაიკაციშვილისეული თეთრი, თეთრა (სასუფრე და საღვინე), ლივანურა თეთრი, შავშურა, ჯავახეთურა, ბათომურა, ცხენისძუძუ აჭარული, მტრედისფეხა (სასუფრე და საღვინე), მახათური (სასუფრე და საღვინე), მეკრენჩხი, ლივანურა შავი, მათენაური, ჯინეში, ჭოდი და სხვ.

სწორედ ამ მონაცემთა მიხედვით, აჭარის რეგიონი, როგორც უკვე აღინიშნა, ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. თუმცა, როგორც მევენახეობა-მეღვინეობის თითქმის ყველა რეგიონში, ამჟამად აქაც ორი-სამი ძირითადი ჯიშია გავრცელებული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი აჭარაში უმეტესად ჩხავერი და ცოლიკოურია გავრცელებული. ძალზე იშვითად ვხვდებით ასევე, რომელიმე ადგილობრივ ჯიშსაც ერთეული, ან მცირე ნარგაობის სახით.

აჭარის მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ მეტად საინტერესო ცნობებს ვკითხულობთ წიგნში – “გურიის, სამეგრელოს და აჭარის ვაზის ჯიშები”. მ. რამიშვილი. (თბილისი, 1948 წ.), სადაც განხილულია, როგორც ადგილობრივი ნიადაგები, ისე მევენახეობისა და მეღვინეობის საკითხებიც. ამავე წიგნიდან ვიგებთ, რომ ზემო აჭარაში ადგილობრივი ვაზის ჯიში საწურავი (საწური) ფართოდ ყოფილა გავრცელებული.

წიგნში ასევე ვკითხულობთ, რომ მთიან აჭარაში და კონკრეტულად ქედაში გაშენებული ყოფილა ადგილობრივი ვაზის ჯიშების საკმაოდ კარგი საკოლექციო ამპელოგრაფიული ნაკვეთი, რომელიც ამჟამად სამწუხაროდ აღარ არსებობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქობულეთში, სოფელ გვარაში ამ ორიოდე წლის წინ გაშენდა ახალი, თანამედროვე ამპელოგრაფიული ნაკვეთი, სადაც თავმოყრილია არა მხოლოდ აჭარის ვაზის ჯიშები.

შედარებით ვრცლად შევეხოთ აჭარის წითელყურძნიან საღვინე ვაზის ჯიშს – საწურავს. (უნდა ითქვას, რომ ამ ჯიშს მოიხსენიებენ ასევე მეორე სახელითაც – საწური).

აღნიშნული ჯიში ფილოქსერასა და სოკოვანი დაავადებების გავრცელებამდე შუა და ზემო აჭარის რაიონებში ფართოდ ყოფილა გავრცელებული. ამიტომაც მართებულად მიგვაჩნია, რომ მოხდეს მისი კვლავ გამრავლება და გავრცელება. ცხადია, ცოლიკოურიც და ჩხავერიც უნიკალური ჯიშებია, მაგრამ მიგვაჩნია, რომ აჭარაში უპირატესობა უძველეს აჭარულ ჯიშებს უნდა მიეცეს.

ერთ-ერთი ასეთი ჯიში სწორედ საწურავია, რისგანაც მზადდება, როგორც მაღალხარისხიანი მუქი წითელი შეფერილობის ღვინო, ისე მაღალხარისხიანი ყურძნის წვენიც. იქიდან გამომდინარე, რომ მის ღვინოს აქვს საკმაოდ ინტენსიური შეფერვა, მისგან შესაძლებელია დაყენდეს საზედაშე, საბარძიმე ღვინოც. საწურავის ფორმირება შესაძლებელია, როგორც მაღლარად, ისე დაბლარების სახითაც.

იგი საკმაოდ უხვმოსავლიან ჯიშად ითვლება და მისი ჯიშობრივი მახასიათებლები ასეთია: სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით ჯიში მეტ გამძლეობას იჩენს სოკოვანი დაავადებების მიმართ.

მისი ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდია, რომელიც უპირატესად ღრმადაა დანაკვეთული. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებურადაა შებუსული. საწურავის ყვავილი ორსქესიანია, ხოლო მტევანი ცილინდრულ-კონუსური, ან ცილინდრული და ამასთან ძლიერ მკვრივი, კუმსი, ხოლო იშვიათად – საშუალო სიმკვირივსა. მის მტევნებს ხშირად ახასიათებს „მხრები“, უპირატესად 2, ხოლო იშვიათად კი 3 მხარი. მარცვლები მუქი წითელია და საშუალოზე მსხვილი. მოყვანილობით ოვალურია, ხოლო ზოგჯერ მომგრვალო. საწურავის მარცვლები მეტად წვნიანი და თხელკანიანია.

ქედის რაიონში მისი სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტების გამოსვლიდან ფოთოლცვენამდე 242 დღეა. ჯიშს ყვავილობა ივნისის დასაწყისში ეწყება და თვის შუა რიცხვებში უმთავრდება. საწურავი ძლიერი ზრდის ჯიშია და განსაკუთრებით ძლიერ ვითარდება დაბლარად ფორმირებული ვაზები. ჯიში სრულ მსხმოიარობაში მეხუთე წელს შედის და აქვს უხვი მოსავალი.

უნდა აღინიშნოს, რომ საწურავის მტევანში მარცვლები არათანაბრად მწიფდება, რაც მისი დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა. მისი მოსავლის ხარისხი სამხრეთის ფერდებზე გაცილებით მაღალია.

რაც ასევე მეტად მნიშვნელოვანია, ჯიში თითქმის არ განიცდის ზამთრისა და გაზაფხულის ყინვების უარყოფით გავლენას. (განსაკუთრებით გაზაფხულის წაყინვები მთიან აჭარაში არც თუ ისეთი იშვიათობაა). ყურძნის შაქრიანობა აღწევს 18-19%-ს, ამიტომაც ღვინო შედარებით დაბალ ალკოჰოლიანია. ამის გამო მისი ღვინის ხანგრძლივი დროით დაძველება რეკომენდებული არ არის, გარდა განსაკუთრებული წლებისა, როდესაც ყურძნის შაქრიანობამ შესაძლოა 20-22%- ს მიაღწიოს. თვითონ ყურძენი ცუდად ინახება.

ასე რიგად საწურავი (საწური) მეტად პერსპექტიულ ჯიშად მიგვაჩნია აჭარის რეგიონიასთვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ რეგიონში უპირატესობა მევენახეობის ბიომიმართულებას უნდა მიეცეს.

ასევე გასათვალისწინებელია სავენახე ფართობის ექსპოზიცია, ვაზის ფორმირება და მისი დატვირთვაც. ვფიქრობთ, რომ კარგი შედეგი უნდა მოგვცეს საწურავის ღვინის ქვევრებში დაყენებამ. საწურავის მცირე ვენახი ამჟამად შემორჩენილი აქვს სოფელ დანდალოში მცხოვრებ ზია მაისურაძეს, საიდანაც შესაძლებელია სანამყენე კვირტის აღება.

მართალია, აჭარაში ამჟამად ქვევრში ღვინის ქართულად დაყენების საქმე მიზეზთა გამო მინავლებულია, მაგრამ მაინც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ააშენეს მარნები და გააგრძელეს ჩვენი წინაპრების მიერ ჩვენამდე საკუთარი სისხლის ფასად მოტანილი საქმე – ღვინის ქართულად დაყენება!

ალბათ, რომ არ ყოფილიყო საფუძველი, ამ საქმის წამოწყება მეტად გართულდებოდა, მაგრამ უამრავი თვალსაჩინო მაგალითის მოტანაა შესაძლებელი, სადაც თვალნათლივ დავინახავთ აჭარის რეგიონის, როგორც უძველესი მევენახეობა-მეღვინეობის, ისე ახლო წარსულის კვალსაც. ასე, მაგალითად სოფელი ქაქუთი ზია ოქროპირიძის მარანი, სადაც 25 ქვევრი მოქმედებდა დაახლოებით 80 წლის წინ; ან, მაგალითად უძველესი (VI-XI სს) მარანი სოფელ კაპნისთავში, სადაც აჭარული მეღვინეობის უძველეს ნაშთებს თვალნათლივ ვხედავთ.

გარდა ამისა თანამედროვე მარნები, რომელთაგანაც ნამდვილ მარგალიტს წარმოადგენს სოფელი დანდალოში, ზურაბ ავალიანის მარანი, სადაც 19 ქვევრია ჩაფლული (მთლიანობაში დაახლოებით 8 ტონა); ამირან მახარაძის მშენებარე მარანი სოფელ ვარჯანისში; შოთა მიქელაძის მარანი სოფელ ნენიაში; მერაბ ჯაფარიძის მარანი სოფელ ახალშენში; გიორგი კახიძის მარანი ბათუმში; ვაჟა დავითაძის მშენებარე მარანი ბათუმში და სხვ.

უნდა აღინიშნოს, რომ  აჭარაში მევენახეობა-მეღვინეობის აღორძინების საქმეს დიდად უწყობს ხელს ოჯახში დაყენებული ღვინის ფესტივალი, რომელიც მეუფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ყოველწლიურად ტარდება ბათუმში. ჩვენ კი წარმატებას ვუსურვებთ აჭარელ ქართველობას და იმედს ვიტვებთ, რომ საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეში ვაზისა და ღვინის კულტურა კვლავაც გაგრძელდება და უფრო მეტად აღორძინდება.

ავტორი: გიორგი ბარისაშვილი

თქვენი რეკლამა